Photo Credit: Datuna Agassi
ოთარ ქირია American Hospital Tbilisi-ის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი გახდა. ამბობს, რომ დღეს, საქართველოში, სამედიცინო სფეროს მარკეტინგული კომუნიკაციის სტრატეგია და მიდგომები მსოფლიო სტანდარტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ახალი პოზიციიდან სწორედ ამ რეალობის შეცვლას აპირებს.
„ქართულ სამედიცინო ბაზარზე მარკეტინგული კომუნიკაციები ისეთი სტრატეგიებითა და მიდგომებით იმართება, რომ საკმაოდ დისტანცირებულია იმასთან, რაც ევროპასა და ამერიკაში ხდება. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ შემოთავაზებას დავთანხმდი. გამიჩნდა ამბიცია, გადავდგა ისეთი ნაბიჯები, მსოფლიოს სტანდარტებთან, მინიმუმ, მიახლოებული იყოს საქართველოში სამედიცინო სფეროს მარკეტინგული კომუნიკაციები. ეს არის ჰოსპიტალი, რომელიც საერთაშორისო ქსელის ქვეშ იხსნება, არსებობს American Hospital Dubai, American Hospital Istanbul და ახლა იხსნება American Hospital Tbilisi. ბუნებრივია, გვექნება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მარკეტინგული კომუნიკაცია, სტრატეგია და მიდგომები. მედიცინაში არსებობს Joint Commission International (JCI) სტანდარტი, რომელსაც რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს American Hospital-ის ქსელი და American Hospital Tbilisi ამ აკრედიტაციას გაივლის“.
გამიჩნდა ამბიცია, რომ საქართველოს სამედიცინო რუკაზე გაჩნდეს ისეთი ბრენდი, მოთამაშე, რომელიც მსოფლიო ბრენდების მსგავს საკომუნიკაციო სტრატეგიასა და წესებს გამოიყენებს.
ამბობს, რომ მისი მიზნები და ხედვა დღეს, ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს უკავშირდება. პირველი, რის დანერგვასაც გუნდთან ერთად აპირებს, პაციენტზე სრულად კონცენტრირების სტრატეგიაა.
„ჩვენი ამოსავალი წერტილია, სამედიცინო მომსახურება გახდეს უმაღლესი დონის სერვისი, რომელიც მოიცავს ბევრ კომპონენტს და მათ შორის ერთ-ერთი იქნება მკურნალობა“.
ამბობს, რომ მისი სამომავლო გეგმები American Hospital Tbilisi-ს ბრენდად ჩამოყალიბებასა და მის შეფუთვას უკავშირდება, ამ ყველაფერში კი, McCann Tbilisi-ის სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორის გამოცდილებაც დაეხმარება.
„გვინდა, ზუსტად ისე იყოს შეფუთული და ჰქონდეს ისეთივე დონისა და მასშტაბის ბრენდბუქი, როგორც ეს ყველა სხვა, დანარჩენ სექტორში ხდება. მარკეტინგული კომუნიკაციების თვალსაზრისით, ძალიან განვითარებულია საბანკო სექტორი, დეველოპმენტი და ა.შ. ჩვენთანაც ზუსტად ანალოგიური, მაღალი ხარისხისა და მასშტაბის მარკეტინგული სტრატეგიებისა და მიდგომების დანერგვას ვგეგმავთ. McCann Tbilisi-ში, თითქმის, 2 წელი ვიმუშავე და ყველაზე დიდი რაც მივიღე, McCann Global-თან კომუნიკაციით, სტრატეგიული მართვის ტექნიკებისა და სტურქტურების, ასევე პროექტების იმპლემენტაციის გამოცდილება იყო. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ძალიან დამეხმარება American Hospital Tbilisi-ში მუშაობისას“.
ოთარ ქირია, პარალელურად, არის Mothercare Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი. სხვადასხვა წლებში იყო: ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დილის გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი, International Business Forum-ის მარკეტინგის დირექტორი, THE WOLF OF WALL STREET IN TBILISI-ში პროექტის ხელმძღვანელი, Green Cross International-ის კონსულტანტი, Sinteks Mmc-ის გენერალური დირექტორი, Millennium Challenge Georgia-ს, UNDP Georgia-სა და Borjomi-ს PR კონსულტანტი, გაზეთ „ალიას“ ნომრის რედაქტორი, ჟურნალის „საქართველოს ეკონომიკა“ რედაქტორი, გაზეთ „24 საათის“ რეპორტიორი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და ტრენინგ ცენტრებში.