in ,

როცა შენი არ სჯერათ, თუმცა „ოთახს“ ქმნი და თაროებზე ხილამუშებს აწყობ

Startauperi
Startauperi

ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე თუ ჩაივლით, #6-ში პატარა, მყუდრო, ფერადი და take away კაფე „ოთახი“ დაგხვდებათ, რომელსაც 2017 წლის 11 სექტემბრიდან დღემდე, სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე რამდენიმე მეგობარი ქმნის. „ერთად ვზრდით, ვწვრთნით და პიროვნებად ვაყალიბებთ. ჩვენც ვსწავლობთ მისგან და მასაც ვასწავლით“, – ამბობენ ისინი ბრენდზე.

ერთი და იმავე ქმედებებით, ერთი და იგივე შედეგი მიიღება. განსხვავებული შედეგისთვის კი განსხვავებულად მოქმედებაა საჭირო. სამყაროს ექსპერიმენტები, ახალი ან ახლებური ინფორმაციები ავითარებს. შესაბამისად, ყოველი ახალი და განსხვავებული ინფორმაცია განუზომლად მნიშვნელოვანი, საინტერესო და ღირებულია. „ოთახიც“ განსხვავებული ინფორმაციაა, არასტანდარტული გზის შედეგი, უნიკალური სულისა და ვიბრაციის მატარებელი.

ეს სივრცე ადრე უბნის ძველი მარკეტი იყო, მაცივრებითა და დახლებით სავსე… გადაწყდა, რომ იდეის ავტორებს, მარტივად უნდა ემოქმედათ და მაქსიმალურად, მოკლე დროში, take away კაფეს გაკეთების ექსპრომტად გაჩენილი იდეა რეალობად ექციათ. 

ნინო დათიაშვილი: „ამ დროს, ყავის ერთ-ერთ ბრენდზე ვმუშაობდი, გარკვეული ვიყავი ყავის წარმოებასა და მომზადების სპეციფიკაში, რის გამოც, უფრო ადვილად დავინახეთ ამ პროექტის/იდეის რეალურად გაცოცხლების შესაძლებლობა“. 

თუმცა ის შეთანხმება, რომ იდეა მარტივად გაეცოცხლებინათ, თავიდანვე განწირული აღმოჩნდა, რადგან „ოთახში“ ექსპერიმენტატორი არქიტექტორი შედიოდა – დაჩიმ ჯერ კედლები გაფრცქვნა, შემდეგ ჭერი და „ოთახის“ რეალური ისტორიაც აქ დაიწყო.დაჩი პაპუაშვილი: „მე და ნინომ, თავდაპირველად, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი იდეა მინიმალური საინვესტიციო დანახარჯებითა უნდა განგვეხორციელებინა. აქ იშვა პირველი იმპულსი, რომ არ გვეყიდა ახალი სამშენებლო მასალები. ვმუშაობდი თავისუფალ დროს, მხოლოდ იმ რესურსით, რაც ხელში მხვდებოდა. შესაბამისად, წინასწარ არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა. სწორედ ამიტომ, ამ პროცესს ერთგვარ არქიტექტურულ ექსპერიმენტად აღვიქვამ. ოთახი“ სულ 6 ძირითადი სამუშაო იარაღით შეიქმნა“.

„ოთახის“ დამფუძნებლები არქიტექტორი, დაჩი პაპუაშვილი და მარკეტერი, ნინო დათიაშვილი არიან. შემდეგ, პროცესში მათი უახლოესი მეგობარი, ელა ჩაერთო. გახსნისთანავე შემოემატათ ნათო, „უკვე მათი მეგობარი და გუნდის საამაყო წევრი, ასევე, პეპი – ერთგული მეგობარი და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბარისტა და მარიამი – ძალიან ნიჭიერი და ახალი თაობის საოცარი პერსონა“.

ნინო დათიაშვილი: ოთახის“ განვითარების პროცესში ერთ-ერთი დაბრკოლება ყავასთან მისაყოლებელი ტკბილეული იყო. არსებულ ბაზარზე, სტაბილურად, ვინმეს ნდობა გაგვიჭირდა და თავიდან რამდენიმე ცნობილ საცხობსა და საკონდიტროსთან დავიწყეთ თანამშრომლობა. თუმცა მალევე გამოჩნდა პრობლემები მათ დისტრიბუციაში, პროდუქტის ხარისხში და ჯამში, სერვისში. მივხვდით, რომ მენიუ ჩვენით უნდა შეგვექმნა. აქ დაიწყო „ოთახში“ კვების კუთხითაც ექსპერიმენტების მთელი სერია, საბოლოოდ კი, მივედით „ოთახის“ უნიკალური პროდუქტის შექმნამდე.

