in , ,

ინტერვიუ ოთო ფერაძესთან

ოთო ფერაძე

 

969333_596146140403119_484214796_nროდის და სად შეისწავლეთ ვებ–დიზაინი, როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა ამ სფეროში?

პირველ რიგში მინდა მივესალმო markerer.ge-ს მკითხველს და მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან საინტერესო და სასარგებლო პორტალია.

ბავშვობიდან მქონდა ხატვის ნიჭი, ხატვაზეც დავდიოდი გარკვეულ ასაკამდე. 1998–დან კი, როდესაც ჩემი და კომპიუტერის გაცნობა მოხდა, ძალიან გამიტაცა. ალბათ ამაში დიდი წვლილი ჩემს კომპიუტერის პირველ მასწავლებელს და მეგობარს ვანო აბესაძეს მიუძღვის, რადგან მახსოვს, როდესაც კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე დავიწყე სიარული მან ყველასგან განსხვავებით კომპიუტერზე ბორლანდ Borland Delphi 3   დამიყენა და მითხრა, რომ ის მესწავლა თვითონ კი რჩევებს მაძლევდა.

ეს იყო ჩემი პირველი შეხება პროგრამირებასთან, რადგან შინაგანად ვგრძნობდი, რომ მხოლოდ პროგრამირება არ იყო ჩემი მოწოდება. გადავწყვიტე პროგრამირება და ხატვა როგორღაც გამეერთიანებია. ამ ძიებაში კი აღმოვაჩინე ვებ-დიზაინი და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე.

როგორ მოხვდით სააგენტო   ABOVE -ში? გვიამბეთ უშუალოდ ამ სააგენტოში თქვენს მიერ განხორციელებულ ყველაზე გამორჩეულ პროექტებზე.

2001წ. წავედი საბერძნეთში სასწავლებლად, ერთი წელი შევისწავლე ენა, შემდეგ კი დავიწყე სწავლა ათენის ეკონომიკურ უნივერსიტეტში – ინფორმატიკის ფაკულტეტზე. პარალელურად დავიწყე მუშაობა არქიტექტორის ოფისში SOTOVIKIS ზოგადად IT სპეციალისტად და მათ ვებგვერდზეც ვმუშაობდი. შემდეგ იყო MBN და Design Machine , სადაც გავიცანი ერთი ბიჭი, რომელიც მუშაობდა ABOVE -ში. მან შემომთავაზა გადავსულიყავი მასთან და 2006 წელს დავიწყე მუშაობა.
ორ სიტყვას ABOVE -ზეც გეტყვით. ABOVE არის სარეკლამო სააგენტო, რომლის კლიენტები არიან: MATTEL, RILKEN, DIESEL და ა.შ. მაგრამ ამათგან ყველაზე გამორჩეული MATTEL -ია. MATTEL -ის მარკეტინგის განყოფილება, რომელიც მართავს საბერძნეთს და SEMEA- (Southern Europe Middle East and Africa) მდებარეობს ათენში, ABOVE -კი არის მათი პარტნიორი სარეკლამო სააგენტო. ABOVE -ში მომიწია მემუშავა ისეთ ბრენდებზე, როგორიცაა: Barbie, Fisher Price, Hotwheels, Imaginext, Little People.
კერძოდ, ჩვენი გაკეთებულია: თურქეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ისრაელის, სამხრეთ აფრიკის და კიდევ რამოდენიმე ქვეყნის Barbie -ს ვებ–გვერდი. პროექტებიდან კი გამოვყოფდი, Imaginext -ის ვებ–გვერდს, რომელიც ევროპის მაშტაბით განხორციელდა: იტალია, ესპანეთი, UK , საფრანგეთი, პოლონეთი და ასევე Barbie Club -ს, რომელიც საბერძნეთისთვის გაკეთდა და 120.000–ზე მეტ წევრს ითვლის.

ABOVE -ის პარალელურად ახორციელებდით თუ არა სხვა პროექტებსაც?

დიახ, პარალელურად ვმუშაობდი Free Lancer -ად და ვაკეთებდი გარკვეულ ვებ–გვერდებს. იყო საინტერესო რამოდენიმე პროექტიც. ერთ–ერთი Free Lancer პროექტიდან გავიცანი დღევანდელი ჩემი პარტნიორი Tom Kolokithas , რომელიც ივენთების და კონფერენციების მოწყობით და აუდიო ვიზუალური მოწყობილობების გაქირავებით იყო დაკავებული. 3 წლის წინ მან ნაცნობის მეშვეობით დამირეკა და მკითხა თუ შემეძლო გამეკეთებინა Heineken -ის ტაბლეზე აპლიკაცია, მეც გავუწიე კონსულტაცია და რამოდენიმე დღეში აპლიკაციაც გავაკეთეთ. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და დღეს კიდევ ორ პარტნიორთან ერთად გვაქვს კომპანია OTO | Dev (Development) .

