ქართული უძრავი ქონების ბაზრის განვითარების სწრაფი ტემპების პარალელურად, სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სტილი და ხელწერა, რითაც დეველოპერული კომპანიები პოზიციონირებენ. „იცხოვრე მარტივად“ – ამ მთავარი გზავნილით, „ოტიუმ დეველოპმენტმა“ პრაქტიკული მინიმალიზმი შემოიტანა საკუთარ სამშენებლო პროექტებში და მობინადრეებისთვის გემოვნებიან არქიტექტურასთან ერთად, ჰარმონიული კომფორტი უზრუნველყო. ეს არის ბრენდი, რომელიც გახსენებს თუ რა არის ცხოვრებაში მართლა მნიშვნელოვანი და გეხმარება ჩამოიშორო ზედმეტი, რათა მხოლოდ მნიშვნელოვანზე ფოკუსირდე.
ოტიუმი ქმნის საცხოვრებელი სივრცეს, რომელიც არ დაგტვირთავთ ზედმეტით და ყველა პირობას შეგიქმნით მარტივი, ლაღი და მშვიდი ცხოვრებისთვის.
საქმეს ნიკოლოზ და გიორგი არჩვაძეები უძღვებიან – პარტნიორებს ხანგრძლივ მეგობრობასთან ერთად, ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილებაც აკავშირებთ. ქართული დეველოპერული ბაზრის დიდ პერსპექტივას საქართველოს რეგიონებში თანამედროვე საცხოვრებელი პროექტების შექმნაში ხედავენ. ამ დროისათვის, „ოტიუმ დეველოპმენტმა“ მიმდინარე და სამომავლო პროექტებში $300 მილიონის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.
M: პირველ რიგში, მოდით, მკითხველს ვუამბოთ თქვენზე – „ოტიუმ დეველოპმენტის“ დამფუძნებლებზე – რა გამოცდილება გაქვთ დეველოპერულ სფეროსა თუ სხვა მიმართულებებით?
ნიკოლოზ არჩვაძე: ჩვენ ვართ საინვესტიციო ჯგუფი 15-წლიანი გამოცდილებით სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებით. ჩვენი ჯგუფის მიერ განხორციელდა რამდენიმე კომერციული ობიექტის მშენებლობა საკუთარი მოხმარებისთვის. ასევე, საინვესტიციო ჯგუფის ბიზნეს მიმართულებებში შედის სამაცივრე მეურნეობის ობიექტები, ღვინის კომპანია „ქიმერიონი“, ნავთობისა და გაზის კომპანია Gas Energy, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია Georgian Logistic Group, ამერიკაში დაფუძნებული ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში MKL shipping.
გიორგი არჩვაძე: საქმიანი ურთიერთობის გარდა, ჩვენ დიდი ხნის ახლო მეგობრობა გვაკავშირებს, რაც ღირებული ფაქტორია ბიზნესში პარტნიორობის კუთხით. გვაქვს საერთო მისწრაფებები, ხედვები, ამბიციები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთის მიმართ ნდობა.
M: რითაა საინტერესო დეველოპერული სფერო თქვენთვის?
გიორგი არჩვაძე: მეც და ნიკოლოზიც ადრეული ასაკიდან ვიყავით გატაცებული არქიტექტურითა და მშენებლობით. ყოველთვის ვცდილობდი, ამ სფეროსთვის უნიკალური მხრიდან შემეხედა. ბავშვობიდან მიტაცებდა მინიმალიზმი არქტიტექტურაში, მარტივი და ხელმისაწვდომი კომფორტი და მქონდა სურვილი ჩემი წვლილი შემეტანა ქალაქის გეგმარების განვითარებაში. სწორედ ორივეს ინტერესმა და სურვილმა განაპირობა ოტიუმის ბრენდის შექმნა და განვითარება.
ნიკოლოზ არჩვაძე: გარკვეული დროით ვცხოვრობდი ევროპაში, კერძოდ, განათლება მივიღე იტალიასა და ჰოლანდიაში. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქალაქების გეგმარების და ყოველდღიური რუტინიდან გამომდინარე, სწორედ ევროპულმა მიდგომამ დატოვა, რომელშიც თანამედროვე ცხოვრების ყველა კრიტერიუმი, მინიმალიზმი, კომფორტი და ჰარმონიული გარემო ერთმანეთს მარტივად ერწყმის. სწორედ აქედან გამომდინარეობს ბრენდის კონცეფციაც.
M: თქვენი შეფასებით, როგორია ქართული დეველოპერული ბაზრის განვითარება ამ დროისთვის და რა სჭირდება ბაზარს ყველაზე მეტად, რისი მიწოდებაც თქვენ შეგიძლიათ?
გიორგი არჩვაძე: საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი პრიორიტეტული, მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენს ქვეყანაში არის უდიდესი პოტენციალი ქალაქების გეგმარების განვითარების, რაც ძალიან საინტერესო გამოწვევაა. გვსურს კომფორტული და ეკომეგობრული გარემო შევქმნათ არამარტო დედაქალაქში, არამედ სხვა რეგიონებშიც. გავხადოთ მიმზიდველი ისეთი რეგიონები, სადაც ჯერ არ არის განვითარებული უძრავი ქონების ბაზარი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ქალაქ ფოთში თანამედროვე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა, რათა ახალი არქიტექტურული სიცოცხლე შეგვეტანა ქალაქში.
M: როგორ ჩამოაყალიბეთ „ოტიუმ დეველოპმენტის“ კონცეფცია?
ნიკოლოზ არჩვაძე: კონცეფცია ეფუძნება პრაქტიკული მინიმალიზმის იდეას, რომლის შედეგიც, ცხოვრების გამარტივებას და სწორ ფოკუსთან ასოცირდება.
