in

პაატა ღაძაძე – #პირველისამსახური

პირველი სამსახური, მგონია, რომ ყველას ნათლად ახსოვს თავისი დეტალებით და არც მე ვარ გამონაკლისი. პირველად ოფიციალურად სამსახურში მიმიღო ქონების მართვის მინისტრმა ბატონმა ავთანდილ სილაგაძემ, რომელიც მანამდე ჩემი ლექტორი და პროფესორი იყო თსუ-ში. ეს სამსახური თანამდებობრივად ასე იწოდებოდა „მინისტრის თანაშემწე“, თუმცა არავის უნახვებია ჩემთვის ე.წ. „სამუშაოს აღწერა“, ინსტრუქცია ან რაიმე ფორმალური დოკუმენტი. უბრალოდ, დამიბარა და შევხვდი მის პირველ მოადგილესთან ერთად ბატონ ემირ ჯუღელთან ერთად (რომელიც ასევე უკვე დიდი ხნის ჩემი პედაგოგო და მენტორიც იყო). ვისაუბრეთ პრივატიზაციის რეფორმის მნიშვნელობაზე, კიდევ რაღაცეებზე და ბოლოს იმ ფართო სამუშაო ფუნქციებზე, რაც თანაშემწეს უნდა შეესრულებინა. ეხლა კარგად მახსოვს, რომ არც მე მიკითხავს ხელფასი და არც მას (ავთანდილ სილაგაძეს). არ ვიცი, ალბათ ეს მნიშვნელოვანი არცერთისთვის იყო. ჩემთვის, მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გამოცდილების მიღება და ისეთ დიდ რეფორმაში ჩართვა იყო, რასაც პრივატიზაცია ეწოდებოდა. მე მაშინ 20 წლის ვიყავი და ასეთი ახალი გამოცდილება პირდაპირ უნივერსიტეტიდან ძალიან მახარებდა. მოსწონდათ მაშინ აქტიური, ენთუზიასტები და შედარებით ახალი ტიპის ხედვების მქონე სტუდენტები. მეც ასეთი ვიყავი და ასე მოვხვდი, რომ იტყვიან, ჩემი სურვილით და ნებით და არავის დახმარებით (თუ არ ჩავთვლით ემირ ჯუღელის საკმარისად კარგ რეკომენდაციას).

ჩემს ფუნქციებში შედიოდა როგორც ჩვეულებრივი ბიუროკრატიული სამუშაო – წერილების ვიზირებისთვის მომზადება, კლასიფიცირება, პასუხების გაცემაზე მონიტორინგი, – ასევე,  საინტერესო განხილვებში მონაწილებაც, რეფორმის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, პრობლემურ „პოტენციურ ბიზნესმენებთან“ შეხვედრები… თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც იყო პოტენციურ კერძო მესაკუთრეებთან პირველადი შეხვედრები და მათი გაფილტვრა მინისტრთან შეხვედრამდე. ანუ მე უნდა შევხვედროდი იმ მოქალაქეებს, რომელთაც რაიმე პრობლემა შეექმნებოდათ პრივატიზაციის დოკუმენტების ფორმირების დროს. ეს ხალხი ყველა მინისტრთან ან მოადგილესთან შეხვედრას ითხოვდნენ და მე ვიყავი პირველი ფილტრი. ეს იყო ყველაზე საინტერესო გამოცდილება, რადგან მაშინ გავიცანი ძალიან ბევრი დღეს უკვე საკუთარი მცირე თუ დიდი ბიზნესის მფლობელიც, რომლებიც მაშინ იწყებდნენ ახალი იდეებით და წარმატებულ ბიზნესმენებად ჩამოყალიბდნენ. 

დიდხანს არ დამიყოვნებია ამ პოზიციაზე, სულ რაღაც 18 თვე ვიყავი და კიდევ 3 თვე გამაგზავნეს აშშ-ში სპეციალურ ტრენინგებზე, რაც ალბათ ყველაზე დიდი და საინტერესო სიახლე იყო ჩემთვის – იქ გავიცანი ბევრი სხვა სახელმწიფო რეფორმატორი, მათ შორის სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ქვეყნებიდან – საინტერესო ხალხი იყო საინტერესო ხედვებით.

პირველ სამსახურში რაიმე დიდი დაბრკოლება არ მიგრძვნია. მაშინ ჩემნაირ სტუდენტებს თავისუფლად იყვანდნენ სახელწიფო სამსახურში. ასეთი ბიუროკრატიული პოზიცია ჩემთვის არ იქნებოდა საინტერესო, რომ არა თვითონ სამინისტროში გაკეთებული პრივატიზების საყოველთაო რეფორმა – მასობრივი პრივატიზაცია და მცირე მეწარმეების ფორმირება. აი ეს იყო საინტერესო. მერე, როცა თითქოს ყველაფერი გაკეთდა კანონმდებლობიდან დაწყებული და კერძო საკუთრებებში ქონებების გადაცემით დამთავრებული, – მერე ეს პოზიცია არც საინტერესო იყო ჩემთვის და არც კარიერული წინსვლა მიცდია სახელმწიფო სტრუქტურაში.

მას შემდეგ, 1994 წლის მაისიდან მოყოლებული დღემდე ვარ მხოლოდ კერძო ბიზნესში, ძირითადად ფინანსურ ინსტიტუტებში და მხოლოდ ამ პრიზმით ვუყურებ ქვეყნის განვითარებას და პროგრესს.

პაატა ღაძაძე – “თიბისი დაზღვევას” გენერალური დირექტორი

„ეძღვნება გია ყანჩელს“ – სანდრო ალექსიძის ახალი პროექტი 

“უარი ვთქვით უცხოურ ანალოგებზე და გადავწყვიტეთ HCM პლატფორმა ნულიდან შეგვექმნა” – Linton Group