in

ოროზმანში 1,8 მილიონი წლით დათარიღებული კბილი აღმოაჩინეს — მსოფლიო ამაზე საუბრობს

სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში 1,8 მილიონი წლით დათარიღებული კბილი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანის ერთ-ერთ პირველ სახეობას ეკუთვნის. ეს კი, არქეოლოგების თქმით, რეგიონს ერთ-ერთ უძველეს პრეისტორიული ადამიანთა დასახლებად აქცევს ევროპაში.

M2
M2

საგულისხმოა, რომ ამაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე მთელ მსოფლიოში საუბრობენ და სამეცნიერო საზოგადოების დიდი ყურადღება სწორედ ჩვენმა ქვეყანამ მიიპყრო. რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოურ მედიებზე — მათ შორისაა ინგლისური გამოცემა The Guardian.

კბილი სოფელ ოროზმანთან აღმოაჩინეს, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 96 კილომეტრში მდებარეობს. აქ გათხრები გასულ, 2021 წელს, სულ რაღაც 20 კვადრატულ მეტრზე დაიწყო. ამ დროისთვის კი უკვე აღმოჩენილია როგორც ჰომო ერექტუსების მიერ დამზადებული ქვის იარაღები, ისე რამდენიმე გადაშენებული სახეობის არტეფაქტი.

2022 წლის არქეოლოგიური გათხრების დროს კი ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინა.

ჯეკ პირტმა, ბრიტანელმა არქეოლოგმა სტუდენტმა, რომელიც ამ გათხრებში მონაწილეობდა, აღნიშნა: „ეს აღმოჩენა აძლიერებს საქართველოს, როგორც მართლაც მნიშვნელოვან ადგილს პალეოანთროპოლოგიისა და ზოგადად კაცობრიობის ისტორიისთვის“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში უძველესი ჰომოს ნამარხი დაახლოებით 2,8 მილიონი წლით თარიღდება — დღევანდელ ეთიოპიაში აღმოჩენილი ყბის საფუძველზე.

Life Hack ყველასთვის, ვისაც ახალი iPhone უნდა

ვინტაჟური მოდისა და ვეგანიზმის პოპულარიზაცია Oatly-ს კამპანიის ფარგლებში