in

„იცნობდე შენს მეზობელს“ – 30 სექტემბერს Oxygen 2020 იხსნება

„პროპაგანდა“ წარმოგიდგენთ გამოფენა Oxygen-ის რიგით მესამე გამოშვებას. თავდაპირველად, გამოფენა No Fair-ის ფორმატში მოქმედებდა, თბილისის სახელოვნებო ბაზრობის დღეების პარალელურად. 2020 წლიდან პროექტის კონცეპტუალური მასშტაბი და ფორმატი შეიცვლება: ყოველ წელს გამოფენას ახალი კურატორი ახალი ლოკაციით, სტრუქტურითა და თემით წარმოგიდგენთ. 2020 წლის Oxygen-ი, რომლის კურატორიც ირინა პოპიაშვილია, გაიხსნება სათაურით: „იცნობდე შენს მეზობელს“.

BOG
BOG

„იცნობდე შენს მეზობელს“ 20-ზე მეტი ხელოვანის ფიზიკურ და ვირტუალურ პროექტს გააერთიანებს. წელს პირველად გამოფენა საერთაშორისო მასშტაბს შეიძენს და ხელოვანებს საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდანაც მოიწვევს.

პანდემიის პირობებში პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სახელოვნებო წრეებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა კიდევ უფრო გაღრმავდა. თუკი 30 წლის წინ ინფორმაციას რუსული მედია საშუალებები ავრცელებდნენ, დღეს მიმდინარე პროცესებსა და ხელოვანებს დასავლური ჟურნალებიდან ვეცნობით. გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელორუსი, პოლონელი, რუსი და სერბი არტისტების პროექტები ადგილობრივ ხელოვანებთან ერთად გამოიფინება. ეს გამოფენა საერთო სურათის შექმნის, პირდაპირი კონტაქტის დამყარებისა და იმ “comradeship-ის” გრძნობის აღდგენის მცდელობაა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ და მომუშავე ხელოვანებს შორის არსებობდა და რომლის შესახებაც სლოვაკი კურატორი, მოდერნა მუზეუმის დირექტორი და მკვლევარი ზდენკა ბადოვინაჩი წერს (Comradeship – curating, Art and politics in post socialist Europe, Independent Curators International, 2019).

გამოფენაში მონაწილეობენ: სანდრო ანჩაბაძე, ანასტასია ახვლედიანი, საიალი ბაჰარი, უტა ბექაია, ოლგა ჩერნიშევა, ანდრო დადიანი, იოანა წულაია, გიორგი გრძელიშვილი, ანა ჯიბლაძე, ნიკიტა კადანი, თომა თამარა კანაშვილი, რიტა ხაჩატურიანი, ვლადიმერ ჰრამოვიჩი, ტაუს მახაჩევა, ვლადიმირ მილადინოვიჩი, ნუცა მიქაბერიძე, ენდრიუ ნორსი, ლუკას რადიშევსკი, გურამ შავდია, ნვარდ იერკანიანი, გიორგი ვარდიაშვილი და W2kshop.

პანდემიის გამო დახურულ სივრცეში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გათვალისწინებით, გამოფენაზე ფიზიკურ დასწრებას ერთდროულად შეძლებს მხოლოდ ხუთი ადამიანი წინასწარი ჩაწერით ლინკზე.

გამოფენა იმუშავებს შემდეგი გრაფიკით:
30 სექტემბერი – 4 ოქტომბერი 15:00 – 22:00

გამოფენის ნახვა ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ, შემდეგ ბმულზე: oxygen.propaganda.network


/ნამუშევარი პოსტერზე: ნვარდ იერკანიანი, “სევანის მწერალთა დასასვენებელი სახლი.” არქიტექტორები: გევორგ კოჩარი და მიქაელ მაზმანიანი. დაგეგმარებულია 1965 წელს. სერიიდან: საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა სომხეთში, 2019 /

Jeep-ის ცენტრი, მომხმარებელს, 40 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს

რატომ გვჭირდება კომფორტის ზონიდან გამოსვლა?