თუ შეხვედრებზე სიარული თქვენი კომფორტის სფერო არაა, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე სტარტაპის, Otter-ის იდეა მოგეწონებათ. როგორც მისი აღმასრულებელი დირექტორი, სემ ლიანგი, განმარტავს, AI სტარტაპი შეხვედრების ჩანაწერებსა და ავტომატიზებულ სერვისებზე იზრუნებს. ეს იქნება „მუშა პროტოტიპი“, რომელიც ადამიანების ნაცვლად დაესწრება შეხვედრებს, გააკეთებ ჩანაწერებს, მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში და ა. შ.
ცხადია, იდეა პროვოკაციულია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სტარტაპი პროტოტიპის გაცოცხლებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის გეგმავს. შესაძლოა, ბევრი სკეპტიკურადაც განეწყოს მსგავსი მოცემულობის მიმართ, მაგრამ მეორე მხარეს არიან მხარდამჭერები… ვინაიდან ზოგიერთი შეხვედრა ფუჭ დროის კარგვად მიიჩნევა, პროფესიონალები თავად გადაწყვეტენ, რას დაესწრონ თავად და რას დაასწრონ AI ასისტენტი.
ცოტა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, AI ავატარებს ადამიანის ვიზუალი ექნებათ და მის მსგავსად ილაპარაკებს. თეორიულად, თანამშრომელთა შეკითხვების 90%-ს უპრობლემოდ უპასუხებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პასუხი არ ექნება, „ადამიან ასლს“ მიმართავს დახმარებისთვის. საკმაოდ კომპლექსურად ჟღერს და, შესაბამისად, საბოლოო მოდელის შექმნას რამდენიმე ეტაპის გავლა დასჭირდება, რათა სრულყოფილი შედეგი მიიღონ.
„მოდელს სათანადო ცოდნა და ემოციური ინტელექტი სჭირდება. სხვა შემთხვევაში, სათანადოდ პროდუქტიული ვერ იქნება“, — აღნიშნავს ლიანგი. ასევე დასძენს, რომ ეს AI ავატარები პროდუქტიულობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, ვინაიდან პროფესიონალებს ზედმეტი შეხვედრებისგან გაათავისუფლებს; სანაცვლოდ, უფრო მნიშვნელოვან ამოცანებზე ფოკუსირდებიან.
მიუხედავად მომხიბლავი კონცეფციისა, შესაძლო ნაკლოვანებებიც უნდა გავითვალისწინოთ. ბევრმა ახალგაზრდა პროფესიონალმა გამოთქვა პროტესტი, რომ „სიახლოვის ძალა“ აღარ არსებობს ბევრ სამუშაო სივრცეში. AI ავატარები კი კიდევ უფრო მეტად ჩაახშობენ მას.