in

რატომ უნდა მივიღოთ ორგანული პროდუქტები?

ჯანსაღი პროდუქტების მიღების უპირატესობები

ორგანული პროდუქტები თავისთავად ჯანმრთელ პროდუქტს ნიშნავს? ღირს თუ არა მათში უფრო მეტი თანხის გადახდა? რა სარგებლობა მოაქვს ორგანულ პროდუქტს? – ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ამ თემის ირგვლივ შეიძლება მოისმინოთ. ვეცდებით, ამ და სხვა საკითხებსაც შევეხოთ და მაქსიმალურად სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მივიღოთ ორგანული პროდუქტები.

რას ნიშნავს “ორგანული”?

დავიწყოთ მოკლე განმარტებით…ორგანულ პროდუქტში მოიაზრება სასოფლო-სამეურნეო გზით მოყვანილი ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც იზრდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ისე მუშავდება, რომ მაქსიმალურად ნატურალური იყოს. იმისდა მიუხედავად, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მათი მოყვანის რეგულაციები თავისებურია, ძირითადად, ორგანულში იმ პროდუქტებს გულისხმობენ, რომელთა წარმოებაშიც არ არის გამოყენებული პესტიციდები, სასუქები და გმო (გენმოდიფიცირებული ორგანიზმები).

ამ განმარტების შემდეგ, თავისთავად ცხადი ხდება, რომ არაორგანული საკვები ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, კიდევ ბევრ სხვა დანამატს შეიძლება შეიცავდეს, რომლებიც არც თუ ისე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ორგანული პროდუქტის უპირატესობა

იმის გამო, რომ ასეთი საკვები არ შეიცავს კონსერვანტებს, ის ყოველთვის უფრო ახალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა. კონსერვანტები, როგორც წესი, პროდუქტს ახანგრძლივებს, ამიტომ როდესაც ამა თუ იმ საკვებს ვყიდულობთ, თუ მას ეტიკეტზე უწერია კონსერვანტების ჭარბი შემცველობა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება ეს პროდუქტი არც ისე ახალი იყოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურება. 

ჯანსაღი საკვები პირდაპირ კავშირშია ჩვენს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ როცა ვიღებთ ორგანულ პროდუქტს, ანუ ისეთს, რომელიც შეიცავს მხოლოდ სასარგებლო ანტიოქსიდანტებს, ჩვენი ჯანმრთელობა ბევრად დაცულია. მაგალითად, ალერგიის მქონე ადამიანებისთვის, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საერთოდ არ შეიძლება ისეთი საკვების მიღება, რომელსაც საღებავები ან სხვა ქიმიკატები აქვს დამატებული. 

გარდა ჩვენი, ანუ ადამიანების სიჯანსაღისა, ორგანული პროდუქტების წარმოების მეთოდებიც ბევრად უფრო სასარგებლოა თავად გარემოსთვის, რადგან ასეთი მეურნეობის პრაქტიკამ შეიძლება შეამციროს დაბინძურება, ნიადაგის ეროზია, დაზოგოს წყალი, გაზარდოს ნიადაგის ნაყოფიერება და ასევე, დახარჯოს ნაკლები ენერგია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პესტიციდების გარეშე წარმოებული ბოსტნეული თუ სხვა საკვები დადებითად მოქმედებს ახლომდებარე ფრინველებისა და ცხოველებისთვის, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ფერმების ახლოს ცხოვრობენ.

რაც შეეხება ორგანულ ხორცპროდუქტებს, ამაზეც უნდა ითქვას, რომ მათ არ აძლევენ სპეციალურ ანტიბიოტიკებსა და ჰორმონებს. ამასთან, ისინი იზრდებიან დიდ სივრცეებში, სუფთა და კარგ გარემოში, სადაც ხშირად აქვთ სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

არსებობს უამრავი კვლევა, რომ ორგანულ ხორცსა თუ რძეში ბევრად უფრო მაღალია საკვები ნივთიერებების დონე, ვიდრე ჩვეულებრივ პროდუქტებში.

ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ ჯანსაღი საკვები გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს არ შეიცავს. “გმო” არის ის მცენარეები, რომელთა დნმ-იც ისეა შეცვლილი, რაც ჩვეულებრივ, ბუნებაში შეუძლებელია, თავისით შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად მიგვითითებს იმაზე, რომ არაორგანულ პროდუქციაში ხელოვნური დანამატია შემოტანილი და ის ვერ იქნება 100%-ით ჯანმრთელი.

როგორ გამოიყურება ჯანმრთელი პროდუქტი?

ბევრი ადამიანი ამტკიცებს, მათ შორის, ამ სფეროს მკვლევრებიც, რომ თუ მაღაზიაში იდეალურად ლამაზ პროდუქტს ვხედავთ, ის, დიდი შანსია, რომ არ იყოს ჯანსაღი, რადგან როგორც წესი, ორგანული პროდუქტები უფრო “უშნოდ” გამოიყურება. ყველას გვინახავს სოფელში ან თუნდაც ქალაქის რომელიმე ბაღში გაზრდილი ხილი და ბოსტნეული, ორგანული საკვებიც მათ უნდა ჰგავდეს. შეიძლება იყოს უფრო ჩამქრალი ფერის და არა ლაპლაპა, როგორც არაორგანული, შეიძლება ფორმებიც ასიმეტრიული ჰქონდეს, მაგრამ სამაგიეროდ, ის ჯანმრთელი პროდუქტია. რასაკვირველია, ვიზუალი ერთადერთი ინდიკატორი ვერ იქნება, მაგრამ დიდი მნიშვნელობა და ყურადღება ამასაც ენიჭება.

მაინც რატომ არის არაორგანული პროდუქტი არაჯანსაღი?

დღესდღეობით პესტიციდების გამოყენება იმდენად ფართოა, რომ პრაქტიკულად, არავინ არის დაცული მისგან. ხშირად ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, გაზრდილია დაავადებების რიცხვი და კითხვაზე “რატომ” ერთი და ზუსტი პასუხი თითქმის არ არის. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ გადავხედავთ არაორგანული საკვების მავნე ზემოქმედებას ადამიანების ჯანმრთელობაზე, ვნახავთ, რომ პესტიციდებითა თუ სხვა დანამატებით გაჯერებულ პროდუქციას ასთმის, ჰორმონალური დისბალანსისა და კიბოს გავრცელებაში “ადანაშაულებენ”. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც გვეუბნება, რომ წელიწადში პესტიციდებით შეწამვლის 3 მილიონი შემთხვევა გვხვდება. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცუდი ზეგავლენა კი ალერგია და ჰიპერმგრძნობელობის გამოხატულებაა.

არსებობს ცნობილი გამოთქმა, რომ ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ, ამიტომ თუკი გვსურს, ბევრად უფრო ახალგაზრდულად, ჯანმრთელად და ლამაზად გამოვიყურებოდეთ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ სწორად ავარჩიოთ საკვები პროდუქტები. ხშირად არაორგანული საკვები გვიზიდავს შედარებით დაბალი ფასის გამო, მაგრამ აქვე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ პროდუქტი არაორგანულია, იგი ხარისხითაც დაბალი იქნება. დაბალი ხარისხი კი, საკვების შემთხვევაში საკმაოდ ყურადსაღებია, რადგან მას პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

NFT ბაზარი Cent გაყიდვებს აჩერებს — მიზეზი თაღლითობა გახდა

ნახეთ: როგორია ილონ მასკის კოსმოსური ოდისეა