“ოტია ჩაგელიშვილი ფერმწერი და ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, 43 წლის.”
ასე ახასიათებს შემოქმედი საკუთარ თავს. ბევრნაირი შთაგონებით ცხოვრობს – თუმცა, მის შემოქმედებაში აშკარად იგრძნობა ბუნების სიყვარული. მის ნამუშევრებში ბევრი ფერი და ბევრი პერსონაჟია. თუ რა იმალება მისი მრავალფეროვანი ხელოვნების მიღმა, ამის შესახებ ოტიას გავესაუბრეთ:

M: როგორ მოხვდით ხელოვნებაში? რა წინაპირობები უძღოდა თქვენს გადაწყვეტილებას, ყოფილიყავით ხელოვანი?
მე ხელოვანთა ოჯახში დავიბადე, მამა – გოგი ჩაგელიშვილი – ცნობილი ფერმწერია, დედაც მხატვარია. მეც ამეხილა თვალი ფერწერული ტილოების გარემოცვაში და ჩემი მშობლები ბავშვობის ნახატებით ყოველთვის აღტაცებულები იყვნენ; მათ ამ დრომდე შემორჩათ ჩემ მიერ შესრულებული ნახატები თუ ქანდაკებები.

M: ვინ ხართ პროფესიით – გვესაუბრეთ თქვენს განათლებაზე და როგორ გახსენდებათ განათლების მიღების პროცესი?
პროფესიით ვინ უნდა უნდა გამხდარიყავი, ამის შესახებ ცოტა გვიან მივიღე გადაწყვეტილება; ძლიერი მამის ჩრდილში ყოფნა კი მომიწევდა, მაგრამ მაინც ვერ გავექეცი მხატვრობას. სამხატვრო აკადემიის მხოლოდ სამი კურსი დავხურე. აკადემიამ ჩემში დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია. იმდენად დიდი სკოლა იყო სახლში, რომ აკადემიამ ვერაფრით მომხიბლა.

M: საიდან მოდის ხოლმე თქვენთვის შთაგონება?
ჩემი შთაგონება უკავშირდება ყოველდღიურ მოგონებას, კადრებად ამოსულ ფრაგმენტებს, რომლებიც ჩემს მეხსიერებაში ჩარჩა. ყოველდღიური ყოფის პრობლემებს, რომლებიც ძალიან მაწუხებს. ჩემი ნამუშევრები ხშირად ძალიან იმპულსური და ერთი ამოსუნთქვით შექმნილია.

M: რომელ მედიუმებში გიმუშავიათ თქვენი კარიერის განმავლობაში და დღეს რომელ მედიუმებს ანიჭებთ უპირატესობას?
ჩემი საყვარელი მედიუმი ტილო და ზეთის საღებავია! ასევე, ვმუშაობ ქანდაკებაში, გუაშითა და აკრილით. ხშირად ვიყენებ ფირფიცარს. ვარ ტრადიციული ფერწერის მიმდევარი.

M: მოგვიყევით/გაგვაცანით რომელიმე თქვენი ნამუშევარი და მისი კონცეფცია (თქვენ თავადვე აარჩიეთ)..
ჩემში ძალიან დიდ ტკივილს იწვევს ეკოლოგია! – ბუნების ასე უდიერად განადგურება. ჩემი სახელოსნოც საოცარ ბუნებაში, არმაზში, მტკვრის პირას მდებარეობს. ასევე, მყავს სამი კატა და ერთი ძაღლი. შესაბამისად, ჩემი ბოლო ნამუშევარი ხუთმეტრიანი ტილო “სამოთხის ბაღი” ბუნებას და ცხოველთა სამყაროს ეძღვნება. ჩემი კონცეფციაც ეს არის – შევინარჩუნოთ ბუნება დედამიწაზე!

M: რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში, რას და როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?
ჩემი შემოქმედება მუდმივი ძიების პროცესია. ვემზადები შემდეგი გამოფენისთვის, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ყოფას მიეძღვნება. გამოფენას შემოდგომაზე ვგეგმავ. ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ფერწერის გარეშე ერთი დღეც არ შემიძლია ყოფნა. ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულიც ეს არის!
















