5
Aug
2019

Outsource Assistance – „ონლაინ ასისტენტი ნებისმიერი ტიპის საქმიანობაში“

5 Aug 2019

Startauperi
Startauperi


სამთავრობო, არასამთავრობო, თუ კერძო სტრუქტურებში, ნებისმიერ საქმიანობაში განსაზღვრული გეგმის შესასრულებლად, ხშირად, საჭირო ხდება დამატებითი, ზეგანაკვეთური საქმის შესრულება, რისთვისაც სრულიად არ არის საჭირო ოფისში თანამშრომლის ფიზიკურად ყოფნა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ასისტენტირების, შუამდგომლობის, დაგეგმარებისა თუ დოკუმენტაციის მომზადების მიმართულებით. საქართველოში, სხვადასხვა კომპანიები უზრუნველყოფენ აუთსორსულ მომსახურებას, მაგალითად, იურიდიული კომპანიები აუთსორსული კომუნიკაციის გამოცდილებით დიდი ხანია მუშაობენ. თუმცა, ჯერ კიდევ არის სფეროები, რომლებსაც აუთსორსი ვერ შეეხო… აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტმენეჯერმა ანა ბოკუჩავამ დასვა კითხვები: „რატომ არა სხვა საქმეები? რატომ არა პირადი შეხვედრების დაგეგმვა? რატომ არა ტრენინგების ან სხვა ღონისძიებების ორგანიზება? რატომ არა რეკრუიტინგი, ან დოკუმენტაციის შექმნა? რატომაც არა დიზაინი და ბეჭდვა?“ კითხვებზე პასუხად მან Outsource Assistance შექმნა, ანუ კომპანია, რომელსაც შეუძლია თქვენს დისტანციურ ასისტენტად იქცეს და ნებისმიერი ტიპის საქმიანობაში დაგეხმაროთ, რადგან OA-ს საქმიანობის სფეროს კლიენტი განსაზღვრავს. 

ანა ბოკუჩავა

ჩვენი ფუნქციაა დაკავებულ ადამიანებს შევუმსუბუქოთ შრომა, კერძო პირებს, თუ კომპანიებს მივცეთ საშუალება აკეთონ ის საქმე, რაც უყვართ, რაშიც განსაკუთრებულები და განუმეორებლები არიან, ხოლო დანარჩენი ჩვენ გადმოგვაბარონ. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ არსებული ბიზნეს თუ პირადი ასისტენტების ფინანსურად ხელმისაწვდომი, მობილური და პროფესიონალური ალტერნატივა, სახსრებისა და დროის დაზოგვის გზით“, – გვიყვება ანა ბოკუჩავა.

M: როგორ აქციეთ იდეა რეალურ სერვისად? ვისთან ერთად შექმენით კომპანია?
იდეა რეალობად ვაქციე ერთ დღეში, სოციალური და იურიდიული საკითხების მოგვარებით – სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებით და საჭირო კონტაქტების ბაზის შექმნით (სავარაუდო მოთხოვნად, მომსახურების შემსრულებელ კომპანიებთან, ან და პირებთან წინასწარი მოლაპარაკებების საფუძველზე). კომპანიის შექმნაში ის ადამიანები დამეხმარნენ, ვის მომსახურებასაც დღეს ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს. რა თქმა უნდა, იდეის დამუშავების პროცესში, ყველა შესაძლო შეთავაზებაზე მყავდა ადამიანი, თუ კომპანია, ვინც მაღალ პროფესიონალურ დონეზე შეასრულებდა საქმის თითოეულ კომპონენტს, თანაც ამ ტიპის დისტანციური მუშაობის შემთხვევაში, არ შეიქმნებოდა მათი ლოკაციისა თუ სამუშაო გარემოს პრობლემა. 

M: როგორია იდეის სოციალური მნიშვნელობა? აუთსორს და ონლაინ ასისტირება არ ნიშნავს ოფისში სიარულის აუცილებლობას. რამდენად აძლევს OA დასაქმების შანსს ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკური გარემოებებიდან გამომდინარე, დასაქმების ბაზრის მიღმა რჩებიან? 
შეუძლებელია არ დავინახოთ ძალიან დიდი შესაძლებლობა საზოგადოების იმ პროფესიონალ ნაწილში, რომლებიც ვერ ახერხებენ მუშაობას სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ვთქვათ, დედები, რომლებმაც არჩიეს მეტი დრო დაეთმოთ შვილებისათვის, დამატებითი საჭიროების მქონე ადამიანები, რომელთა შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, იშვიათად არის სამუშაო გარემო მორგებული მათ საჭიროებებს. ასევე ვფიქრობ, საზღვარგარეთ სასწავლებლად, თუ სამუშაოდ წასული ახალგაზრდების რესურსის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი განვითარებისათვის, ასევე მათი ხელშეწყობისათვის. 

M: როგორ მუშაობს ონლაინ ასისტენტი? როგორ უკავშირდებიან მას მომხმარებლები? 
თქვენ გვიკავშირდებით, გვაცნობთ თქვენს საქმიანობას და გვეუბნებით რაში გჭირდებათ დახმარება. ვთანხმდებით კონკრეტულ ტარიფსა და მომსახურებაზე (ერთჯერადი მომსახურება, პროექტში მონაწილეობა, თვიური პაკეტი მომსახურების ფორმატი შეთანხმებით). ასისტენტი დღის ბოლოს, ან/და პირადი შეთანხმებით გათვლილ ვადებში, გაწვდით ინფორმაციას მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ, ხოლო სამუშაოს დასრულების შემდეგ, სრულად, შესრულებული სამუშაოს ანგარიშს.

M: როგორია Outsource Assistance-ის მომსახურების პროცესი? ვინ არის ჩართული ამ საქმიანობაში თქვენი მხრიდან და მეორე მხრივ, როგორ კომპანიებთან თანამშრომლობაა თქვენი ორიენტირი?
მომსახურებაში ვარ ჩართული პირადად მე. კლიენტებთან ურთიერთობას ვამყარებ მე. კვლავ კლიენტის სპეციფიკიდან გამომდინარე არის შემთხვევა როდესაც მომსახურების მიწოდება თავად მე შემიძლია, არის შემთხვევები, როდესაც ვქმნი ჯგუფს, კლიენტი გვაწვდის მისთვის საჭირო კრიტერიუმებს და ჩვენ, ერთობლივი ძალებით, ვასრულებთ მის საქმეს. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, ყველა კლიენტთან გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა. ზოგს სურს მომსახურების მიღებამდე დეტალურად გაწერილი გეგმა, ყოველდღიური განახლების მიღება, ზოგისთვის მხოლოდ ბუღალტრული დოკუმენტაციის ორგანიზებაც საკმარისია. ჩვენთან თანამშრომლობა კი შეუძლია ნებისმიერი პროფილის კომპანიას. 

M: როგორია Outsource Assistance-ის მისია და გეგმები?
გვინდა, ჩვენი მომსახურება გავხადოთ უფრო პოპულარული, მეტ კომპანიასთან გვქონდეს საქმიანი ურთიერთობა, მეტად ჩავერთოთ ბიზნეს გარემოს ყოველდღიურ განვითარებაში. რაც შეეხება მისიას, ვფიქრობ, შევიტანთ წვლილს იმაში, რომ აუთსორსული თანამშრომლობა საქართველოში გახდეს მარტივი და დამკვიდრდეს როგორც საქმის კეთების მარტივი და ეფექტური გზა.

განხილვა