in

„ჩვენი თამაში“ – პირველი გამოცემა რაგბის პოპულარიზაციისთვის

„ჩვენი თამაში“ პირველი სპეციალური სარაგბო გამოცემაა, რომელიც ქართული რაგბის ისტორიას, საინტერესო ფაქტებს, ადამიანებს, მოვლენებსა თუ მოსაზრებებს აერთიანებს. იდეის ავტორისა და პროექტის მენეჯერის ქეთევან ქავთარაძის თქმით, მთავარი მიზანი გულშემატკივრებისა და მკითხველისთვის ქართული რაგბის ღირებულებების და ფასეულობების გაცნობა, უფრო მეტ ადამიანამდე მიტანა და ინტერესის გაღვივებაა. პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკი, გამომცემელი კი ჟურნალი „ლიბერალია”.

ქეთევან ქავთარაძე: პირველ რიგში, მე ვარ ჩვეულებრივი, 16-ე ადამიანი რაგბიში. #მევარ16 კამპანიაა, რომელიც ამბობს, რომ გულშემატკივარი მოედანზე მყოფ 15 მორაგბესთან ერთად იგებს ან აგებს თამაშს და ის სრულფასოვანი, მე-16 მოთამაშეა. ხშირად ამბობენ ხოლმე, რაგბით ერთხელ თუ „მოიწამლე”, მთელი ცხოვრება ასე იქნებიო, ჩემს შემთხვევაშიც ასეა – რაგბი ჩემი თამაშია და მიხარია, რომ ამ გამოცემით ძალიან მცირე რამის გაკეთება ვცადე ქართული რაგბის პოპულარიზაციისთვის. 3 წელი ვიმუშავე „ლიბერალში“ ბიზნესგანვითარების დირექტორის პოზიციაზე. შესაბამისად, მქონდა გამოცდილება ბეჭდური მედიის მიმართულებით. აქამდე არ ყოფილა სივრცე, ან თუნდაც გამოცემა, სადაც ყველაფერი იქნებოდა ქართული რაგბის შესახებ ანალიტიკური და სიღრმისეული კუთხით (და არა “ნიუსური”). ამიტომ, გამოცემის იდეით და განხორციელების გეგმით, ისევ „ლიბერალის“ რედაქციაში დავბრუნდი.

 

რას წაიკითხავს გულშემატკივარი ამ გამოცემაში?

როდესაც გამოცემის სარედაქციო ჯგუფმა (ზურაბ ვარდიაშვილი, გიორგი ჭეიშვილი, ლევან ჯობავა) „კონტენტის“ გეგმა გააკეთა, ყველაფერი გაცილებით მარტივად წარმოგვედგინა, მაგრამ შემდეგ სიღრმეებში რომ „შევედით“, მიხვდით, ძალიან რთულია, თქვა და დაწერო ყველაფერი ქართული რაგბის შესახებ. ერთ გამოცემაში ძნელია, არ გამოტოვო არც ერთი ფაქტი, მოვლენა ან ადამიანი. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება: რეალურად ამ გამოცემას უნდა ელაპარაკა ქართული რაგბის ღირებულებებსა და ფასეულობებზე. ხშირად ვამბობთ „რაგბი ჩვენი თამაშია“, ჩვენი „ოჯახია“ და ა.შ. რატომ არის ეს ასე, ზუსტად ამის ახსნა ვცადეთ. გადავწყვიტეთ, ქართული რაგბისთვის შეგვეხედა მრავალი თვალით. მაგალითად, მწერლების – აკა მორჩილაძის, დათო ტურაშვილის და გიორგი კეკელიძის, ანუ ადამიანების თვალით, ვინც რაგბიში პირდაპირ ჩართული არ არის, მაგრამ აქვთ ემოციები ამ სპორტის მიმართ. გვინდოდა, „შიდა სამზარეულოდან“ გამოგვეტანა საინტერესო ამბები, ანუ დაგვებეჭდა ამ სპორტის უშუალო „მონაწილე“ ადამიანების, მორაგბეების, კავშირის პრეზიდენტის, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, „პროფაილები“, ინტერვიუები, ანალიტიკური სტატიები და ა.შ. გამოცემაში, ასევე, არის რაგბის გულშემატკივრის გოჩა თანდარაშვილის წერილი, სადაც ამ სპორტის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე წერს. ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილია სპორტული ჟურნალისტები და მათი თვალით დანახული მოვლენები. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად აშუქებენ, კომენტარს აკეთებენ და ძალიან კარგად იცნობენ ამ სპორტს. ვეცადეთ, მრავალმხრივი, სხვადასხვა გამოცდილებისა და დამოკიდებულების ადამიანი შეგვეკრიბა და მათ მოეყოლათ ქართულ რაგბიზე.

რა არის ამ პროექტის მიზანი?

პროექტის მიზანი ქართული რაგბის პოპულარიზაცია, გულშემატკივრის ინტერესის გაზრდა და უფრო მეტად ჩართულობაა. მთავარი სამიზნე აუდიტორია ჩვეულებრივი მკითხველები, რაგბის გულშემატკივრები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ რაგბისთან ერთად გულშემატკივრებიც ძალიან გავიზარდეთ, ბევრი რამ ისევ სასწავლი გვაქვს, რადგან რაგბი საკმაოდ რთული, კომპლექსური თამაშია. იმედი მაქვს, ეს გამოცემა უკვე გულანთებულ გულშემატკივარს უფრო მეტად შეაყვარებს  ქართულ რაგბის და ბევრ ახალ ადამიანს გაუჩენს ინტერესს მის მიმართ. 

ხომ არ გეგმავთ პროექტის გაგრძელებას?

სარედაქციო ჯგუფის სურვილი არის გამოცემა პერიოდული გახდეს, თუნდაც, ექვს თვეში, ან წელიწადში ერთხელ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე. იმის მიუხედავად, რომ დღეს ბიზნეს სექტორი გაცილებით მეტად არის სპორტში და კონკრეტულად რაგბიში ჩართული, ვიდრე 5 წლის წინ, მაინც რთულია დღეს თქმა, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს მათთვის გამოცემასთან თანამშრომლობა. პირველი გამოცემა არ იყო კომერციული პროექტი და ყველა პარტნიორი უბრალოდ მხარში დაუდგა პროექტს. „ჩვენი თამაში“ ღირს 7 ლარი. ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით. სულ დაიბეჭდა 3 000 -იანი ტირაჟით, რაც ასეთი ტიპის გამოცემისთვის საკმაოდ ბევრია. (სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ბეჭდურ მედიას ბევრი მკითხველი არ ჰყავს). დაახლოებით, იანვარში, გაყიდვების გაანალიზების შემდეგ, გვეცოდინება, დაინტერესდა თუ არა მკითხველი გამოცემით. ახლა ჩემთვის მთავარი სწორედ ესაა – რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე მივიდეს ჟურნალი. თუ მკითხველი ეყოლება, შემდეგ დავიწყებთ ფიქრს კომერციულ კუთხეზე, გამოჩნდება, რამდენად სჭირდება დღეს ბაზარს ასეთი გამოცემა და გავაგრძელოთ თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა.

როგორ შეაყვარეს ბავშვებს ჯანსაღი საკვები? – სახალისო და სასარგებლო კამპანია

ევროპაში რაჭული წარმომავლობის ნაძვის ხეები იყიდება!