მთავარი ამოცანაა, რომ კონსუმერიზმით გადაღლილ საზოგადოებას შევუქმნათ ალტერნატიული გზა-საცხოვრებელი, რომელსაც ცხოვრების სტილი მოჰყვება. ესაა ბრენდი, რომელიც გახსენებს, თუ რა არის ცხოვრებაში მართლა მნიშვნელოვანი და გეხმარება ჩამოიშორო ზედმეტი, რათა მხოლოდ მნიშვნელოვანზე ფოკუსირდე. ოტიუმის სლოგანი „იცხოვრე მარტივად“ სწორედ ამ იდეიდან მოდის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა განსხვავებული პროექტები, რომლებიც მომხმარებლებს შესთავაზებდა სიახლეებს, რომელიც ერთობლიობაში ქმნის გარემოს, რომლისთვისაც ერთობლივად დამახასიათებელია სიმარტივე და კომფორტი. ჩვენს კომპლექსებში გათვალისწინებულია მზის პანელები, დახურული, მანქანებისგან თავისუფალი გამწვანებული გარემო, ველობილიკებითა და სკუტერების პარკირება დამტენებით, სარბენი ბილიკები, საბავშვო, რეკრეაციული სივრცეებით. როგორც იცით, ქალაქში მოსახლეობის ოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რამაც მეტნაკლებად გაართულა ადამიანების კომფორტი. ჩვენი კომპანია ცდილობს, რომ შექმნას გარემო, რომელიც მოსახლეობას აძლევს საშუალებას მათსავე სივრცეში ჰქონდეთ საცხოვრებლად ყველანაირი პირობა, რათა დამატებითი დროისა და რესურსის გაღება არ მოუწიოთ.
აქვე მნიშვნელოვანია ხარისხი. ჩვენი პროექტები უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით შენდება.
M: როგორია „ოტიუმ დეველოპმენტის“ ხელწერა და რა განასხვავებს მას ქართულ დეველოპერულ ბაზარზე?
გიორგი არჩვაძე: „ოტიუმ დეველოპმენტის“ საცხოვრებელ კომპლექსებს მოჰყვება სრული სერვისი. ჩვენ არ ვთავაზობთ მომხმარებლებს უბრალოდ სახლს. ვქმნით გარემოს, სადაც ნებისმიერი ადამიანი იპოვის საკუთარ თავს. ჩვენ ვანვითარებთ და მიმზიდველად ვაქცევთ ისეთ ადგილებს, სადაც ჯერ არ არის განვითარებული დეველოპერული ბაზარი. როგორც ზევით აღვნიშნე, ფოთში მრავალსართულიანი საცხოვრებელ ბლოკს ვაშენებთ. ფაქტობრივად, პირველი დეველოპერული კომპანია ვართ, რომელიც ამ რეგიონში მასშტაბურ პროექტს უძღვება.
M: გვესაუბრეთ კომპანიის მიმდინარე პროექტებზე – თბილისსა და ფოთში…
ნიკოლოზ არჩვაძე: ამჟამად, გვაქვს მიმდინარე პროექტები თბილისში, აკაკი ბელიაშვილის 110 ნომერში და ფოთში, კონსტანტინე რეკვავას 5 ნომერში.
ოტიუმის ბელიაშვილის პროექტი გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსია მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის მშენებლობა ორ ფაზად არის დაყოფილი, რომელიც მოიცავს 8,710 კვ.მ. ტერიტორიას. პროექტში გათვალისწინებულია 3000 კვ.მ. სარეკრეაციო სივრცე, ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, საოფისე და კომერციული სივრცეები, სადაც განთავსდება კვების მოლი და სხვადასხვა სახეობის ობიექტები. პროექტი ძალიან მიმზიდველია საინვესტიციოდ, რადგან ჩვენთან ახლოს მდებარეობს საერთაშორისო უნივერსიტეტები, სამედიცინო კლინიკები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტი.
რაც შეეხება ფოთში მიმდინარე პროექტს. ქალაქი ფოთი განსაკუთრებული არქიტექტურული გეგმარებით გამოირჩევა. როგორც მოგეხსენებათ, ფოთის ურბანულ დაგეგმარებაში, სივრცით მოწყობასა და არქიტექტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი საზოგადო მოღვაწემ, პუბლიცისტმა, მეცნიერმა და პოლიტიკოსმა ნიკო ნიკოლაძემ შეასრულა.
ვფიქრობთ, უდიდესი პოტენციალის მქონე რეგიონია, რადგან თავისი უნიკალური არქიტექტურით, პორტით და ულამაზესი ზღვის სანაპიროთი არ ჩამოუვარდება ბევრ ევროპულ ქალაქს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აგვეშენებინა თანამედროვე ტიპის მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბლოკი, რაც უფრო მიმზიდველს გახდის ქალაქს საცხოვრებლად თუ საინვესტიციოდ. პროექტში გათვალისწინებულია კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეებით, კომერციული და საოფისე ფართებით.
M: როგორ გეგმავთ კომპანიის განვითარებას?
გიორგი არჩვაძე: კომპანიას დიდი გეგმები აქვს. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ სამომავლო პროექტებზე. უახლოეს პერიოდში, დავიწყებთ მშენებლობას აღმაშენებლის ხეივანზე და ქინძმარაულის ქუჩაზე, სადაც მომხმარებლებს შევთავაზებთ ხელმისაწვდომ ფასს, კომფორტულ და მიმზიდველ გარემოს ჰარმონიული ცხოვრებისთვის. გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ერთ-ერთი მოწინავე ბრენდი უძრავი ქონების ბაზარზე. გვჯერა, ჩვენი და ჩვენი გუნდის თანმიმდევრული შრომით მივაღწევთ დასახულ მიზანს.
[R]