მეცნიერებმა დედამიწის ქერქში ორი ამოუცნობი გიგანტური ობიექტი აღმოაჩინეს. მათ „ბლობსის“ სახელით გვაცნობენ და გვეუბნებიან, რომ ეს აღმოჩენა ფილმის სიუჟეტს ჰგავს — უცხოპლანეტელები წყნარი ოკეანის ფსკერიდან ჩნდებიან, შემდეგ კი ყველაფერს ანადგურებენ…
კვლევის თანახმად, რომელიც არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს, ორი გიგანტური ობიექტიდან ერთ-ერთი წყნარი ოკეანის ფსკერზეა, მეორე კი აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. ხოლო დედამიწის მანტია ახლად აღმოჩენილი ორივე ობიექტის მსგავს სტრუქტურას შეიცავს. მეტიც, ისინი კონტინენტის ზომისაა და ევერესტზე 100-ჯერ მაღალიც კი შეიძლება იყოს…
„აფრიკაში აღმოჩენილ ობიექტს ნაკლები სიმკვრივე აქვს, შესაბამისად, იგი ნაკლებად სტაბილური შეიძლება იყოს, ვიდრე წყნარ ოკეანეში არსებული. გამოდის, მათ განსხვავებული შემადგენლობა, დინამიკა და ევოლუციის ისტორია აქვთ“, — გვეუბნებიან კვლევის ავტორები.
მეცნიერთა აზრით, აფრიკის „ბლობი“ წყნარი ოკეანის „ბლობზე“ ახალგაზრდაა. მას გავლენა აქვს ისეთ პროცესებზე, როგორებიცაა, გრავიტაცია, დედამიწის ქანების მოძრაობა, ტოპოგრაფია, ვულკანების წარმოქმნა ან არსებულის გააქტიურება.
თუმცა „ბლობების“ აღმოჩენა რაღაც ცუდისა და საშიშისკენ არ მიგვითითებს, პირიქით, ეს ჩვენი პლანეტის ევოლუციისა და მის სიღრმეებში არსებული საიდუმლოებების გამჟღავნებაში დაგვეხმარება.
„ჩვენი კვლევა დედამიწის უდიდესი სტრუქტურებისა და მათი მანტიასთან ურთიერთქმედების შესახებ ახალ შეხედულებებს ჩამოგვიყალიბებს. ამას კი მეცნიერებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, — ამბობს ქიან იანი, კვლევის წამყვანი ავტორი.












