1
Jun
2019

როდესაც ბავშვს ვსჯით… პაატა ამონაშვილის #აზრები

1 Jun 2019

M2
M2


როდესაც ბავშვებს ვსჯით, ამით მათში გაკრვეულ ნიშან-თვისებებს ვაყალიბებთ. რა პიროვნული ნიშან-თვისებები ყალიბდება დასჯით? ესაა თვისება, ბავშვს ჰქონდეს სურვილი, შემდგომში თვითონაც განსაჯოს, დასაჯოს სხვები, გადაწყვიტოს, ისინი კარგები არიან თუ ცუდები, შემდეგ რაიმე მოაკლოს, წაართვას მათ და სხვა დასაჯოს ამით, სხვას აწყენინოს. ბავშვებისა უმეტესობა მოვლენებს ისე არ აღიქვამს, როგორც ჩვენ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ დავსჯით და ისინი მიხვდებიან თავიანთ ცუდ საქციელს. როცა ბავშვი ისჯება, თავის ცუდ საქციელს კი არ ხვდება, იმას ხვდება, რომ მას ცუდად მოექცნენ, არ უყვართ და უსამართლობას განიცდის. ამ პროცესში ბავშვში ყალიბდება დამოკიდებულება, რომ არ იზრუნოს სხვებზე, ზიანი მიაყენოს სხვებს და უსამართლოდ მოექცეს. დასჯა ავტორიტარული პედაგოკის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

აღზრდის მეთოდებს მე უფრო ორ ნაწილად ვყოფ – ბავშვებისადმი ავტორიტარული და ჰუმანურ-პიროვნული დამოკიდებულება. განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის, შეგვიძლია, ნათლად გამოვკეთოთ – ავტორიტარული მიდგომის დროს ჩვენ ვეძებთ დასჯისა და წახალისების გარეგნულ მექანიზმებსა და ფორმებს. სკოლის შემთხვევაში ესაა ნიშნები, სხვა შემთხვევაში – გაღიზიანებით ლაპარაკი ბავშვთან, ბრძანება, მითითება, დაყვირება, კუთხეში დაყენება და სხვა გარეგნული გამოვლინებები. ავტორიტარული მიდგომის შემთხვევაში, ჩვენ ვახალისებთ ბავშვებს, ასევე, გარეგნული ხერხებით, თუ კარგად მოიქცა, საჩუქარი მივცეთ, რაც მათ სურთ, ის გავუკეთოთ, მივმართავთ წახალისების სხვადასხვა გარეგნულ ფორმას. ჰუმანურ-პიროვნული მიდგომის შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, არ გავემიჯნოთ ბავშვებს, ვეძებთ თანხმობას. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ფსიქოლოგიის პრინციპიც, რომელსაც ვუწოდებთ თანხმობის ფსიქოლოგიას. თანხმობის ფსიქოლოგიის იდეა ისაა, რომ ყველა შემთხვევაში ვეძებოთ ბავშვებთან შეთანხმების გზები, დავიყოლიოთ ისინი, მოვანდომოთ მათ ის, რაც მათთვისვეა სასარგებლო.

პაატა ამონაშვილი – ფსიქოლოგი

უნდა განვსაზღვროთ წახალისებაც – ერთია ავტორიტარული წახალისება იგივე გარეგნული ფორმით წახალისება – ბავშვს მივცეთ ან გავუკეთოთ ის, რაც მას სიამოვნებს, იმისთვის, რომ გააკეთოს ის, რასაც ჩვენ ვთხოვთ. ჰუმანური პედაგოკის ფარგლებში წახალისება ისეთი მიდგომაა, როცა ჩვენ გვახარებს ბავშვის საქციელი, ბავშვს ვაგრძნობინებთ, როგორ გვასიამოვნა, როგორ გაგვახარა, როგორი ბედნიერება მოგვანიჭა თავისი ქცევით. მე ეს წახალისება უფრო მომწონს.

ბავშვებთან გაგება და ჰარმონია უნდა ვეძებოთ. ბავშვი შეცდომას თვითონ მიხვდება, როცა თვითონვე აღიარებს თავის მოქმედებებს, თვითონვე გრძნობს, როგორ გახდეს უკეთესი. ბავშვი არც ისე უნდა წავახალისოთ, რომ თავს გაუვიდეს და არც ისე უნდა დავსაჯოთ, რომ უკიდურეს ზომებში გადავიდეთ. ჰუმანური პედაგოგიკის შემთხვევაში სწორედ ჰარმონიას ვეძებთ.

