12
ივლ
2018

„პირველი ქართველი გოგო, რომელმაც გაბედა და პანკისში ბიზნესი დაიწყო“ – Pankisi Camping

12 ივლ 2018

Startauperi
Startauperi


„გამარჯობა, მე ვარ მანო – პირველი ქართველი გოგო, რომელმაც გაბედა და პანკისში ბიზნესი წამოიწყო“ – ასე წარადგენდა თავს მანო ქავთარაძე, მას რომ შეხვედროდით. ჩვენ კი, ვეცდებით მოგიყვეთ გოგოს შესახებ, რომელმაც ქისტ მეგობართან ერთად, სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკი „პანკისი ქემფინგ“ შექმნა. „პანკისი არ არის საშიში“ – ეს ის მესიჯია, რომლის ხმამაღლა გაჟღერებასაც, ტურიზმის მიმართულებით, პანკისის „პირველი მერცხლები“ ცდილობენ.

მანო წარმოშობით ფასანაურიდანაა, პროფესიით – ეკონომისტი, 6 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა, ყოველ შაბათ-კვირას კი ლაშქრობისთვის იყენებდა. რამდენიმე თვის წინ, სამსახურის დატოვება და ტურიზმის მიმართულებით, „რამე სასარგებლოს გაკეთება“ გადაწყვიტა. იდეა რეალობად მხოლოდ პანკისში – მანოსთვის, ზღვა ნეგატიური ინფორმაციის გავლენით, საშიშ ადგილას ჩასვლის შემდეგ იქცა:

პირველად რომ ჩამოვედი მეც რაღაც შიში მქონდა, რაც პანკისზე ვიცოდი, ყველაფერი მხოლოდ უარყოფითი იყო. რეალურად კი, ძალიან განსხვავებული სიტუაცია დამხდვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ყველა კუთხე მაქვს შემოვლილი, ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი კი სხვაგან არსად მინახავს. ვნახე, რომ აქ საშიში არაფერია, პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩამოვიდეს. იქიდან რომ მოვდიოდი მეუბნებოდნენ, „ხო კარგია ჩვენთან, ხო მოგწონს, უთხარი სხვებსაც, რომ არ არის საშიში, ჩამოვიდნენ, ყველას ვუმასპინძლებთო“. ადგილობრივები არიან ძალიან დათრგუნულები, ამდენად დიდი უნდობლობა რომ გვაქვს მათ მიმართ“.

პანკისის მოსახლეობის მიმართ უნდობლობის გასაფანტად, ქისტი და ქართველი ახალგაზრდების დასამეგობრებლად და ამ ადგილის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად, 6 თვის წინ, მანომ და მისმა ქისტმა მეგობარმა – ბეგი ბორჩაშვილმა, პანკისში პირველი სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკის შექმნაზე ზრუნვა დაიწყეს:

გაჩნდა იდეა, დამუშავდა გეგმა და დავიწყეთ მუშაობა. ხადორის ხეობაში, ალაზნის პირას, იზოლირებულ, მყუდრო ადგილას დავიწყეთ ბანაკის მოწყობა. გავთიბეთ ბალახი, დავასუფთავეთ ტყის პირი, გავალამაზეთ ხეები, გავაკეთეთ წყარო, მაგიდები და სკამები, ხისგან ავაშენეთ ადმინისტრაციული შენობა და კაფე. ეს ყველაფერი საკუთარი ხელით და მეგობრების თანადგომით. ბანაკის განვითარება კი ახლაც გრძელდება“, – გვიყვება მანო ქავთარაძე.

ამ ადგილას, „პანკისი ქემფინგამდე“ მხოლოდ რამდენიმე საოჯახო სასტუმრო და არც ერთი კაფე იყო. USAID Zrda Activity in Georgia, Orbeliani Georgia-სა და ჩეხეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, მანომ და ბეგიმ ბანაკისთვის ინვენტარი შეიძინეს. დარჩენილი საკითხების მოგვარება კი ადგილობრივების მხარდაჭერით, მათ მიერ შეგროვილი მასალითა და დახმარებით შეძლეს. შედეგად კი, „პანკისი ქემფინგ“ სტუმრებს სთავაზობს:

ღამისთევას ტყის მყუდრო და გრილ გარემოში, ალაზნის პირას, ხადორის ხეობაში. ტრადიციულ ქართულ და ქისტურ სამზარეულოს, ტურებს პანკისის მთებში, თუშეთში, ხევსურეთში, უკანა ფშავში. ასევე, ცხენების დაქირავებას/საცხენოსნო ტურებს, სამთო ველოსიპედებისა და სალაშქრო ინვენტარის დაქირავებას. პროფესიონალ, სერთიფიცირებულ სამთო-საფეხმავლო გიდების მომსახურებასა და ველური ბუნების ფოტოგრაფიის ტურებს“.

ამ ეტაპზე, Pankisi Camping-ს, არსებული ინვენტარით, ერთდროულად 45 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია, ტერიტორია იძლევა საკუთარი კარვით განთავსების შესაძლებლობასაც. მანო კი პროფესიულ განვითარებას სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში განაგრძობს და ნოემბერში, უკვე თვითონაც იქნება სერთიფიცირებული სამთო-საფეხმავლო გიდი:

სამსახურიდან რომ წამოვედი სწავლა დავიწყე. გარდა ამისა, ეკო ტურიზმის ასოციაციის ტრენინგები მაქვს გავლილი, ჩემი მეგობრები, ვისთან ერთადაც Pankisi Camping-ში ვმუშაობ, სერტიფიცირებული გიდები არიან. ცხენებიც გვყავს, ველოსიპედებიც, მთაში ყველა ბილიკი, უღელტეხილი და ტბა ვიცით. სანახავი კი ძალიან ბევრია, მით უმეტეს, ისეთ ადგილას არის პანკისი, პირდაპირ შეგიძლია თუშეთში, ხევსურეთში, უკანა ფშავსა თუ თიანეთში გადახვიდე. ძალიან მაგარი მარშრუტებია, რომელიც ჯერ არ არის მოკვლეული, თუმცა, სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა ტენდერი და მოხდება ამ ტერიტორიის მარკირება. პანკისი იდეალური ადგილია ტურისტებისთვის, რომლებიც მეორედ, ან მესამედ ჩამოდიან საქართველოში და რაღაც სიახლე უნდათ, გარდა ყაზბეგისა და მესტიისა. თუმცა, ჩვენი ორიენტირი ქართველ ახალგაზრდებზეა, რომლებშიც გვინდა „პანკისი საშიში ადგილი“ სტერეოტიპის დამსხვრევა და იმის დანახება, თუ რამდენად სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს პანკისში“.

განხილვა