in

4 დღიანი სამუშაო კვირა თანამშრომელთა ეფექტურობას 40%-ით ამაღლებს

სამუშაო კვირის შემცირება არსებულ ანაზღაურებაზე არ აისახება

veon
veon

როგორც Microsoft Japan აცხადებს, კომპანიის მიერ დანერგილი ოთხ დღიანი სამუშაო კვირის შედეგად თანამშრომლების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. ამასთან, 23%-ით შემცირდა ელექტროენერგიის ხარჯები, რადგან დასაქმებულები გასული წლის აგვისტოს თვეში 5 პარასკევს დასვენების დღედ იყენებდნენ და შესაბამისად, 60%-ით ნაკლებად მოიხმარდნენ ოფისში არსებულ ტექნოლოგიას.

რადგანაც მიღებული შედეგები წარმატებული აღმოჩნდა, კომპანიამ მსგავსი კამპანიის გატარება ზამთარშიც დაგეგმა. ამასთან, შეხვედრების უმეტესობის ხანგრძლივობა 60 წუთიდან 30-მდე შემცირდა – დამსწრეთა რაოდენობა კი ხუთ პირამდე შეიზღუდა. ამ გადაწყვეტილებას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ ხშირ შემთხვევაში არ არსებობდა ერთ საათიანი შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა და დროის ნაწილი უაზროდ იკარგებოდა.

გარდა ამისა, დროის მენეჯმენტის მიზნით, კომპანიამ თანამშრომლებს საერთო ჩათების გამოყენებისკენ მოუწოდა, ნაცვლად “უაზრო” ელ.ფოსტისა. “იმედი მაქვს, რომ ჩემი უფროსი წაიკითხავს ამის შესახებ… უკვე ვგრძნობ, რომ მზად ვარ, კვირაში ოთხი დღე ვიმუშაო” – ასე ეხმიანება ინტერნეტ-სივრცის მომხმარებელი სიახლეს.

საგულისხმოა, რომ ოთხ დღიანი სამუშაო კვირა სათავეს 2018 წლიდან იღებს, როდესაც Perpetual Guardian-მა 20%-იანი პროდუქტიულობით დანერგა. Microsoft-მა კი ეს შედეგი გააორმაგა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ამ პოლიტიკას სხვა ქვეყნებშიც თუ გაატარებს. “ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ინოვაციის ახალ გზებს და ტექნოლოგიების განვითარებით მთელ მსოფლიოში ჩვენი თანამშრომლების გამოცდილების გაუმჯობესება გვსურს” – აცხადებს კომპანია.

ამის პარალელურად, კომპანია ამჟამად ძირითად აქცენტს სამუშაო ადგილის მოქნილობასა და ჰიბრიდულ მოდელზე ამახვილებს. შესაბამისად, კომპანიას ოთხ დღიან პოლიტიკასა და ჰიბრიდულ მუშაობას შორის არჩევანის გაკეთება შეუძლია, რათა პანდემიური პერიოდისგან გამოწვეული მდგომარეობა შემსუბუქდეს.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში, ლეიბორისტულმა პარტიამ ცოტა ხნის წინ ოთხდღიანი სამუშაო კვირა (ხელფასის შემცირების გარეშე) ერთ-ერთ ცენტრალურ პოლიტიკად აქცია. ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს ყოფილი კანცლერის ჯონ მაკდონელის სიტყვები: “საშუალოდ სრული განაკვეთის სამუშაო კვირა 1860-იანი წლებიდან 1970-იან წლებამდე 65 საათიდან 43-მდე შემცირდა და მშრომელთა პროდუქტიულობა მკვეთრად გაიზარდა”.

2017 წლის აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს დასკვნის თანახმად, 1987 წლიდან 2015 წლამდე პროდუქტიულობა 5%-ით გაიზარდა, თუმცა კომპენსაციის თვალსაზრისით ორ პროცენტიანი მატებაც კი არ დაფიქსირებულა. ახლა კი, როგორც ჩანს, ათწლეულების განმავლობაში ხელფასების აქტიური სტაგნაციის წინაშე მყოფი თანამშრომლები უფრო მეტი მოქნილობის შემუშავებას ცდილობენ.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებმა გაითვალისწინონ, რომ ოთხ დღიანი სამუშაო კვირის ქონის სურვილი სიზარმაცეს ან დატვირთვისგან თავის არიდებას არ გულისხმობს… ძირითადი ასპექტი მოთხოვნებსა და შესაბამის ანაზღაურებას შორის არსებულ ბალანსს ეხება – ყველას სურს, ისეთი ანაზღაურება მიიღოს, რამდენსაც რეალურად იმსახურებს.

„პროკრედიტ  ჯგუფმა“ 2020 წლის  შემაჯამებელი ზემოქმედების  ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის „საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის“ ნომინაციაში გაიმარჯვა