დედამიწის ოზონის შრე მზის მავნე რადიაციისგან იცავს სიცოცხლეს, თუმცა ადამიანის საქმიანობა ნელ-ნელა ამ ფარს აზიანებს. ულტრაიისფერი სხივებისგან (UV) ოზონის ფენის ნაკლები დაცვა დროთა განმავლობაში ნათესებს დააზიანებს, ასევე ზემოქმედებას მოახდენს ჩვენს კანსა და თვალებზე.
სანამ უშუალოდ მის ზეგავლენებზე ვისაუბრებთ, ჯერ მცირე ინფორმაცია გავიგოთ ოზონის შრის შესახებ.
დედამიწის ატმოსფერო შედგება რამდენიმე ფენისგან. ყველაზე დაბალი ფენა, ტროპოსფერო, ვრცელდება დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 6 მილამდე ან 10 კილომეტრამდე (კმ) სიმაღლეზე. ადამიანის პრაქტიკულად ყველა აქტივობა ხდება ტროპოსფეროში. შემდეგი ფენა, სტრატოსფეროა. კომერციული თვითმფრინავების უმეტესობა დაფრინავს სტრატოსფეროს ქვედა ნაწილში. ატმოსფერული ოზონის უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია სტრატოსფეროს ფენაში, დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 15-დან 30 კმ-მდე. ის არის მოლეკულა, რომელიც ჟანგბადის სამ ატომს შეიცავს. ოზონის მოლეკულები მუდმივად იქმნება და ნადგურდება სტრატოსფეროში. ოზონის შრე ბუნებრივ ეკრანს წარმოადგენს. ის იცავს დედამიწას და მთელ ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან.
ულტრაიისფერი სხივები და ოზონი
ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება რამდენიმე კატეგორიად იყოფა. UV-A არის UV-ის დაბალი ენერგიის ფორმა და აქვს მხოლოდ მინიმალური ბიოლოგიური ეფექტი. UV-B, უმაღლესი ენერგიის ფორმა, ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ცოცხალ ორგანიზმებსა და მასალებს. UV-C შეიწოვება ატმოსფეროში არსებული ჟანგბადით და არასოდეს აღწევს ჩვენამდე.
ოზონის შრე მოქმედებს როგორც ბუნებრივი ფილტრი, შთანთქავს მზის ულტრაიისფერ (UV) სხივებს. სტრატოსფერული ოზონის დაქვეითება იწვევს UV-B-ის ზრდას, რომელიც აღწევს დედამიწის ზედაპირს, სადაც მას შეუძლია შეაფერხოს ბიოლოგიური პროცესები და დააზიანოს მრავალი ბუნებრივი მასალა. ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის ბევრ პრობლემასთან, მათ შორის კანის კიბოსთან. მეცნიერები ასევე მიუთითებენ, რომ UV-B სხივების გაზრდილი ზემოქმედება გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე და იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას.
კანზე ზემოქმედება
UV-B გამოსხივება ყველანაირი ტიპის კანზე ერთნაირად მოქმედებს და, სამწუხაროდ, მისი ზემოქმედება კანის კიბოს მიზეზი შეიძლება გახდეს. კანის კიბოს 3 ძირითადი ტიპი არსებობს: ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და ავთვისებიანი მელანომა. მეცნიერებს მტკიცე ეჭვები აქვთ იმაზე, რომ ავთვისებიანი მელანომა, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს, გამოწვეულია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით.
მათ ასევე დაადასტურეს, რომ კანის არამელანომური კიბოც ულტრაიისფერი გამოსხივებით არის გამოწვეული; რომ ოზონის შრის 10%-ით დაქვეითება გამოიწვევს კანის არამელანომური კიბოს 26%-ით ზრდას. ეს კი ნიშნავს დამატებით 300,000 შემთხვევას წელიწადში, მთელ მსოფლიოში.
ზემოქმედება თვალებზე
UV-B გამოსხივებამ შეიძლება დააზიანოს თვალის რამდენიმე ნაწილი, მათ შორის ლინზა, რქოვანა და თვალის დაფარული გარსი (კონიუნქტივა). მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, სადაც ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი დონეა, მხედველობის პრობლემებიც უფრო მაღალ მაჩვენებელს აღწევს.
კატარაქტა თვალის ლინზების დაბინდვაა. მისი გაჩენის მიზეზი ხშირად ხდება ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული ზემოქმედება. როგორც მეცნიერები ამბობენ, მოსალოდნელია, რომ ოზონის შრის 10%-ით შეთხელება ყოველწლიურად გამოიწვევს კატარაქტის თითქმის ორ მილიონ ახალ შემთხვევას მსოფლიოში.
ეფექტი იმუნურ სისტემაზე
ულტრაიისფერი სხივები გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე, ვებრძოლოთ დაავადებას. სხეულის იმუნური სისტემა მისი პირველი დაცვის ხაზია შემოჭრილი მიკრობებისგან. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ულტრაიისფერი სხივების გაზრდილი ზემოქმედებით ზოგიერთი ვირუსი შეიძლება გააქტიურდეს.
ზემოქმედება გარემოზე
ულტრაიისფერი გამოსხივება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ველურ ბუნებაზეც. გადაჭარბებული UV-B აფერხებს თითქმის ყველა მწვანე მცენარის ზრდის პროცესს. მეცნიერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ოზონის გაფუჭებამ შეიძლება გამოიწვიოს მცენარეთა სახეობების დაკარგვა და შეამციროს გლობალური საკვების მიწოდება. მცენარეთა სახეობების ბალანსის ნებისმიერ ცვლილებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს, რადგან მთელი სიცოცხლე ურთიერთდაკავშირებულია. მცენარეები ქმნიან კვების ქსელის საფუძველს, ხელს უშლიან ნიადაგის ეროზიას და წყლის დაკარგვას და არიან ჟანგბადის ძირითადი მწარმოებლები.
რა იწვევს ოზონის დაქვეითებას?
ოზონის დაშლის მთავარი მიზეზი არის წარმოებული ქიმიკატები, განსაკუთრებით ჰალოკარბონული გამაგრილებელი საშუალებები, გამხსნელები, ძრავები და ჰალონები. 1970-იანი წლების დასაწყისიდან მეცნიერებმა დააფიქსირეს სტრატოსფერული ოზონის შემცირება და ის უფრო პოლარულ რეგიონებში შეინიშნებოდა.
1987 წელს მონრეალის პროტოკოლი შეიქმნა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა გაერთიანდა ოზონის დამშლელი ნივთიერებების წარმოებისა და იმპორტის შეწყვეტის მიზნით. მონრეალის პროტოკოლი ეტაპობრივად ამცირებს ოზონდამშლელი სხვადასხვა ნივთიერების (ODS) მოხმარებასა და წარმოებას. თითოეულმა ადამიანმა ასევე უნდა მიიღოს ზომები ოზონის შრის დაშლის თავიდან ასაცილებლად. თავიდან უნდა იქნას აცილებული პესტიციდების და ქიმიკატების გამოყენება. ოზონზე ცუდ გავლენას ახდენს მანქანების გამონაბოლქვიცა და გაუმართავი კონდიციონერებიდან გამოსული ჰაერიც კი. ამიტომ ეს ყოველივე თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რათა ჩვენივე სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცული იყოს.
რუბრიკას გარემოს დაცვის შესახებ წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი