18
Jun
2019

ოთარ ქირია სააგენტო McCann თბილისის სტრატეგიულ დაგეგმარებას უხელმძღვანელებს

18 Jun 2019

მარკეტინგის სპეციალისტი ოთარ ქირია საერთაშორისო კრეატიული სააგენტოს McCann თბილისის გუნდს შეუერთდა. სააგენტოში ის სტრატეგიულ დაგეგმარებაზე იმუშავებს, უხელმძღვანელებს სტრატეგიულ ინიციატივას და გრძელვადიან მიზნებზე და იზრუნებს განვითარებაზე. ოთარ ქირია, მრავალი წელია საკონსულტაციო საქმიანობითაა დაკავებული, აქტიურადაა ჩაბმული საგანმანათლებლო პროგრამებსა და სატელევიზიო მაუწყებლობაში. რატომ გადაწყვიტა სააგენტოსთან თანამშრომლობა, როგორია მისი გეგმები McCann-ში, – ამ კითხვებით ოთარ ქირიას მივმართეთ.

ოთარ ქირია: “მაკკენ ერიქსონში ჩემ გადასვლას, რამდენიმე მიზეზი გააჩნდა. პირველი ის, რომ, როგორც იქნა, ჩემ ძირითად საქმეს დავუბრუნდი – მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვას ყოველდღიურ (და არა საკონსულტაციო და პერიოდულ დონეზე) რეჟიმში. ეს გეგმაში ისედაც მქონდა, თუმცა McCann-ის თბილისის წარმომადგენლობის შემოთავაზება დროულად დაემთხვა ჩემ გეგმებს.

შემოთავაზებები სხვა კომპანიებისგანაც იყო, თუმცა “მაკკენზე” არჩევანი გავაკეთე მასშტაბისა და გამოცდილებიდან გამომდინარე. მაკენ ერიქსონი საუკუნის გამოცდილების მქონე ბრენდია. მისი ქართული წარმომადგენლობა კი ფაქტობრივად პირველი, რომელმაც 25 წლის წინ საქართველოში მარკეტინგული და საკომუნიკაციო აქტივობა იმ სტანდარტებით დაიწყო, რასაც მსოფლიო ცნობს. ძალიან ძლიერი გუნდია! ზუსტად ვიცი, უამრავს ვისწავლი მათგან.

რასაკვირველია, არც ჩემ გამოცდილებასა და შემართებას მოვაკლებ თითოეულ პროექტს. McCann გლობალური მასშტაბით ემსახურება “კოკა კოლას”, “მასტერქარდსა” თუ სხვა გიგანტებს. ასეთ ბრენდებთან მუშაობა ჩემთვის პატივიცაა და გამოწვევაც. მაისიდან “მაკკენის” პროექტების სტრატეგიული დაგეგმვის ხელმძღვანელობა ჩავიბარე და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრჯერ ვიტყვით წონიან სიტყვას ბაზარზე.”

განხილვა