in

ორი ქართველი მეცნიერისა და CERN-ის თანამშრომლობის ამბავი

ყოველდღიურად ვიგებთ მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო მიღწევების შესახებ და ვხვდებით, რამდენად წინ მივიწევთ ამ სფეროში — მათ შორის არიან ქართველი მეცნიერებიც. სწორედ ამას ეხება სტატიაც… გასული წლის ზაფხულში საქართველოს უნივერსიტეტი CERN-ის ტექნიკური ასოცირების წევრი გახდა და საინჟინრო ამოცანების შესასრულებლად ATLAS-ის პროგრამაში ჩაერთო.

M2
M2

მოცემულ ჯგუფში საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან თორნიკე ჭაბუკიანი და ალექსანდრე ტატიშვილი. ამჟამად ისინი შვეიცარიაში, CERN-ის ერთ-ერთ საინჟინრო ლაბორატორიაში იმყოფებიან და უცხოელ კოლეგებთან ერთად დიდი ადრონული კოლაიდერის მთავარი დეტექტორის სქემების ტესტირებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის პროექტირებაზე მუშაობენ. 

M: თორნიკე, მოგვიყევით, როგორ შედგა თქვენი და CERN-ს შორის თანამშრომლობა?

დიდწილად ალექსანდრეს დამსახურებაა, რომ მსგავსი კოლაბორაცია შედგა უნივერსიტეტსა და კვლევით ლაბორატორიას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ახლა გავხდი CERN-ის თანამშრომელი, ამ პროცესსა და დასახული ამოცანის შესრულებაში სრულად ვიყავი ჩართული, ალექსანდრესთან ერთად. აქვე მინდა აღვნიშნო ბატონი ირაკლი მინაშვილისა და ქალბატონი თამარ ჯობავას დამსახურება ჩემი და ალექსანდრეს CERN-ში გაწევრიანებისათვის. ბატონი ირაკლი ATLAS-ის პროექტში ქართული ჯგუფის წარმომადგენელია და უკვე წლებია, CERN-ის კვლევითი ჯგუფის წევრია. იგი დაუღალავად გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას, რაც კიდევ უფრო გვიადვილებს ჩვენი ამოცანის შესრულებას.

M: უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ პროექტზე, რომელზეც ახლა მუშაობთ — კონკრეტულად რას გულისხმობს ის?

როგორც უკვე იცით, ამჟამად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პროექტზე, რომლის სახელწოდებაა Prometeo (portable test-bench for the upgraded front-end electronics of the ATLAS Tile calorimeter). ეს არის მოწყობილობის სახელწოდება, რომელმაც უნდა შეამოწმოს მთავარი დეტექტორის შემადგენელი ელექტრული კომპონენტების გამართულად მუშაობა. უნდა შეაფასოს და გაზომოს ყველა ელექტრული პარამეტრი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს შესაბამისი მოწყობილობის დამონტაჟება და დეტექტორის აწყობა. ATLAS-ის დეტექტორში არსებული სქემები მომდევნო წლების განმავლობაში სრულიად განახლებული ელექტრონიკით შეიცვლება. სხვა სიტყვებით, Prometeo არის ხელსაწყო, რომლითაც მოწმდება რამდენად გამართულია დეტექტორის ახალი ელექტრონიკა ექსპერიმენტის ჩასატარებლად. ფაქტობრივად, ჩვენს გუნდზეა დამოკიდებული იმ შედეგების სისწორე, რომლებსაც ფიზიკოსები მიიღებენ.

M: რა არის პროექტის საბოლოო მიზანი?

პროექტის საბოლოო მიზანია, რომ 2026 წლისათვის მზად იყოს 6 ცალი Prometeo მოწყობილობა, რათა სწრაფად და მარტივად მოხდეს მთავარი დეტექტორის სამუშაო პარამეტრების შემოწმება, რათა არ შეფერხდეს მთავარი ექსპერიმენტი, რომლის შედეგებსაც მთელი მსოფლიოს მეცნიერები მოუთმენლად ელიან.

M: აქამდე რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო და მასშტაბური პროექტი?

სიმართლე გითხრათ, ამ დონის საინჟინრო პროექტი ჩვენთვის პირველია… ამიტომაც, გაორმაგებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ დეტალს. ამასთან, გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენი სამუშაოს შესრულების ხარისხზეა დამოკიდებული საქართველოს უნივერსიტეტის, ქართული ჯგუფის და მთლიანად ქვეყნის რეპუტაცია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც CERN-ის კოლაბორაციის წევრი გახდა საქართველოს მასშტაბით 

M: დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ტექნიკური ასოცირების წევრის სტატუსი გვაქვს მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საინჟინრო ამოცანების შესრულებაში შეგვიძლია მონაწილეობის მიღება. ახლო მომავალში საქართველოს უნივერსიტეტი ეცდება, სრული წევრის სტატუსი მიიღოს, რისთვისაც ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ჩვენი პროექტის წარმატებულად შესრულებაა. გარდა ამისა, ვაპირებთ, სხვა პროექტების განხორციელებაშიც მივიღოთ მონაწილეობა. საქართველოში ინჟინერიის პოპულარიზებისა და განვითარებისათვის არაერთი ქმედითი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, ამ შემთხვევაშიც ჩვენი გეგმა კვლავ უცვლელი რჩება. ჩვენი მხრიდან ამ პროექტში ჩართვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართველი ინჟინრებისთვის დამატებითი გზის გაკვალვაა მსოფლიო დონის წამყვან ლაბორატორიაში.

ავტორი: ქეთია ბელქანია

Google, Meta და Amazon 2022 წელს მსოფლიო სარეკლამო ბიზნესის 50%-ზე მეტს მოიცავენ

სტარტაპი კოსმოსში რობოტთა ფლოტის შექმნას აპირებს