როცა ავტორიტარული დასჯა-წახალისება პიროვნულ თვისებად ყალიბდება, ზრდასრულობის ასაკში ადამიანები, შესაბამისადაც, იქცევიან. ამ მეთოდს თვითონაც ითვისებენ და სხვების მიმართ იყენებენ, პირველ რიგში, მშობლების მიმართ. ბავშვები იზრდებიან, მშობლები კი ასაკში შედიან, როლები თითქოს იცვლება. თუ ბავშვობაში მათ ვსჯიდით, ეს აუცილებლად გვიბრუნდება ხოლმე უკან, ბავშები თავიანთი მშობლების დასჯას იწყებენ. დასჯა იწყება გასნჯით. ხშირად გვსმენია, „დედაჩემი არასწორია“, „მამაჩემი იმას არ აკეთებს, რაც საჭიროა“…საიდან მოდის ეს დამოკიდებულება? ბავშვობიდან, ეს მშობლების მიერ ჩანერგილი დამოკიდებულებაა.

შეგვიძლია, ორნაირი სიცელქე განვასხვავოთ. ერთი ის სიცელქეა, რომელიც განვითარების თანმდევია. ბავშვები ვითარდებიან, მათ ქცევას, ჩვენი აღქმით, სიცელქედ ვაფასებთ. ხშირად, სინამდვილეში ის, რასაც ჩვენ სიცელქედ აღვიქვამთ, ბავშვის განვითარების ნაწილია. განსაკუთრებით, როცა ბავშვები ერთი ქვიდან მეორეზე ხტებიან, გიჟებივით დარბიან, კედლებზე დაძვრებიან – ეს ყველაფერი განვითარების ნაწილია. სხვა სახის სიცელქეა, როცა ბავშვს აკლია ზნეობრიობა, ზრუნვა, გაგება და სიყვარული ოჯახის წევრებისა და სხვების მიმართ. ამ შემთხვევაში, როცა ბავშვი ყურადღებას არ აქცევს სხვის კარგად ყოფნას, სხვის დასვენებას, მძინარე მშობლებს ახტება თავზე, ეს ზნეობის ნაკლებობაა. პირველ შემთხვევაში, როცა სიცელქე განვითარების ნაწილია, სჯობს, ბავშვებთან ერთად ვიცელქოთ ჩვენც, ვირბოთ, ვიხტუნოთ მათთან ერთად. ცელქობა უფროსთან ერთად უფრო განავითარებს ბავშვს. მეორე შემთხვევაში, თუკი ვგრძნობთ, რომ ზნეობის პრობლემაა, მაშინ სჯობს, პირველ რიგში, ბავშვი ზნეობრივად აღვზარდოთ.

შვილი მშობლის საკუთრება არ არის არც ფიზიკურად, არც მორალურად, არც რელიგიურად… მართალია, ჩვენ გავაჩინეთ ჩვენი შვილები, მაგრამ, როგორც წმინდა წერილში წერია, მისი თმის ღერების დათვლაც კი არ შეგვიძლია. შესაბამისად, როგორ არიან ჩვენი საკუთრება? ალბათ, უფრო იმ არსებას ეკუთვნიან, რომელმაც იცის, რამდენი ღერი თმა აქვს, რამდენი უჯრედისგან შედგება, რამდენი მოლეკულა, ატომი და პროტონი არის მათში. ეს, რა თქმა უნდა, ღმერთია. აღზრდის სხვადასხვა მიზანიც სწორედ აქედან გამომდინარეობს. პირველ შემთხვევაში, თუკი ვიჩემებთ, რომ ბავშვი მშობლის საკუთრებაა, მაშინ ჩვენ ბავშვებს საკუთარი მიზნებისთვის ვზრდით და ჩვენთვის, რისთვის? იმისთვის, რომ გვეკუთვნოდნენ და როცა დავბერდებით, მოგვიარონ? მეორე შემთხვევაში, აღზრდის მიზანი სულ სხვაა, თუ ჩემი შვილი ღმერთის საკუთრებაა, მაშინ ღმერთისთვისვე ვზრდი მას, შესაბამისად, ვზრუნავთ, ის ნიშან-თვისებები ჩამოუყალიბდეთ, რაც დაეხმარებათ მათ ღმერთის პოვნაში.

ბავშვებს გარკვეული შინაგანი ლტოლვები აქვთ, ზოგადად, ბავშვის ბუნებიდან გამომდინარე. აქ შეგვიძლია, გამოვყოთ, ლტოლვა, თავი დიდებად იგრძნონ, ლტოლვა, იგრძნონ თავისუფლება. დიდობისა და თავისუფლების გაცნდა, ეს ის განცდებია, რომლებიც ბავშვებს ბედნიერებას ანიჭებს. დიდობასა და თავისუფლებაზე მსჯელობისას არ ვგულისხმობ, რომ ბავშვებს დიდების ყველა უფლება უნდა მივანიჭოთ, მოვალეობები დავაკისროთ, ან აბსოლუტური თავისუფლება მივცეთ. ვგულისხმობ იმას, რომ საჭიროა, გავუჩინოთ განცდა. დიდობის განცდის მინიჭება რთული არაა, საკმარისია, ვაღიაროთ ხოლმე, რომ მათში უკვე დიდებს ვხედავთ. არც თავისუფლების მიცემაა რთული, მთავარია, ბავშვს არ წავართვათ არჩევნის შესაძლებლობა სხვადასხვა ალტერნატივას შორის.

განხილვა