თუ თქვენც იმ ადამიანებს შორის ხართ, რომლებიც ძალიან ბევრს ფიქრობენ და ეს მდგომარეობა არც ისე დადებითად მოქმედებს თქვენს მენტალურ მდგომარეობაზე, ახლა კლინიკური ფსიქოლოგების მოსაზრებებს გაგაცნობთ. ისინი გვიხსნიან, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ მდგომარეობას. თუმცა მანამდე გავიგოთ, რატომ ვფიქრობთ ამდენს. წინასწარ გეტყვით, ეს მეტად კომპლექსური საკითხია.
ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ გამუდმებით საფრთხეებს ეძებს, შემდეგ კი გეგმებს მათთან გასამკლავებლად, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ. ეს საფრთხეები წარსულ გამოცდილებას ეფუძნება ხოლმე ან იმას წარმოვიდგენთ, რაც მომავალში შეიძლება, მოხდეს. „რა იქნებოდა“ ნაწილი კი ის არის, რომელსაც ნეგატიურ შედეგებამდე მივყავართ. ბევრ ემოციას უკავშირდება, უმეტესად კი წუხილსა და ბრაზს, რაც ხშირად ამ აზრებში გვაქცევს. ხოლო იმის გამო, რომ ეს უკვე მოხდა ან მომავალში მოხდება, არც პრობლემის მოგვარება შეგვიძლია, ამიტომ, ძალიან ბევრს ვფიქრობთ… და როგორ გავუმკლავდეთ?
1. გაიაზრეთ თქვენი გრძნობები
ამ დროს როგორც ემოციებზე, ისე პრობლემებზე ფოკუსირებული სტრატეგიები დაგეხმარებათ. პირველი იმის განსაზღვრას ეხება, თუ როგორ ვგრძნობთ თავს, როცა რაღაცაზე ვფიქრობთ, შემდგომ კი ამ გრძნობებთან გამკლავებას — მაგალითად თუ რაღაცაზე ბრაზობთ, შესაძლოა, თავის მოვლის ტექნიკები ან მეგობრებისგან სოციალური მხარდაჭერის მიღება დაგეხმაროთ.
მეორე ნაწილი, როგორც უკვე ვთქვით, პრობლემებზე ფოკუსირებას ეხება. იმაზე დაკვირვებას, თუ რას გააკეთებდით განსხვავებულად და გეგმის შედგენას სამომავლო შესაძლებლობებისთვის, როცა მსგავსი ფიქრები დაგებადებათ. თუმცა საკმაოდ რთულია… ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ერთ ან ორ შესაძლებლობაზე შეადგენთ გეგმას და მიიღებთ ფაქტს, რომ, შესაძლოა, არსებობდეს რაღაცები, რაზეც არ გიფიქრიათ.
2. დაფიქრდით, რატომ გიჩნდებათ კონკრეტული აზრები
ჩვენი გრძნობები და გამოცდილება ინფორმაციაა, ამიტომ, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რას გვეუბნება ეს ინფორმაცია და რატომ გვიჩნდება საერთოდ აზრად. მაგალითად, შესაძლოა, მშობლებს ღამით თავიანთ შვილებზე ფიქრის გამო არ ეძინოთ, თუმცა ზედმეტი ფიქრიც ახალ ეტაპზე მიანიშნებს მათ, რომ უნდა ჰქონდეთ ნაკლები კონტროლი თავიანთი შვილების ცხოვრებაზე და ამასთან, საუკეთესოც უნდა სურდეთ მათთვის…
3. გათავისუფლდით ფიქრებისგან
აქ მარტივი ფორმულა არსებობს — შეცვალეთ, მიიღეთ და გაუშვით. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი აზრებიდან შეცვალოთ ის, რომელიც შესაძლებელია. მაგალითად თუ შვილის ფინანსური კეთილდღეობა გადარდებთ, ზედმეტი ფიქრის ნაცვლად, შეგიძლიათ, რეგულარულად შეამოწმოთ, როგორ უმკლავდებიან ისინი არსებულ სიტუაციას და მხარიც დაუჭიროთ.
გახსოვდეთ, რომ თქვენი ფიქრები უბრალოდ იდეებია, გამუდმებით რაღაც აზრის აკვიატება კი ამ ყველაფერს რეალობად გვაჩვენებს. ამიტომ, აქ უფრო რეალისტურად ფიქრი გამოგადგებათ. თქვენი ემოციების მიღება და მათ სამართავად გზების პოვნაც ძალიან სასარგებლო იქნება. იმის მიღებაც, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ და ერთადერთი, რისი კონტროლიც შეგვიძლია, ჩვენი რეაქციები და ქმედებებია.
დაბოლოს, გაუშვით ფიქრები, რომლებიც ყველაფრის ცოდნის საჭიროებას ბადებს, იმის, თუ რა და როგორ დამთავრდება… უბრალოდ ირწმუნეთ თქვენი უნარის, რომ ამასთან გამკლავებას შეძლებთ და ასეც მოხდება.