19
Jul
2019

ნეირონული იმპლანტი უსინათლოების ტვინს ფოტოებს გაუგზავნის – მხედველობა თვალების გარეშე

19 Jul 2019

როცა ადამიანს მხედველობის უნარი ეკარგება, ან უსინათლო იბადება, მისი ტვინის ვიზუალურ აღქმაზე პასუხისმგებელი ნაწილი, ტიპურად, დაუზიანებელია. თუმცა, ეს ნაწილი უფუნქციოდ რჩება, რადგან თვალების გზით, ტვინამდე ვერ მიდის ვიზუალური ინფორმაცია. სამედიცინო ექსპერიმენტის ფარგლებში, ექვსმა უსინათლომ საკუთარი „მხედველობა“, უფრო სწორად კი, ტვინში არსებული ვიზუალური ინფორმაცია, პროექტ „ორიონის“ წყალობით განაახლა. როგორ? ახალი მოწყობილობა (Orion) ფოტოკამერიდან მიღებულ გამოსახულებებს უსინათლოების ტვინს უგზავნის.

მოწყობილობა „ორიონი“ ორი მთავარი ნაწილისგან შედგება – ტვინის იმპლანტი და სათვალე. იმპლანტი 60 ელექტროდს მოიცავს, რომელიც სათვალეზე დატანილი კამერიდან ინფორმაციას იღებს და ტვინამდე მიაქვს. იმპლანტს მიაქვს ვიზუალური ინფორმაცია ტვინის კონკრეტულ უბნამდე და ფაქტობრივად, ასრულებს თვალების ფუნქციას.

პირველადი ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა დაბადებიდან სრულად უსინათლო ადამიანს სთხოვეს Orion-ის გამოყენებით, კომპიუტერის ეკრანისთვის შეეხედა. როცა ეკრანზე გაჩნდებოდა თეთრი კვადრატი, მონაწილეს უნდა შეენიშნა ის. ასეც მოხდა.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ თეთრი კვადრატის დანახვა მხოლოდ დასაწყისია უსინათლო პაციენტების მხედველობის აღდგენის კუთხით. „თეორიულად, თუ ჩვენ გვექნება ათასობით ელექტროდი ტვინში, შევძლებთ მრავალფეროვანი ვიზუალური სურათის წარმოებას. არსებობს მიმართულება მხატვრობაში – პოინტილიზმი, სადაც ათასობით პატარა წერტილი ერთიანდება, იმისათვის, რომ მთლიანი გამოსახულება შეიქმნას. ჩვენ, დაახლოებით, ასეთი რამის გაკეთება შეგვიძლია, ადამიანის ტვინის კეფის წილში არსებული ათასობით წერტილის სტიმულირების გზით“, – ამბობს დენიელ იოშორი, Orion-ის თანაავტორი.

მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა ჯერ კიდევ იხვეწება, მან უკვე შეცვალა რამდენიმე უსინათლოს ცხოვრება. ბენჯამინ ჯეიმს სპენსერი ერთ-ერთი მათგანია – 35 წლის უსინათლო, რომელიც ამბობს: „ეს არ ნიშნავს მთლიანი მხედველობის აღდგენას, თუმცა, ეს უკვე მნიშვნელოვანი იმედია“.

განხილვა