in

ოთხწლიანი კვლევა დასრულდა – მოკლე სამუშაო კვირა ამართლებს!

ამ გზით დასაქმებულების კეთილდღეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა

ოთხი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2015-დან 2019 წლამდე, დაახლოებით 2500 ისლანდიელი მონაწილეობდა ორ მნიშვნელოვან ექსპერიმენტში იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს პროდუქტიულობაზე მოკლე სამუშაო კვირა. შედეგები სულ ახლახან გახდა ცნობილი და ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებული ჩანს…

როგორც აღმოჩნდა, 40 საათიანი სამუშაო კვირის 35-36 საათამდე შემცირებამ არ გამოიწვია პროდუქტიულობის შემცირება, ხოლო დასაქმებულების კეთილდღეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მრავალი ინდიკატორი მოწმობს, რომ მათ შორის არსებული სტრესი და “გადაწვა” გაქრა.

სწორედ ამ დადებითი შედეგებიდან გამომდინარე, საცდელი პერიოდის შემდეგ ისლანდიის მთელი მუშახელის დაახლოებით 86%-მა ამჯობინა მოკლე სამუშაო კვირა. ექსპერიმენტის მიღმა მყოფი მკვლევრები კი იმედოვნებენ, რომ ამ იდეების დანერგვა სხვა ქვეყნებშიც წარმატებით განხორციელდება.

“ორივე კვლევაში ბევრმა მუშაკმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სამუშაო საათები შემცირდა, ისინი თავს უკეთესად, უფრო ენერგიულად და ნაკლებად დასტრესილად გრძნობდნენ. შედეგად, მეტი ფიზიკური თუ დროითი რესურსი დარჩათ სხვა აქტივობებისთვის, როგორიცაა ვარჯიში, მეგობრებთან შეხვედრა და ჰობით დაკავება” – ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საგულისხმოა, რომ ოთხწლიანი საცდელი პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციების ფართო სპექტრი იყო ჩართული – დაწყებული საავადმყოფოებიდან, დასრულებული ბიზნეს სექტორით. ამასთან, სამუშაო საათების შემცირება ანაზღაურებაზე არ ასახულა და ყოველი თანამშრომელი აქამდე არსებული სახელფასო სისტემით სარგებლობდა.

ისლანდიაში მდგრადობისა და დემოკრატიის ასოციაციის (Alda) მიერ გამოქვეყნებულმა შედეგებმა და ბრიტანულმა სამეცნიერო ცენტრმა Autonomy-მ დაადასტურა, რომ დასაქმებულთა უმეტესობისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოების ზრდა არ შეიმჩნევა. ხანმოკლე შეხვედრებმა, მორიგეობის შეცვლამ და ზედმეტი დავალებების შემცირებამ ხელი შეუწყო ახალი რეჟიმის სრულფასოვნად დაცვას.

შედეგების თანახმად, კვირაში ოთხი-ხუთი საათით ნაკლები მუშაობა დასაქმებულებს უფრო კრეატიული, შემოქმედებითი მუშაობისკენ უბიძგებდა. და მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ექსპერიმენტის ზოგიერთი მონაწილისთვის ადაპტაცია რთული აღმოჩნდა, ისინი მალევე შეეჩივნენ მუშაობის ახალ წესს.

“იმის ნაცვლად, რომ რუტინულად გაეგრძელებინათ საქმე, რომელსაც მანამდე აკეთებდნენ, ადამიანებმა თავიანთი ქმედებები გადააფასეს და მოულოდნელად სრულიად ახალი რაღცების კეთება დაიწყეს” – აღნიშნა ტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.

კეთილდღეობის თვალსაზრისით უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, მონაწილეების თქმით, ისინი ასეთი რეჟიმის ფარგლებში ნაკლებ სტრესს განიცდიან და უკეთ ახერხებენ ცხოვრებისეული ბალანსის დაცვას. მათ მეტი დრო გამონახეს ყოველდღიური და საშიანო საქმეებისთვის, საკუთარი თავისა და განტვირთვისთვის.

თავის მხრივ, აღნიშნული კვლევა შეფასებულია, როგორც “დიდი წარმატება”, რომლის ფარგლებშიც მენეჯერებსაც და თანამშრომლებსაც შეუძლიათ, ნაკლები დრო დახარჯონ სამსახურზე. თუმცა ეს არ აისახება მუშაობის მოცულობასა და ხარისხზე.

“მოკლე სამუშაო კვირა ახალ ნორმას განსაზღვრავს” – ასკვნის მოხსენება.

Brick, რომელიც მობილური ტელეფონებს ყველგან დაგატენინებთ, უკვე საქართველოშია!

ბილაინის აბონენტებისთვის Stingray Karaoke უკვე ხელმისაწვდომია