გამოდის, კანიბალებისთვის კარგი სიახლე გვაქვს — შვედურმა მცენარეული ხორცის კომპანიამ გადაწყვიტა ბურგერებისთვის ადამიანის ხორცის გემო დაემატებინა… დიახ, მენიუში უკვე „ადამიანის ბურგერსაც“ იხილავთ, ხოლო თუ ეს სახელი თქვენთვის მაინც შემზარავად ჟღერს, დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ იგი სოიოს, სოკოს, ხორბლის ცილის, მცენარეული ცხიმებისა და სანელებლების ნაზავით არის დამზადებული და „ამ პროდუქტის შესაქმნელად არცერთი ადამიანი დაზარალებულა“.
მცენარეული ხორცი კი უკვე დიდი ხანია არსებობს და ის ადამიანები მიირთმევენ მას, რომლებსაც ცხოველური ხორცის მიღება არ სურთ…
რატომ შექმნეს ყალბი ხორცი?
ცხოველური წარმოშობის ხორცი ცხიმებს შეიცავს და მრავალ დაავადებასთანაც არის დაკავშირებული. ამასთან, ცხოველების მოშენებასაც უზარმაზარი ეკოლოგიური ხარჯები აქვს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მეცხოველეობა ყოველწლიურად 7.1 გიგატონა ნახშირბადის ემისიას გამოყოფს, რაც საერთო გამონაბოლქვის თითქმის 15%-ს შეადგენს.
შესაბამისად, ე.წ ყალბ ხორცზე გადასვლა, როგორც ემისიების შემცირებაში, ისე ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებაშიც დაგვეხმარება, რაც მისი არსებობის მიზეზებსაც ჰფენს ნათელს. თანაც, იგი ცხოველური ხორცის გემოსა და ტექსტურას იმეორებს, ეს კი მომხმარებლებს კომპრომისების გარეშე ამ პროდუქტზე გადასვლას კიდევ უფრო უმარტივებს.
და რისთვის შეიქმნა ადამიანის ხორცის გემო?
როგორც ვიდეოში ხედავთ, ეს იდეა პირველად შვედურმა კომპანიამ გასული წლის Halloween-ზე გააჟღერა. თუმცა ამის უკან ადამიანების ხორცის ჭამის წახალისება ნამდვილად არ იყო, პირიქით, მათ სურდათ მომხმარებლებს მცენარეებზე დაფუძნებული ხორცის ჭამა დაეწყოთ.
მეორე ვიდეოში კი ანდერს ლინდენი, Oumph-ის თანადამფუძნებელი, ამბობს: „ეს ბურგერი უმოკლეს დროში მივიღეთ ფაქტობრივად მაშინვე, როგორც კი სასურველ გემოსა და სტრუქტურაზე შევთანხმდით“… მოდით, ყურადღება შემდეგ წინადადებაზე გავამახვილოთ „რადგან სხვა შემთხვევაში ეს საშინელება იქნებოდა“.
დიახ, კომპანია კანიბალებს ალტერნატივას არ სთავაზობს, პირიქით, იგი გადმოსცემს აზრს, რომ ტექნოლოგიის დახმარებით დღეს ნებისმიერი გემოს მიღებაა შესაძლებელი. შეზღუდული რაოდენობის „ადამიანის ბურგერი“ კი გამიზნული იყო მათთვის, ვისაც ჯერ მცენარეული ხორცი არ გაუსინჯავს.
კონკრეტული იდეა მადრიდის სარეკლამო სააგენტო LOLA MullenLowe-ს გაუჩნდა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე ვერცხლის პრიზიც მოიპოვა.