in

კრეატიული სააგენტო „პანდა“ ელექტრონული მუსიკის სემინარებს დააფინანსებს

კრეატიული სააგენტო „პანდა“ ელექტრონული მუსიკის სემინარებს დააფინანსებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მუსიკის ეს მიმართულება, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველდღიურად, უფრო აქტუალური და შესაბამისად, შემოსავლიანი ხდება.

BOG
BOG

„ყოველწლიურად იზრდება ისეთი ფესტივალების რიცხვი, სადაც აქცენტი ელექტრონულ მუსიკაზე კეთდება. უკვე არაერთი ლოკაცია იქცა ადგილობრივების თუ ტურისტებისთვის მიმზიდველ ცენტრად. ეს პოტენციალი საქართველოსაც აქვს. თბილისს რამდენიმე გავლენიანმა გამოცემამ „აღმოსავლეთ ევროპის ბერლინიც“ უწოდა. ამიტომ, საქართველომ ეს შანსი უკეთესად უნდა გამოიყენოს. ამ მიზნის მიღწევას მეტი ადამიანის ჩართულობა სჭირდება, რაც დარგის განვითარებას შეუწყობდა ხელს. საქმე ისაა, რომ დაინტერესების მიუხედავად, საქართველოში ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, მარტივად მიიღონ ინფორმაცია, როგორ დაიწყონ ელექტრონული მუსიკის შექმნა. უცხოელი არტისტების ჩამოყვანა, ზოგადად, ქვეყნის და ამ მიმართულების განვითარებაზე დადებითად მოქმედებს, თუმცა, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“.

როგორც თავად ამბობენ, სწორედ ამიტომ, კრეატიულმა სააგენტო „პანდამ“, ელექტრონული მუსიკის ლექცია-სემინარების დაფინანსება გადაწყვიტა.

„ლექციებზე დასწრებას ელექტრონული მუსიკის ნებისმიერი მოყვარული შეძლებს. მათ ექნებათ საშუალება, გაიგონ მეტი ამ მიმდინარეობის შესახებ, რაც, შესაძლოა, საკუთარი თავის აღმოჩენაშიც კი დაეხმაროთ. სემინარებს წაიკითხავენ საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით გამოცდილი მუსიკალური არტისტები“.

სააგენტოში ამბობენ, რომ პროექტის მიზანია, ქართველი დამწყები მუსიკოსებისა და ქვეყნის კულტურული განვითარების ხელშეწყობა.

„ამ სფეროს წინ წამოწევა დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც. ბერლინი, ამ მხრივ, უკვე წლებია გამოირჩევა. ღამის ეკონომიკიდან, ქალაქის შემოსავალი, წელიწადში, 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს. არსებობს უამრავი სფერო, რომლის მნიშვნელობაც ერთი შეხედვით არ ჩანს, თუმცა, სამყაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი როლი უკავია. ასეთია ელექტრონული მუსიკაც“.

ამიტომ, „პანდას” პროექტის მიზანი, როგორც კრეატიულ სააგენტოში ამბობენ, საზოგადოებაში, ამ მიმართულებით, ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებაა. მათივე თქმით, პროექტი გრძელვადიანი იქნება:

„CSR მიმართულება ჩვენი სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც საზოგადოებას არაერთ საინტერესო პროექტს შესთავაზებს“.

პროექტი სექტემბრიდან დაიწყება. მსურველებს სემინარებსა და ლექციებზე დასწრება განაცხადის მეშვეობით შეეძლებათ, რომელიც ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი.

[R]

ნიუ-იორკში ოპერირებას ქართულ-ამერიკული იურიდიული კომპანია EK Law Office PLLC იწყებს

“ხელოვნება და ჩოგბურთი გავაერთიანეთ” – იმერსიული შოუ “უიმბლდონის” კამპანიაში