OTO | Dev (Development) . რა კომპანიაა? გვიამბეთ მის პროექტებსა და პროდუქტებზე, ასევე პარტნიორებზე.

OTO | Dev არის B2b კომანია, რომელიც თანამშრომლობს სარეკლამო სააგენტოებთან და მათ დეველოპერულ მომსახურებას უწევს. ჩვენი კლიენტები არიან: Ogilvy Action Athens, JWT Athens და სხვა ლოკალური სარეკლამო სააგენტოები. ჩვენი მომსახურების სფეროებია: Web Development, Mobile Applications, Interactive Applications, Facebook Applications . ზოგადად, კონკრეტული პროდუქცია არ გაგვაჩნია, რადგან ჩვენი გადაწყვეტილებები არის უნიკალური და ყველა შემთხვევაში არის განსხვავებული სარეკლამო სააგენტოს მოთხოვნებისა და ფანტაზიის მიხედვით.

რაც შეეხება პროექტებს, ვმუშაობთ ბრენდებზე, როგორებიცაა: Vodafone, Cosmote, OTE, Heineken, Amstel, Cointreau, Fischer, Lucozade, Metaxa, Milko, Maggi, Pizza Hut, SOL, Sensodyne, Lucky strike, Carrera, EKO, Famous Groose, Halls.

საქართველოში გააკეთეთ ABOVE -ისოფისი. რატომ არ მუშაობს ის აქტიურად და თუ აპირებთ უფრო მეტი დრო დაუთმოთ მას ?

სამი წლის წინ გადავწყვიტე საქართველოში გამეხსნა სარეკლამო სააგენტო, რადგან მიმზიდველი საგადასახადო კლიმატი შეიქმნა. გადავწყვიტე ABOVE -ის საქართველოს ოფისი ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და დიდი დრო ვერ დავუთმე, მთელი აქცენტი OTO | Dev -ზე გადავიტანე. გარკვეული პროექტები გვაქვს, ცნობილი La Truffe -ის ბრენდინგი ჩვენი გაკეთებულია. გეგმაში გვაქ მომავალ წელს მივცეთ დიდი დატვირთვა, სახელი შევუცვალოთ და გლობალურ მარკეტზე გავიდეთ.

რადგან საქართველოში მუშაობის გამცდილებაც გაქვთ, რას ფიქრობთ, საქართველოში რა ვითარებაა თქვენი პროფესიის კუთხით ?

ABOVE -იდან და OTO | Dev -იდანაც ყოველთვის ვცდილობდი ქართველი Free lancer -ები დამესაქმებინა, რასაც გარკვეულწილად ვახერხებდი. ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ და შესაბამისად საქართველოში დიდი პოტენციალია თავმოყრილი, რასაც ჩემი ბერძენი პარტნიორებიც აღნიშნავენ ხოლმე. პრობლემა გამოცდილებაში და მუშაობის კულტურაშია. ნელ–ნელა საქართველოც მიიწევს ამ კუთხით წინ, მაგრამ პროფესიონალი მხოლოდ ნიჭს არ ნიშნავს. მქონია ბევრი შემთხვევა, როდესაც სხვისი დაუდევრობის გამო, მომიწია ღემე მემუშავა, რომ კლიენტთან არ შევრცხვენილიყავი. დროთა განმავლობაში შევკარი გუნდი, რომელსაც შეუძლია სარეკლამო სფეროში ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა.

რა პრობლემებია და რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი , რომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს ?

ნებისმიერ სფეროში საჭიროა ადამიანს ქონდეს მიზანი და იყოს მიზანდასახული. ყველაფერი უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად და მიზნის მიღწევის შემთხვევაში არ უნდა ჩერდებოდეს, უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძოდეს. რაც შეეხება ვებ–სფეროს, აქ ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება, ახალი ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით შემოდიან, განსაკუთრებით სმარტ ტელეფონების განვითარების შემდეგ. ჩვენს სფეროში წამატებისათვის მისაღწევად აუცილებელია ტექნოლოგიურ წინსვლას ავუწყოთ ფეხი და არ ჩამოვრჩეთ, რადგან დღესდღეობით web არაა უბრალოდ HTML ან PHP , ის მთელი კომპლექსური ენებისგან და ტექნოლოგიებისგან შედგება და კონკრეტულ შემთხვევას კონკრეტული მიდგომა ჭირდება.

რეკლამის , ვებ–დიზაინის სფეროში რთულია საბერძნეთში თავის დამკვიდრება? როგორ მიაღწიეთ იმას, რაც დღეს გაქვთ?

