მაღალი შფოთვისა და მწირი ტალანტების ეპოქაში ბევრი ორგანიზაცია და ხელმძღვანელი ადამიანებს ძალიან ბევრს სთხოვს, მათზე ზეწოლას ახდენენ, რეალურად კი მათ თავს არაჯანსაღად და არასტაბილურად აგრძნობინებენ…
თუმცა ხშირად ძალიან ცოტასაც ითხოვენ, ვერ ამჩნევენ იმ უნარებსა და გამოცდილებას, რომელიც სამუშაოს ოფიციალურ მოთხოვნებს ან ტრადიციულ ბიზნეს ურთიერთობებს არ შეესაბამება. ეს კი ხელმძღვანელებს კოლეგებისა და მომხმარებლების ნიჭისა თუ მისწრაფებების გამოტოვებისკენ უბიძგებს. თუმცა მათთვის ამის შანსი რომ მიეცათ, ისინი აუცილებლად გაუზიარებდნენ… გამოდის, თქვენი ორგანიზაცია უფრო პროდუქტიული და წარმატებული რომ გახადოთ, ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული გზა მეტი ადამიანის მოწვევა იქნება, რათა კომპანიის წარმატებაში უფრო დიდი წვლილიც შეიტანონ.
აქ კი ერთი დამაინტრიგებელი ექსპერიმენტი უნდა განვიხილოთ — ბალტიმორის ხელოვნების მუზეუმმა დაცვის 17 თანამშრომელი აირჩია არა მხოლოდ იმისათვის, რომ ძვირფასი ნახატებისთვის თვალყური ედევნებინათ, ან ის როლები შეესრულებინათ, რომლებიც მათ სამუშაო აღწერილობაში შედის, არამედ საკუთარი გამოფენის კურატორობისთვის, რომლებიც მათ წარსულზე, გამოცდილებასა და მისწრაფებებზე ისაუბრებდა. შედეგად, გამოფენაზე „ხელოვნების დაცვა” წარმოდგენილი იყო ყველაფერი, დაწყებული 1872 წლის ნამუშევრიდან დამთავრებული ფანქრებისგან დამზადებული სკამით. ისინი მცველებმა აირჩიეს, რომლებმაც ისიც განსაზღვრეს, თუ სად უნდა გამოფენილიყო კონკრეტული ნამუშევრები. მათ ის ნახატები გამოავლინეს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში არ უნახავთ, რაც ამ ყველაფერს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.
მსგავსად, დაცვის თანამშრომლებმა ის ნამუშევრებიც წარმოადგინეს, რომლებიც აქამდე ხელმძღვანელებსაც კი არ შეუმჩნევიათ… მართალია, ამ 17 ადამიანის იდენტობა მათი უნიფორმითა და სამკერდე ნიშნით განისაზღვრებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათ ზუსტად ის უნარები, მისწრაფებები და გამოცდილება ჰქონდათ, რომელიც მუზეუმის მისიას პირდაპირ უკავშირდებოდა, მაგრამ აქამდე ეს დიდწილად გამოუყენებელი იყო…
„ჩვენ იმაზე გაცილებით მეტი ვიცით ნამუშევრების შესახებ, ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ“, — აცხადებს ერთ-ერთი მცველი.
საინტერესოა, მუზეუმის მცველის კელენ ჯონსონის მაგალითიც. მას ექვს სხვადასხვა ენაზე შეუძლია სიმღერა და მუზეუმის აკუსტიკასაც ხშირად ცდის… ხოლო, როცა გამოფენისთვის არჩეულ ნამუშევრებს დახედა, იკითხა: „ამ ნახატს რომ სიმღერა შეეძლოს, რა ხმა ექნებოდა?“. მცველი რონ კეპტონი კი პოეტია და მან ის ნამუშევრები აირჩია, რომლებიც ფრენკ ო’ჰარას პოეზიასთან იყო დაკავშირებული. სხვა მცველებიც მნიშვნელოვან უნარებს ფლობდნენ და მართალია, მუზეუმმა თავიდანვე ვერ მოახერხა მათი ნიჭის შესაბამისად გამოყენება, მაგრამ საბოლოოდ ეს მაინც შეძლო.
ანალოგიურად ხდება მომხმარებლების შემთხვევაშიც. აქ კი ფეხსაცმლის დიზაინერის ჯონ ფლუევოგის მაგალითი განვიხილოთ, რომლის ბრენდიც მსოფლიო ვარსკვლავებთან ასოცირდება. იგი თავის მომხმარებლებს იწვევს, რათა მათთვის სასურველი ტყავის ჩექმების ან სხვა მოდური ფეხსაცმლის ესკიზები შექმნან, რომლებსაც შემდგომში ექსპერტების ჯგუფი შეაფასებს, არჩევის შემთხვევაში კი კომპანია აწარმოებს და გაყიდის. ფლუევოგი მომხმარებლებს დაპირდა, რომ ფეხსაცმელს გამოყენებული ესკიზის ავტორის სახელი დაერქმეოდა. დიახ, ეს პროგრამა მომხმარებელთა ნიჭის გამოვლენას ისახავდა მიზნად, შედეგად კი, დიზაინერმა მთელი მსოფლიოდან ათასობით ესკიზი მიიღო, 12-ზე მეტი მოდელი აწარმოვა და გაყიდა კიდეც.
ფლუევოგის ერთ-ერთი მომხმარებელი მხატვარი სამანტა ზაზა იყო, რომელსაც როდ აილენდის დიზაინის სკოლა (RISD) ჰქონდა დამთავრებული და თურქეთში ცხოვრობდა. ძირითადად ფერადი ფანქრითა და მელნით მუშაობდა, მაგრამ ფეხსაცმლის დიზაინის შექმნა ყოველთვის სურდა. ამიტომ, ფლუევოგის პროექტით მალევე დაინტერესდა და შედეგად, მისი ესკიზით ფეხსაცმელი „ზაზა“ შეიქმნა, რომლის ღირებულებაც 339 დოლარი იყო.
მომხმარებელთა შორის ფარმაცევტული კომპანიის ბიოქიმიკოსი ჯესიკა მასარეკიც იყო, მის შექმნილ ფეხსაცმლის მოდელს კი, დაპირებისამებრ, „მინი მასარეკი“ უწოდეს. ამის შემდეგ ბიოქიმიკოსმა ნიუ-იორკის მოდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარა და საკუთარი ფეხსაცმელების დამზადებაც ისწავლა.
„ადამიანები კურტ ვონეგუტს ეუბნებოდნენ, რომ ვერასდროს გახდებოდა მწერალი, რადგან ინჟინერ-მექანიკოსი იყო და მეც სულ ამაზე ვფიქრობ“, — ამბობს მასარეკი.
დიახ, თქვენი კოლეგებისა და მომხმარებლების ნიჭი ზედმეტად კარგია იმისათვის, რომ დაიკარგოს…
წყარო: HBR












