in

Oxygen Biennial 2021 – “გადანაცვლების რიტუალები” #ეთერში

17 სექტემბერს “პროპაგანდას” ორგანიზებით თანამედროვე ხელოვნების ბიენალე დაიწყო


Oxygen, თანამედროვე ხელოვნების ბიენალე 2021. გადანაცვლების რიტუალები, #intheether #ეთერში – ასეთი სიტყვათა წყობა შეესაბამება წლევანდელ ბიენალეს, ყოველწლიური პროექტის რიგით მეოთხე გამოშვებას. 

17 სექტემბერს “პროპაგანდას” ორგანიზებით თანამედროვე ხელოვნების ბიენალე დაიწყო. Oxygen 2021, სახელწოდებით “გადანაცვლების რიტუალები”  სერ სერპასის და ქეთევან (ქეთი) შავგულიძის კურატორულ ნამუშევარს წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ გასული წლიდან მოყოლებული პროექტის ყოველი გამოშვების კონცეფცია და თემა კურატორის ჩანაფიქრის შესაბამისად კონსტრუირდება. 

კურატორი სერ სერპასი

“გამოფენა, რომელიც საუბრობდა: ეკრანს მიღმა ფუნქციონირებაზე, ნახევრად არსებობაზე, ჰაერში ყოფნაზე, დრო-სივრცისაგან დისტანცირებაზე, გამოსახულების ამარა დარჩენაზე, უცნობის მიმართულებით გადანაცვლებაზე, ეთერულ სხეულად გადაქცევაზე – თავად გახდა ეთერული სხეული. ისტორიებს ბიენალეზე ჩვენი მედია-პარტნიორების საშუალებით გაიცნობთ, როდესაც მიყვებით ჰეშტეგებს #intheether #ეთერში” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ყოველგვარი სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული ღონისძიების ფიზიკურად ჩატარება აიკრძალა, აღნიშნული ბიენალეც ციფრულ ეკრანებს მიღმა, ეთერში მიმდინარეობს…

კურატორი ქეთევან (ქეთი) შავგულიძე

როგორც ხელოვნებათმცოდნე და ბიენალეს კურატორი ქეთი შავგულიძე განმარტავს, გამოფენა რეფლექსიაა იმ ლიმინალურ ფაზაზე, რომელიც  ორ ალტერნატიულ (ფიზიკურ/ვირტუალურ) სამყაროს შორის არსებობას გულისხმობს. ის არ მოიაზრებს მხოლოდ განხეთქილების, წინააღმდეგობის წარმოჩენას, არამედ ბინარულ რეალობებს შორის არსებული “მოტივტივე” საზღვრის ჩვენებას.

“სხეულების, ობიექტების, მოვლენების, გამოცდილებების გამოსახულებებად ტრანსფორმირებისა და პირიქით, მათი არტეფაქტებად ქცევის, განსხეულების, პროცესი სწორედ მდგომარეობებს, მოდელებს შორის ტრანზიტულობის ფონზე იკვეთება და ერთგვარ გადანაცვლების რიტუალს წარმოადგენს, რაც განსხვავებული განზომილებების გადაკვეთას და ახალი უცნობის დაბადებას იწვევს” – აღნიშნავს ქეთი. 

პროგრამა 30-ზე მეტი ქართველი ხელოვანის ნამუშევარს აერთიანებს, როგორც საქართველოდან, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, ბიენალეს ფარგლებში იხილავთ სხვადასხვა საგანმანათლებლო, თემატურ საუბრებსა და პარალელურ ღონისძიებებს. 

გამოფენის ჰიბრიდული ხასიათი ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ხელოვანს, მედიუმს, რეალობასა, დროსა და სივრცეს (ყოფილი ელექტროსადგურის შენობა, გალერეები, თეატრები). ბიენალე თავს უყრის არა მხოლოდ ამ წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს, “არამედ დაკარგულ სხეულებს და ნამუშევრებს, გამქრალ ხმებს, გაუჩინარებულ ადამიანებს, რომელნიც ციფრულმა დოკუმენტებმა შემოგვინახა”. 

ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ირაკლი გამრეკელის გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრები, როგორც ნახატების ისე ხელოვანის მიხედვით შექმნილი სცენის მაკეტების სახით. ასევე, ექსპოზიციაში ორგანულად ერთვება ციფრული გამოსახულებაც – გამრეკელის მიერ გაფორმებული სპექტაკლების ამონარიდები. თანაც, საინტერესო გადაწყვეტას წარმოადგენს ხისა და სარკის კონსტრუქციების ისე შეთანხმება, როგორც ეს ზოგადად ახასიათებდა ირაკლი გამრეკელს – თითქოს, წარსულის დროიდან აწმყოში გადასხვაფერებული სახით, თანამედროვეობას მორგებული ელემენტებით გადმოვიდა. 

“საბოლოოდ კი ის, რაც წარსულში თუ თანამედროვეობაში განსხეულდა რეალობაში, ხელოვანების მზერის (Artist’s gaze)  ქვეშ მოექცევა და ფოტო თუ მოძრავ გამოსახულებად გარდაიქმნება. მათი სხეულის, გონების, კამერის გავლით გამოფენა თავად გახდება არტეფაქტი და პირდაპირი თუ მეტაფორული მნიშვნელობით ეკრანულ მეხსიერებად დარჩება” – ამბობს ქეთი შავგულიძე. 

Oxygen 2021-ის ღონისძიების ბმულზე შეგიძლიათ, გამოფენებისა და პარალელური შეხვედრების სრული ჩამონათვალი იხილოთ.

ავტორი ქეთია ბელქანია


გრავიტაციული ტალღების დეტექტორმა უჩვეულო სიგნალები დააფიქსირა

სად შეიძლება აღმოჩნდეთ მატარებელში? – ლონდონის რკინიგზის კამპანია