მარკ ზაკერბერგმა განაცხადა, რომ Pac-Man Community-ის დებიუტი Facebook Gaming-ზე შედგება. თამაშის პარალელურად მისი ყურებაც შესაძლებელია. უფრო კონკრეტულად, კონტენტის შემქმნელებს პირდაპირ ეთერში Pac-Man-ის მატჩების სტრიმინგის გაშვება შეეძლებათ. ხოლო მაყურებელი გააკონტროლებს მოჩვენებების მოძრაობას და მთავარ პერსონაჟს დაედევნება.
Genvid Technologies-მა ღრუბლოვანი ტექნოლოგიის პლატფორმა Bandai Namco-სთან პარტნიორობით შეიმუშავა თამაში. “Pac-Man Facebook Gaming-ზე გადადის. შეგიძლიათ, ეს კლასიკური თამაში მეგობრებთან ერთად ითამაშოთ, უყუროთ სხვების თამაშებს და საკუთარი ლაბირინთები ააწყოთ. თამაშები მეტავერსიის დიდი ნაწილია და მოუთმენლად ველი, რომ მსგავსი თამაშები მეტად ინტერაქციული გახდება” — აღნიშნავს ზაკერბერგი.

ოლივერ მესენჯერმა, Facebook Gaming-ის პროდუქტის მენეჯმენტის დირექტორმა, განაცხადა, რომ ფეისბუქს უკვე მყარი ადგილი უკავია სოციალურ სათამაშო სივრცეში. ახალი ნაბიჯი კი მეტად გაამრავალფეროვნებს მას. “ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია, ბევრად უფრო უნიკალურები ვიყოთ და შევქმნათ უფრო ძლიერი თუ განსაკუთრებული გამოცდილება”.
თამაში Facebook Gaming-ის სამ ძირითად პრინციპს შეესაბამება — თამაში, ყურება, დაკავშირება. როგორც ცნობილია, მოთამაშეებს შეუძლიათ როგორც მარტო, ისე ჯგუფურად თამაში. გარდა ჩაშენებული Pac-Man Community ლაბირინთებისა, შესაძლებელია საკუთარი დონეებისა და გამოწვევების შექმნაც — ეს კი Maze Creator ხელსაწყოს გამოყენებით მიიღწევა. დროთა განმავლობაში მოსალოდნელია, რომ თამაშში უფრო მეტ Pac-Man რუკას ვიხილავთ.

ახალი Play with Streamer ფუნქციით, Facebook Gaming-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთი “საზოგადოების” წევრები მოიწვიონ. მოთამაშეების მიერ შექმნილი ლაბირინთები თამაშში ყოველდღიურად გამოჩნდება და უახლოეს მომავალში საზოგადოებაზე ორიენტირებული გამოწვევებიც დაემატება.
ამასთანავე, თამაშს აქვს Watch ჩანართი. ხედვის რეჟიმი ლაბირინთებს 3D ფორმატად გარდაქმნის, რომლებიც Unreal Engine-ით იკვებება. ამ უკანასკნელის მეშვეობით, მოთამაშეებს შეუძლიათ, უშუალოდ დაუკავშირდნენ თამაშს, აირჩიონ მხარე და გაააქტიურონ AI Pac-Man ან Ghosts. “ჩვენ მრავალი განსხვავებული გზა გვაქვს, რათა შევქმნათ ის, რისიც გვჯერა. თუ თქვენმა მეგობარმა ლაბირინთი შექმნა, რომლის გამოყენებაც გსურთ, შეგიძლიათ, მისი ლაბირინთის ნომერი შეიყვანოთ. ასევე, ვაპირებთ ინდივიდუალური მუსიკალური სიების შექმნის უფლების მინიჭებას”.

გარდა ამისა, სამომავლოდ შეიძლება ვიხილოთ ვიქტორინები, აუდიტორიის გამოკითხვებიც. მართალია, მასიური და მუდმივი 3D მოდელების შექმნას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ მომავალი ნამდვილად საიმედოდ გამოიყურება.












