in

აი, როგორ შევიყვაროთ ორშაბათი

M2
M2

„ჯანდაბა, ხვალ ორშაბათია“ და ისეთი ამოხვნეშა, თითქოს მთელი სამყაროს დარდმა ჩვენს ხმაში მოიყარა თავი… ალბათ, ეს მომენტი ბევრ თქვენგანს ეცნობა, რადგან საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ორშაბათი მასიურად „გვეზიზღება“. მიზეზებს ბევრი ძიებაც არ სჭირდება — დასვენების შემდეგ ყველა სამუშაო თუ სასწავლო რუტინას უბრუნდება, მათ ნაწილს კი სულაც არ მოსწონს ის, რისი კეთებაც უწევს.

ამის გათვალისწინებით, ორშაბათმა საკმაოდ ცუდი რეპუტაცია შეიძინა. ადამიანებს იმდენად ჩაებეჭდათ გონებაში მისი სიძულვილი, რომ აღარც კი ახსოვთ ამ დღის დადებითი მხარეები. თავის მხრივ, ეს ხელს უშლის კვირის პოზიტიურად დაწყებას, მენტალურ კეთილგანწყობას და დადებითი შედეგების მოზიდვას.

სტატიაში კი 5 მარტივი ხრიკია მოცემული, რომლებიც ორშაბათის სიყვარულს გასწავლით.

დაისახეთ მიზნები

ჯერ კიდევ კვირა ღამით დაიწყეთ ორშაბათის მიზნების დასახვა — ეს შესანიშნავი დღეა ახალი დასაწყისისთვის, ახალი შესაძლებლობებისთვის და იმ ტვირთისგან გათავისუფლებისთვის, რომელიც წინა კვირისგან მოგვყვებოდა.

თანაც, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მიზნების წინასწარ დასახვას დადებითი გავლენა აქვს ჩვენზე. ამას შეუძლია, უფრო მოტივირებულად და ბედნიერად გვაგრძნობინოს თავი… რომ აღარაფერი ვთქვათ ფიზიკურ კეთილდღეობაზე. ამიტომაც, ორშაბათი მისწრაფებების შესასრულებლად გამოიყენეთ და ეცადეთ, ის საუკეთესო საწყისად აქციოთ. დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ერთ-ერთ საყვარელ დღედაც კი გექცეთ.

გაანებივრეთ საკუთარი თავი

უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ყველაფერ კარგს „ვიქენდებისთვის“ ვიტოვებთ? რატომ არ შეგვიძლია ჭიქა ღვინის ორშაბათ საღამოს დალევა, სასიამოვნო ფილმების ყურება ან მეგობრებთან ერთად გასეირნება?

ორშაბათობით საკუთარი თავის განებივრება ისეთ ასოციაციას ჩამოგიყალიბებთ გონებაში, რომ ყოველკვირეულად რაღაც სასიამოვნოს უნდა ელოდეთ. არ აქვს მნიშვნელობა რაიმე სატელევიზიო შოუს ყურება იქნება ეს თუ შოპინგი — პოზიტიური ასოციაციები თქვენსა და ორშაბათს შორის „ურთიერთობას“ გააუმჯობესებს.

იყავით მადლიერი

ალბათ, ეს ფრაზა მეტისმეტად ბანალურად და გაცვეთილად გეჩვენებათ, მაგრამ მადლიერების ჩვევად ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სამსახური გეზიზღებათ, იყავით მადლიერი, რომ დასაქმებული ხართ ან გაეცანით სტატიას, როგორ უნდა მოახერხოთ პროფესიის შეცვლა ზრდასრულ ასაკში. თუ ვიქენდის დასრულება გაბრაზებთ, იყავით მადლიერი, რომ შაბათ-კვირა სასიამოვნოდ გაატარეთ და ახალი მოგონებები დაგიგროვდათ.

სხვა თუ არაფერი, იყავით მადლიერი, რომ მორიგ ორშაბათს მოესწარით.

იყავით სოციალურად აქტიური

ორშაბათის მონოტონურობის დასარღვევად კიდევ ერთი შესანიშნავი გზა სოციალური აქტივობების დაგეგმვაა. თითქოს, ჩვენი ტვინი ისეა დაპროგრამებული, რომ მხოლოდ შაბათ-კვირას შეგვიძლია გართობა, ორშაბათი კი მთელი ძალით მუშაობის დღეა. სინამდვილეში, მსგავსი წესი არ არსებობს — თავად ვსაზღვრავთ, როდის როგორ უნდა მოვიქცეთ. ამიტომაც, საღამოს ვახშამზე მეგობრებთან წასვლა სულაც არ არის „დანაშაული“.

გამოიძინეთ საკმარისად

მრავალი კვლევის მოხმობა შეგვიძლია იმის დასტურად, რომ საკმარის ძილსა და ჯანსაღ მენტალურ ჯანმრთელობას შორის მჭიდრო კავშირია. ხშირად ვიქენდებზე ჩვენი ძილის ციკლი ირევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორშაბათობით გამოუძინებლები ვართ — ხოლო კვირა ღამით დროულად დაძინება დაგვეხმარება, მომდევნო დღეს ენერგიის ნაკლებობა არ ვიგრძნოთ. ეს კი ცუდი განწყობისგანაც დაგვიცავს.

როგორ გავწმინდოთ iPhone „დროებითი მეხსიერებისგან“ (cache)

ნახეთ: 2023 წლის წყალქვეშა ფოტოგრაფიის საუკეთესო კადრები