ნათია მიმინოშვილი (ნათო): თავში მიტრიალებდა აზრი, რომ რაღაც ახალი გემო უნდა შემექმნა, რომელიც ჯანსაღი, ნატურალური, უცხო, გემრიელი იქნებოდა როგორც ტკბილის მოყვარულთათვის, ასევე პირიქით. ასე დაიბადა „ხილამუში“ – ფელამუშისებრთა ოჯახის  ახალი, დამოუკიდებელი წევრი, რომელიც ბადაგის გარდა სხვადასხვა ხილისგან კეთდება. ხილამუში, უბრალოდ, ხილის წვენისგან გაკეთებული ფელამუში არ არის, გემოც და ტექსტურაც სხვანაირია.             იგი ახალი ქართული დესერტია, რომლის რეცეპტი ბევრ უნიკალურ კომპონენტს მოიცავს. ყველა ინგრედიენტი, რაც მონაწილეობს, ნატურალურია. 

ელა დალაქიშვილი: „ხილამუშის პირველი სცენა ოთახის თარო უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, შეფუთვა გარეთ კომფორტულად ჭამის პირობებს მოვარგეთ. ამ ეტაპზე ხილამუშები მხოლოდ ჩვენთან იყიდება, თუმცა ვგეგმავთ, ეტაპობრივად, საცალო ქსელსა და მეგობარ კვების ობიექტებში შევიტანოთ. სახელზე სასაქონლო ნიშანი ავიღეთ და პროდუქტის შეფუთვის დახვეწასა და ხილამუშის სერიულ წარმოებაზე აქტიურად ვმუშაობთ“.

დაჩი პაპუაშვილი: „ეს გზა, რომელიც „ოთახის“ შექმნისას გავიარეთ, საინტერესოსთან ერთად, დაბრკოლებებითა და გამოწვევებით სავსე იყო: მასალები, რომელიც მჭირდებოდა, არასდროს მქონდა; სამუშაო იარაღები მაკლდა და გარშემომყოფების აზრით, არასწორად ვფიქრობდი და ვმოქმედებდი.

ოთახის ქმნის პროცესში ჩემთვის არაერთ მეგობარს ურჩევია, რომ მემოქმედა ისე, როგორც ყველა აკეთებდა. მაგალითად, კედლები შემეფუთა მუყაო-თაბაშირის ფილებით, იატაკი ლამინატით და ა.შ. მუყაო-თაბაშირიან-ლამინატიანი სივრცე არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ქალაქისთვის საინტერესო, ახლებური, განსხვავებული და უნიკალური, იმ აურის მატარებელი, რომელიც დღეს „ოთახს“ აქვს.

თუმცა, ოჯახის წევრებისა და ნინოს გვერდში დგომით, ყველა ფსიქოლოგიურ წნეხსა და სტრესს გავუძელი. არაერთხელ დავეჭვებულვარ საკუთარი გზის სისწორეში, თუმცა შინაგანი ხმა ყოველთვის ხმამაღლა მეუბნებოდა, რომ არ ვცდებოდი“.

როგორც „ოთახის“ შემქმნელები ამბობენ, მათ გვაჩვენეს მაგალითი იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია… არაფრიდანაც შეიძლება ყველაფრის შექმნა, უფულოდ, ბანკის კრედიტისა და გარშემომყოფების რწმენის გარეშე.

მთავარია, იფიქრო და იმოქმედო სხვანაირად, არა ისე, როგორც მიჩვეული ხარ, არც ისე, როგორც გასწავლეს და არც ისე, როგორც ადვილია. ბრძოლით მოგიწევს ხედვის დაცვა, რადგან ყველა ეცდება, დაგარწმუნოს, რომ ცდები, რაც სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხია. თუ გაუძლებ, შედეგი აღარ იქნება „როგორც ყოველთვის და გუშინ“.

Mickey და Minnie „ლეგოს“ ახალ კოლექციაში

„ყაზბეგი“ $3,65 მილიონად გაიყიდა