in

Oura-ს ახალ რეკლამაში ხელები მინიატიურულ ქალაქში ცხოვრობენ

Oura-ს ახალ რეკლამაში ხელები პარკში „დარბიან“, მეტროს ელოდებიან და აუზთან ისვენებენ. ჭკვიანი ბეჭდის ბრენდმა კამპანიისთვის „Wear Your Best Life“ მინიატიურული ქალაქი ააშენა, სადაც ყოველდღიურ სცენებს თითების მოძრაობა აცოცხლებს.

M2

კამპანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის განსხვავებულ მიზნებს აერთიანებს. ზოგისთვის პრიორიტეტი სპორტული შედეგის გაუმჯობესებაა, სხვას უკეთესი ძილი სურს, ვიღაც კი საკუთარ მდგომარეობაზე დაკვირვებას ცდილობს. Oura ამ მრავალფეროვნებას ეყრდნობა და ბეჭედს სხვადასხვა ცხოვრებისეული საჭიროების ნაწილად წარმოაჩენს.

„ჯანმრთელობის ტექნოლოგიების რეკლამა ხშირად ისე მიმართავს ადამიანებს, თითქოს ყველას ერთი ფინიშის ხაზი ჰქონდეს. ჩვენი მომხმარებლები ასე არ ცხოვრობენ. ზოგი პირადი რეკორდისკენ მიისწრაფვის, ზოგი უბრალოდ ცდილობს, მთელი ღამე მშვიდად ეძინოს, ზოგი კი ქრონიკულ მდგომარეობას მართავს“, – ამბობს Oura-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი დაგ სვინი.

ვიდეოზე ბრენდმა სააგენტო Nice&Frank-თან და მაკეტების შემქმნელ გუნდთან ერთად იმუშავა. ქალაქი ხელით, 1:10 მასშტაბში ააწყვეს და ხელების ზომას მოარგეს. მოძრაობების დასადგმელად ქორეოგრაფიც მიიწვიეს, რათა თითოეულ სცენაში ჟესტებით გადმოეცათ მოქმედება და განწყობა.

ხელების მთავარ პერსონაჟებად ქცევას პროდუქტთან პირდაპირი კავშირი აქვს: ბეჭედი ბუნებრივად რჩება კადრში, მაშინაც კი, როცა მაყურებელი მინიატიურულ გარემოსა და მოქმედებას აკვირდება. სახეების გარეშე გადაღებამ გუნდს ემოციის გამოხატვის სხვა გზების ძებნაც აიძულა. აქ იუმორი, მცირე მოძრაობები და ნაცნობი სიტუაციები მუშაობს.

დაგ სვინის განმარტებით, ხელები პირად გამოცდილებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული: მათი საშუალებით ვმუშაობთ, ვქმნით და სხვებზე ვზრუნავთ. კონკრეტული სახეების გამორიცხვით კი ფილმში საკუთარი ყოველდღიურობის ამოცნობა უფრო განსხვავებულ ადამიანებს შეუძლიათ.

ხელით აწყობილი დეკორაციებიც შეგნებული არჩევანია. AI-ით შექმნილი რეკლამების მომრავლების ფონზე Oura-მ რეალური მაკეტები და დადგმული მოძრაობები გამოიყენა. ეს მიდგომა ფილმის ხასიათსაც განსაზღვრავს: ჩვეულებრივი მოქმედებები პატარა ქალაქში უჩვეულოდ და სახალისოდ გამოიყურება.

„Wear Your Best Life“ აგრძელებს წინა წლის კამპანიას „Give Us the Finger“, რომელიც საჩვენებელ თითზე იყო აგებული და ასაკის მატებასთან ერთად საყვარელი საქმიანობებით სიამოვნების მიღებას ეხებოდა. მასში ბეჭედი ჩანდა ფორტეპიანოზე დაკვრისა და ჭადრაკის თამაშის დროსაც, რითაც ბრენდი მის გამოყენებას ვარჯიშის ფარგლებს გარეთ აჩვენებდა.

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა