მართალია, ოზი ტურნეებს დაემშვიდობა, მაგრამ ყურადღების ცენტრში მოქცევას მაინც ახერხებს. ჯერ იყო და დნმ-ის გაყიდვა დაიწყო, ახლა კი მხატვრობაში შიმპანზეებთან ერთად გადაეშვა. მოკლედ, Black Sabbath-ის წევრმა Save the Chimps-ის თავშესაფარში, შიმპანზეების ჯგუფთან ერთად, აბსტრაქტული ნახატების შეზღუდული გამოშვება შემოგვთავაზა. მეტიც, ამ ექსცენტრიული პროექტის ფარგლებში ოსბორნის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები პირველად გაიყიდება!

ნახატების შექმნის პროცესი ოზის სახელოსნოში დაიწყო, სადაც ჯერ ფერადი საბაზისო ფონები აირჩია მანამ, სანამ ტილოებს კრამერს, სეიბლს, სოფის და ჯენისს გადასცემდა, ადამიანები არ გეგონოთ, გადარჩენილი შიმპანზეებია, რომლებიც ნახატებს თავიანთ შტრიხებს შემატებდნენ, რაღა თქმა უნდა, არატოქსიკური საღებავების გამოყენებით.

აღსანიშნავია ნამუშევრების სახელებიც, რომელთა ინსპირაცია ოსბორნის დისკოგრაფია იყო, მათ შორის კი Paranoid, Tattooed Dancer და Electric Funeral გვხვდება. კოლექცია ამჯერად Omega Auctions-ზეა წარდგენილი, საწყისი ფასი კი 1000 ფუნტია. შემოსავლები Save the Chimps-ის არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაირიცხება, რომელიც ლაბორატორიიდან, ზოოპარკებიდან და გასართობი სივრცეებიდან დახსნილ 220 შიმპანზეს აერთიანებს.

როგორც ვხედავთ, წელს გამოსამშვიდობებელი ტურნეს შემდეგ, ოსბორნმა ძალისხმევა სხვა შემოქმედებითი სფეროსკენ მიმართა. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების, მათ შორის პარკინსონის დაავადებისა და 2019 წელს ხერხებლის სერიოზული დაზიანების შემდეგ, ხატვა მისთვის თერაპიული მნიშვნელობისაც გახლდათ, მით უმეტეს, რომ ასე შიმპანზეების დახმარებასაც შეძლებდა…
















