in

ოთარ ზაკალაშვილი – #პირველისამსახური

დეველოპერის პროფესია, ბოლო წლებში, განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ამიტომ, ბევრს ჰგონია, რომ პირველი სამსახური აუცილებლად მაღალი პოზიციით ან ანაზღაურებით უნდა დაიწყოს. რეალობა სხვანაირია და ყველა ადამიანს სჭირდება რამდენიმე წელი, რომ რაღაცას მიაღწიოს. ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი ნაწილია პირველი სამსახური. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი სამსახური და ძალიან ბევრი ღირებული რამ მასწავლა. როდესაც დამწყები ხარ, აქცენტი უნდა გააკეთო რეალური გამოცდილების მიღებაზე. ჩემი სამუშაო გამოცდილების პირველი ერთი წლის განმავლობაში ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე ვიმუშავე.

2010 წელი იყო, როდესაც ჩემმა ლექტორმა გამიწია რეკომენდაცია ერთ-ერთ კომპანიაში. დამსაქმებელმა სამი ადამიანი აგვიყვანა და გვითხრა, პროექტების გასაკეთებლად ბიუჯეტი არ მაქვს, არც პორტფოლიო, ამიტომ დამკვეთების დაინტერესებას ვერ ვახერხებო. ხელფასს ვერ გადაგიხდით, მხოლოდ გზის ფული შემიძლია აგინაზღაუროთო. მართლაც, ერთი წლის განმავლობაში, ანაზღაურება მქონდა 100 ლარი. ამ ანაზღაურების მიუხედავად, მაინც არ მინდოდა წასვლა, რადგან ჩვენით ვწვალობდით და ვვითარდებოდით. მაშინ ძალიან აქტუალური იყო Google-ისა და საძიებო სისტემების გამოყენება. თუმცა, განვითარებაში ძალიან გვეხმარებოდა ტექნოლოგიურ კომუნასთან ურთიერთობა. მაქსიმალურად ვცდილობდით, გვეპოვნა ადამიანები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებებით იყვნენ ექსპერტები. ვაწყობდით შეხვედრებს, სადაც ვიწვევდით გამოცდილ ადამიანებს და მათ გამოცდილებას ვისმენდით.

მახსოვს, ერთ-ერთი პროექტი იყო ბილბორდების მართვის სისტემა. კომპანიას ერქვა „აუთდორი“, რომელიც ბილბორდებს აქირავებდა და ჩვენი პროგრამის საშუალებით, უნდა აღრიცხულიყო, ვინ და როგორ იქირავა ბილბორდი.

ძალიან საინტერესო იყო რეკომენდაციის ძალის აღმოჩენა. ამ სამსახურამდე რამდენიმე ადამიანს უფასოდ გავუკეთე ვებგვერდი. იმის მიუხედავად, რომ შემოსავალი აქედან არ მიმიღია, ამ ფაქტმა შექმნა კეთილგანწყობა და ჩემ შესახებ გაიგო ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა. ამან დამატებით დამკვეთები მოიზიდა ჩემთან. მათ სამსახურის პარალელურად ვემუშავებოდი და საკმაოდ კარგი შემოსავლის წყაროდაც იქცა. რომ დავაკვირდი, რეკომენდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყებებისთვის, რადგან მათთვის განკუთვნილი ვაკანსიები ონლაინ ნაკლებად იდება ხოლმე. პატარა კომპანიებს არ აქვთ ხოლმე იმის რესურსი, რომ ასეულობით რეზიუმე კარგად დაამუშაონ, ამიტომ სანაცნობო წრის საშუალებით ცდილობენ ადამიანის პოვნას.

ამავდროულად, უნივერსიტეტში ბიზნესზე ვსწავლობდი, თუმცა დეველოპმენტმა გამიტაცა და ამ სპეციალობას თავი გავანებე. პირველი სამსახურის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ შემდეგ კვლავ ამ მიმართულებით განვაგრძე მუშაობა.

ოთარ ზაკალაშვილი – Bitcamp-ის დამფუძნებელი.

SavvY-ს საერთაშორისო წარმატებები და სამომავლო მიზნები

უკვე ყველაფერი შეგიძლია — Microsoft თავის ახალ AI სისტემაზე