in

რა ხდება, როცა გუნდი ბევრს მუშაობს, თუმცა შედეგი მაინც არასაკმარისია

ჩვენ პატარა ასაკიდან გვასწავლეს, რომ შრომა მნიშვნელოვანია. თუმცა, ნაკლებად გაამახვილეს ყურადღება იმაზე, თუ რა მიმართულებითაა საჭირო ეს შრომა – ეს გახლავთ პერფორმანსსა და განვითარებაზე დახარჯული ძალისხმევა. ამ ორი ტიპის ძალისხმევის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა ხელს გვიშლის და დავალების შესრულების დაუსრულებელ წრეში გვაბრუნებს. ასეთ დროს, ჩვენ მიდრეკილნი ვართ შევასრულოთ დავალება იმდენად კარგად, რამდენადაც შეგვიძლია და მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომების ალბათობა.

ჩვენ გვივითარდება ვიწრო ხედვა, რომელიც მიმართულია მხოლოდ დავალების შესრულებაზე. შესაძლოა, შედეგად პროდუქტიულად ვგრძნობდეთ თავს, თუმცა ამას სტაგნაციამდე მივყავდეთ. როდესაც მხოლოდ შესრულებაზე ვართ მიმართული, გამოწვევების საპასუხოდ უფრო მეტს ვმუშაობთ, უფრო მეტ ადამიანს ვქირაობთ და ასე ვთქვათ, გაზზე ვაჭერთ ფეხს უფრო მძლავრად. თუმცა, ეს არასაკმარისია, რადგან მაინც ვერ ვეწევით ცვლილებებისთვის საჭირო ტემპს.

როდესაც ჩვენი კონცენტრაცია ძალისხმევიდან გაუმჯობესებაზე გვაქვს მიმართული, შეგვიძლია შედეგებს ისეთი ხერხებით მივაღწიოთ, რაც უფრო ეფექტიანად აქცევს ჩვენს ნამუშევარს.

ამ სტატიაში მოცემული სტრატეგიები იმ მენეჯერებისთვისაა, რომლებმაც გუნდები პერფორმანსზე ორიენტირებიდან სწავლის რეჟიმში უნდა გადაიყვანონ და ეფექტურად მუშაობის საშუალება მისცენ, ზრდის სტიმულირების პარალელურად.

შეამზადეთ საფუძველი სწავლებისთვის

ყოველდღიური მუშაობისას, უმეტესობა ჩვენგანი პროცესში ისე იციკლება, რომ ვერ გამოდის იდეალურად შესრულების მოთხოვნილებიდან. ეს შეიძლება ეფექტური მეთოდი იყოს, სანამ ახლები ვართ. თუმცა როგორც კი გამოცდილებას ვიძენთ, მსგავს მიზანმიმართულობას სტაგნაციასთან მივყავართ.

მაგალითად, ჰარვარდის მედიცინის სკოლის მეტაანალიზით გამოჩნდა, რომ საშუალოდ, რაც მეტხანს მუშაობს ექიმი და აგროვებს გამოცდილებას, მით უარესდება მისი პაციენტების მკურნალობის შედეგები. ეს იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ორიენტირებულია დახმარების გაწევაზე – ისინი იღებენ პაციენტებს, სვამენ დიაგნოზს, ნიშნავენ მკურნალობას იმდენად კარგად, რამდენადაც შეუძლიათ. ხოლო ის ექიმები, რომლებიც განაგრძობენ სწავლას და ახალი ცოდნისა და უნარების შეძენას, უფრო უახლოვდებიან სრულყოფილებას.

ბევრი ჩვენგანი ვერ პოულობს ყოველდღიურად რაღაც ახლის სწავლის რესურსს. განვითარების დაჩქარება შეიძლება სიახლეების პრაქტიკაში სწავლით. ყოველდღიურ მცირე ნაბიჯებს დიდი ძალა აქვთ.

სწავლების მეთოდები ყოველდღიურ პროცესებთან დააკავშირეთ

თანმიმდევრული რუტინის გამომუშავება ხელს უწყობს მაღალ პერფორმანსს. ასეთ დროს, იყენებენ სტანდარტულ პროცედურებს, შაბლონებს, „ჩეკ-ლისტებს“, ყოველკვირეულ შეხვედრებს, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს… ამასთან, ამ სისტემებს არ უნდა ჰქონდეს ცალსახა აქცენტი საქმის გაკეთებაზე. თქვენ შეგიძლიათ შეიმუშავოთ პროცესები, რომლებიც წაახალისებს გუნდის წევრებს რეგულარულად ისწავლონ რაღაც – მაშინაც კი, როდესაც თქვენ იქ არ ხართ.

მუდმივი სწავლის მოდელი

ადამიანებს ხშირად სურთ, რომ კოლეგებმა ისინი დაიმახსოვრონ დადებითი თვისებების გამო, როგორიცაა სანდოობა, თანამშრომლობა, გუნდურობა, პასუხისმგებლიანობა, ემპათიურობა, კომპეტენტურობა და ა.შ. იშვიათად, რომ ვინმეს უნდოდეს იყოს აღქმული, როგორც მარადიული მოსწავლე, რომელსაც სულ უნდა რაღაც ახლის სწავლა. არადა, იმისათვის, რომ ორგანიზაციაში განვითარებაზე ორიენტირებული კულტურა დაინერგოს, მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ადამიანი საკუთარ თავს მიზანმიმართულად აღიქვამდეს მარადიულ სტუდენტად – ეს პირველ რიგში, ხელმძღვანელებს ეხებათ.

რეგულარულად გააძლიერეთ კომუნიკაცია სწავლის აუცილებლობის შესახებ

სწავლის მნიშვნელობაზე საუბარი რეგულარულად არის საჭირო. ამაში ხელმძღვანელებს დიდი წვლილი მიუძღვით. აუცილებელია გუნდს შეახსენოთ, როგორია უკუკავშირი – როგორია პერფორმანსი და რა კუთხითაა საჭირო განვითარება. წაახალისეთ კოლეგები, განიხილონ დაშვებული შეცდომები და გამოიტანონ დასკვნები. შეაქეთ სწავლით დაინტერესებული ადამიანები.

პერიოდულად გადახედეთ სწავლისა და პერფორმანსის მიმდინარეობასა და სისტემებს. განიხილეთ, რა უნდა შეცვალოთ. თუ თქვენი გუნდი დღეს ისევ ისე მუშაობს, როგორც გასულ თვეს ან გასულ წელს, ის დიდი ალბათობით, არ გაზრდილა. სინამდვილეში, თქვენ ნაკლებად ეფექტური გახდით, რადგან სამყარო შეიცვალა, ხოლო თქვენი გუნდი – არა.

წყარო: HBR



როგორ გადაინაცვლეს ფუფუნების ბრენდებმა ნივთებიდან გრძნობებისკენ?

5 ნიშანი, რომ ტოქსიკურ სამუშაო გარემოში იმყოფებით