ოსამუ სუზუკიმ 22 წელი გაატარა Suzuki Motor Corporation-ის პრეზიდენტად და აღმასრულებელ დირექტორად, რამაც იგი ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ ლიდერად აქცია. ამ დროის განმავლობაში მან Suzuki გლობალურ, ძლიერ ცენტრად აქცია, რომელმაც მსოფლიოს ნაკლებად მდიდარი, მაგრამ უფრო დასახლებული უბნებისთვის დაბალფასიანი მანქანები შექმნა. ეს ტერიტორიები, ძირითადად, იყო: ინდოეთი, ჩინეთი და აღმოსავლეთ ევროპა.
ოსამუ სუზუკი ცნობილი იყო, როგორც ლიდერი, რომელიც ჩართული იყო ბიზნესის წარმოების ყველა ასპექტში. მას ხშირად ხედავდნენ შემოწმებებზე კომპანიის ქარხნებში. მისი მთავარი გათვლა იყო, ხარჯების შემცირება და მოგების გაზრდა. ამასთან დაკავშირებით ერთი გახმაურებული ფაქტიც კი არსებობს. ერთხელ მან მუშებს უბრძანა, ყვითელი საღებავის ნაცვლად თეთრი გამოეყენებინათ, რათა დაეზოგათ რამდენიმე ცენტი თითო ქილაზე. მისი მჭიდრო ჩართულობის გამო, მუშები მას უფრო მამად თვლიდნენ, ვიდრე აღმასრულებელ დირექტორად. 2000 წელს მან პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, თუმცა დარჩა თავმჯდომარედ. ოჯახი და მეგობრები მას პენსიაზე წასვლისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ სუზუკის სხვა იდეები ჰქონდა. „მე მინდა ბრძოლაში მოვკვდე”, – განუცხადა მან Automotive News-ს.
ვინ იყო ოსამუ სუზუკი, სანამ ცნობილ ბრენდთან ასოცირდებოდა და როგორი იყო მისი ცხოვრება? ამ კითხვებს ავტოისტორიაში ვუპასუხებთ.
ადრეული წლები
ოსამუ მაცუდა 1930 წელს იაპონიაში, გეროში დაიბადა. მან იაპონიის ჩუოს უნივერსიტეტი დაასრულა და მალევე იპოვა სამსახური ადგილობრივ ბანკში. მალე ის შოკო სუზუკიზე დაქორწინდა და როგორც იაპონიის ტრადიციას შეეფერება, ცოლის გვარზე გადავიდა, რის შემდეგაც მათ ერთად დააარსეს კომპანია, სახელად Suzuki.
თავდაპირველად საწარმო პატარა ლუქებს ამზადებდა, თუმცა მოგვიანებით მანქანების ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად იქცა. ისეთად, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ.
სუზუკის გამორჩეული ხედვა
ის, რაც ოსამუ სუზუკის სხვა დიდი მწარმოებლებისგან გამოარჩევდა, იყო ხედვა, რომელიც მაშინ ერგებოდა დროს. როდესაც მან ბიზნესი წამოიწყო, არ ინდუსტრიის გიგანტებთან ბრძოლის ნაცვლად, ყურადღების გამახვილება მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე დაიწყო, რათა ახალი მყიდველები ჩაეგდო ხელში.
სუზუკის პოლიტიკა
წარმატებების მიღწევაში მას ძალიან დაეხმარა დიპლომატიური ნიჭი და ამაზე დაფუძნებული პოლიტიკა. პარტნიორობის დასამყარებლად ის ძალიან დიდ დროს ატარებდა მოგზაურობაში, ხშირად სამთავრო უწყებებსაც ხვდებოდა. მაგალითად, ინდოჩინეთსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მან დააარსა სატელიტური ასამბლეის ქარხნები. 1967 წელს Suzuki-მ გახსნა ქარხანა ტაილანდში და 1974 წლისთვის გახსნა მაღაზია ინდონეზიაში, სადაც ადგილობრივ საწარმოსთან ერთად ავტომანქანის ნაწილების წარმოებაზე დადო შეთანხმება. 1975 წელს Suzuki-მ საწარმო გახსნა ფილიპინებში, 1980 წელს ავსტრალიაში, ხოლო 1982 წელს პაკისტანში. 1980-იანი წლების დასაწყისში Suzuki-მ დაამყარა ალიანსი General Motors-თან, რათა ის ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კარიბჭის გაღებაში დახმარებოდა.
ყველაზე წარმატებული სვლა
ბევრ ჭკვიანურ სვლას შორის ყველაზე წარმატებული მაინც Maruti Udyog-თან კავშირის დამყარება იყო. ეს მოხდა 1982 წელს. Maruti Udyog ინდოეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მწარმოებელი იყო, რომელიც 1994 წლისთვის 200 000 ერთეულს ამზადებდა და ექსპორტზე აღმოსავლეთ ევროპაში, ნეპალსა და ბანგლადეშში გაჰქონდა.
1984 წელს სუზუკი ახალ ზელანდიაში მოხვდა და 1989 წელს თავისი ქარხანა უკვე კანადაში გახსნა. იმავე წელს მისი მთლიანი წარმოება 10 მილიონ ერთეულს შეადგენდა წლიურად. 1990-იანი წლების განმავლობაში Suzuki გაფართოვდა კორეაში, ეგვიპტეში, უნგრეთსა და ვიეტნამში. 1993 წლისთვის კომპანიას 76 % ბაზრის წილი ჰქონდა ინდოეთში და 66 % ბაზრის წილი პაკისტანში. ამასთან, მან მეტი მანქანა გაყიდა ჩინეთში, ვიდრე ნებისმიერმა სხვა იაპონურმა მწარმოებელმა. ამით მან ტოიოტასაც კი გაუსწრო.
წარმატების მიზეზები
სუზუკის მანქანები იყო პატარა, ხელმისაწვდომი და მოიხმარდა ცოტა საწვავს. ისეთ ადგილებში, სადაც საშუალო ხელფასი რამდენიმე ასეულს შეადგენდა და მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბიუჯეტური მანქანა ჰყოლოდა, ადამიანები არჩევანს ყოველთვის სუზუკიზე აკეთებდნენ. მისი წარმატება იმდენად გაიზარდა, რომ როცა სხვა ცნობილი ავტომწარმოებლები ცდილობდნენ მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე შეღწევას, მათ ძალიან გაუჭირდათ სუზუკისთვის კონკურენციის გაწევა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კომპანია ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე, იყო სუზუკის დამოკიდებულება ხარჯების შემცირების მიმართ. ამასთან დაკავშირებით, ზემოთ მოყვანილი მაგალითის გარდა, მრავალი საინტერესო ფაქტი არსებობს. მაგალითად, ერთხელ სამი დღის განმავლობაში პირადად ხელმძღვანელობდა ქარხნების ინსპექტირებას, საგულდაგულოდ შეამოწმა ყველა კუთხე და შესაცვლელი ღონისძიებების სია ჩამოწერა, რომელიც 215 პუნქტისგან შედგებოდა. ამ სიაში ისეთი საქმეებიც ეწერა, როგორებიცაა: 18000 ნათურიდან 1900-ის მოშორება, რათა ყოველწლიურად 40000 დოლარი დაეზოგა ელექტროენერგიაზე. მსგავსი მიდგომებით, სუზუკიმ მოახერხა ძლიერი კომპანიის შექმნა, რომელიც დღეს მსოფლიოში ცნობილ ავტომწარმოებლად ითვლება და ბრენდებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი