ბევრს ვსაუბრობთ გლობალურ დათბობაზე, მდგრად მოხმარებასა და მწვანე მარკეტინგზე, ბრენდებზე, რომლებსაც დედამიწის პულსზე უჭირავთ ხელი და ცდილობენ, საწარმოო პროცესით ნაკლები ზიანი მიაყენონ პლანეტას — მათ რიცხვს კი ამჯერად Pandora შეემატა, რომელიც ოქროსა და ვერცხლის მოპოვებაზე უარს ამბობს!
თუმცა ჯერ იმას გეტყვით, რომ თანამედროვე სამყაროსთვის ძვირფასი ლითონები მეტად ღირებულია, რადგან მათი გადამუშავება უსასრულოდ, ხარისხის შემცირების გარეშე, შეიძლება. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად სამკაულებისთვის 1 600 ტონა ოქრო მოიპოვება, რაც ნახშირბადის დიდ ოდენობას უკავშირდება და მუშებზეც ძალიან ცუდად აისახება.
ხოლო Pandora, რომელიც მსოფლიოში მოცულობით ყველაზე მეტ სამკაულს აწარმოებს და წელიწადში 103 მილიონ ერთეულს ყიდის, მიწოდების ქსელზე მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ გვეუბნება, რომ ამიერიდან თითოეული სამკაული გადამუშავებული ვერცხლისა და ოქროსგან დამზადდება.
მოსალოდნელია, რომ ბრენდის ეს ინიციატივა ყოველწლიურად 58 000 ტონა ნახშირბადს დაზოგავს, რაც უკეთ რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით, რომ 11 000 სახლის მიერ ელექტროენერგიის ყოველწლიურ მოხმარებას უტოლდება…
საინტერესოა, რომ დღეს მსოფლიოში ვერცხლის მარაგის 20%-ზე ნაკლები და ოქროს 25%-ზე ნაკლები სწორედ გადამუშავებული წყაროებიდან მოდის. ეს კი პანდორასთვის იმას ნიშნავდა, რომ მზა მიწოდების ქსელი არ არსებობდა და მას ისინი მსოფლიოს მასშტაბით უნდა მოეძებნა.
გასულ წელს ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც და დღეს გვეუბნებიან, რომ ოქროს უმეტესობა ინდუსტრიული წყაროებიდან მოდის, იქნება ეს რენტგენის დანადგარები თუ ელექტრო აღჭურვილობები — „ოქროსა და ვერცხლის ოდენობა სამკაულებში გაცილებით მცირეა, მაგრამ ისინი დიდი რაოდენობით გვხვდება ინდუსტრიულ დანადგარებში“.
მეტიც, Human Rights Watch-ის თანახმად, მილიონობით ადამიანია ჩართული ოქროს, ვერცხლისა და ალმასის მოპოვებაში იმისათვის, რომ თავი ირჩინონ, მაგრამ სამუშაო პირობები სავალალოა. მუშები, რომელთა შორის ბავშვებიც არიან, ხშირად ზიანდებიან ან კვდებიან ამ პროცესში, რასაც წყლის ქიმიური ნაერთებით დაბინძურებაც ემატება…
რაც შეეხება გადამამუშავებელ ქარხნებს, ლითონები ჩვეულებრივ დნება, ნახშირბადის კვალი კი მოპოვებისას გამოყოფილზე სამჯერ ნაკლებია. უფრო ზუსტად, გადამუშავებული ოქრო 1%-ით ნაკლებ ნახშირბადის ემისიას გვთავაზობს, ოქროს მოპოვებასთან შედარებით.
მიუხედავად ამისა, გადამუშავებული ოქრო და ვერცხლი უფრო ძვირია, რაც ამ ტენდენციის ფართოდ დანერგვას უშლის ხელს. პანდორასაც ამ სვლამ ხარჯები 10 მილიონი დოლარით გაუზარდა. თუმცა ამბობენ, რომ ეს სამკაულების ფასზე არ აისახება…