საახალწლო ციებ-ცხელება ნელ-ნელა იწყება და სწორედ ამ დროს ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი Marks and Spencer-ი თავისი მორიგ ვიდეორგოლს ავრცელებს. გასულ წელს ბრენდის ვიდეო საუკეთესო ნამუშევრების ჩამონათვალში მოხვდა. ფაქტია, რომ არც ახალი რეკლამაა ნაკლები, რომლის მომზადებაზეც ამჯერად სააგენტო Grey-მ იმუშავა. სიუჟეტის მიხედვით, სახლში კომფორტულად მოკალათებული, ჩაძინებული პატარების საყვარელი გმირი დათვი პადინგტონი მოულოდნელად სახურავზე ხმაურს გაიგონებს და იქ საჩუქრების ქურდს აღმოაჩენს, რომელსაც დათვი სანტა კლაუსად აღიქვამს. მიუხედავად მოულოდნელი, თანაც არც თუ ისე კარგი განზრახვის მქონე სტუმრისა, კეთილი დათვი თავისი საოცარი სითბოთი საახალწლო სასწაულს მოახდენს, პატარებს საჩუქრების გარეშე დარჩენისგან იხსნის, ხოლო ქურდს კი საკუთარ შეცდომებზე დააფიქრებს. Marks and Spencer-ის სარეკლამო ვიდეორგოლი სწორედ პადინგტონის ფილმის მეორე ნაწილის გამოსვლას დაემთხვა, რომლის ხილვასაც მაყურებელი დიდი ეკრანებზე სულ მალე შეძლებს.