საბერძნეთში ეკონომიკურ კრიზისამდე სხვა სიტუაცია იყო. ბაზარი დიდი იყო, ინტერნეტი კი სიახლე, ყველას ვებ–გვერდი უნდოდა და თანხის გადახდაც არ წარმოადგენდა პრობლემას. დღესდღეობით სხვა სიტუაციაა, საშუალო სარეკლამო სააგენტოები და ვებ–სტუდიები იკეტებიან, კომპანიები ცდილობენ არ დახარჯონ გაუმიზნავად თანხები. რეკლამისთვის განკუთვნილი თანხები კი განახევრდა.
რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ჩვენი მიდგომის გამო გადავჩით და პირიქით, დღითიდღე მეტი პროექტი და კლიენტი გვყავს. ყველაფრის საიდუმლო კი მიდგომაშია. ჩვენ დავანახეთ და დავეხმარეთ სარეკლამო სააგენტოებს: ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, ახალი მეთოდების გამოყენებაში. მივეცით მათ ხელსაწყო ყოფილიყვნენ კონკურენტუნარიანი და კლიენტისთვის შეეთავაზებინათ ახალი რეკლამის მეთოდები. ამიტომაა, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია კონკრეტული პროდუქტი. ყოველი ჩვენი პროდუქტი ბრეინშტორმინგის შემდეგ იბადება და ემსახურება კონკრეტულ მიზანს.

თქვენ რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე წარმატებულ პროექტად? მოგვიყევით ამის შესახებ და რატომ თვლით, რომ ის წარმატებული იყო?

ჩემთვის ყველა პროექტი წარმატებულია, მუშაობა ისეთი ბრენდების პროექტებზე, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე წარმატებაა. საბერძნეთში დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე რეკლამაში თოჯინის ან ნებისმიერი სათამოშოს, რომელიც თაროზე დევს და იყიდება, ჩვენება აკრძალულია. ამ აკრძალვიდან გამომდინარე, თუ მარკეტინგული თვალსაზრისით მივუდგებით, ყველაზე მასშტაბური და წარმატებული Barbie Club იყო, რადგან უპირველესად გამოვიყენეთ, როგორც ხელსაწყო მოგვეძებნა გამოსავალი ზემოთ ხსენებულ შეზღუდვაზე: ვქმნიდით ინტერაქტიულ საგანმანათლებლო ონლაინ თამაშებს Barbie Club -ის, თამაში ყოველთვის ეფუძნებოდა პროდუქტს (თოჯინას, სათამაშოს) და შემდეგ ონლაინ თამაშს ვუკეთებდით რეკლამას სატელევიზიო არხებზე, რასაც კანონი არ კრძალავს. Barbie Club -ის დღევანდელი მომხმარებელია 120.000 გოგონა 3 დან 11 წლამდე, რაც ალბათ საუკეთესო ხელსაწყოა მარკეტერისათვის.

თუ იყო ისეთი პროექტი, რომელზეც თვლით, რომ უკეთ შეიძლებოდა მისი გაკეთება ან თუ თვლით, რომ რომელიმე თქვენმა პროექტმა არ გაამართლა?

კი ყოფილა ესეთი, ოღონდ არ იყო ჩემი პროექტი, მე მონაწილეობას ვღებულობდი როგორც Flash Developer & Designer. პროექტი იყო ონლაინ მაისურების შექმნის პლატფორმა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გზავნიდა მაისურების საბეჭდ პრინტერზე შეკვეთას. მაგრამ სხვადასხვა არასწორი ნაბიჯების და ბიზნეს გადაწყვეტილებების გამო არ იმუშავა და რამოდენიმე თვეში დაიკეტა.

თუ გაქვთ „საოცნებო“ პროექტი, თუ არის კომპანია რომელთალნაც იმუშავებდით?

საოცნებო პროქეტი სიმართლე გითხრათ არ მაქვს. სურვილი მაქვს OTO | Dev -ზე მოთხოვნა საქართველოში გაიზარდოს, რადგან ვფიქრობ შეგვიძლია ბევრი საინტერესო იდეა შევთავაზოთ სარეკლამო სააგენტოებს.
ალბათ “ოცნების”კომპანია Apple თუ იქნება, სხვა შემთხვევაში ჩვენი პროფილიდან გამომდინარე ღია ვართ ნებისმიერ კომპანიასთან თანამშრომლობისთვის.

30 ლარის ეკონომიით მიღებული Wilder-ის Fail-ი

პორტფოლიო

Behance Portfolio Review Tbilisi -დან დიზაინერი ნიკა კუმბარით Google დაინტერესდა