ოდნავ ნისლიანი დილა, სუფთა ჰაერი, სიმწვანე, ბავშვების ჟივილ-ხივილი, მყუდრო და მშვიდი გარემო, პანორამული ხედები ღამით განათებულ თბილისზე – ეს ყველაფერი არ არის, რისი ნახვაც „წავკისი პანორამას“ ტერიტორიაზე და ასევე, არსებულ ვიდეორგოლში შეგვიძლია. ვიდეო რგოლი შექმნილია სტუდია „პარალელის” მიერ და ესთეტიკურად გადმოგვცემს ახალი საცხოვრებელი კომპლექსის ამბავს, რომელიც თბილისის ცენტრიდან 7 წუთის სავალზე მდებარეობს და 15,000 მ² რეკრეაციულ ზონას მოიცავს. „წავკისი პანორამა” არის ადგილი, სადაც მშვიდი ცხოვრებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.
პროექტი მდებარეობს წავკისში, თბილისის ცენტრიდან ძალიან ახლოს და ამავდროულად, ქალაქის ხმაურისგან შორს. ეს არის იდეალური ლოკაცია მათთვის, ვისაც ქალაქიდან ბოლომდე მოწყვეტა არ სურს, თუმცა ცხოვრება ბუნებასთან ახლოს, სიმშვიდესა და სიმწვანეში უნდა. ეკოლოგიურად სუფთა მდებარეობა სწორედ ამ მიზეზებით შეირჩა და აქ თანამედროვე სტანდარტებით, ინფრასტრუქტურულად სრულად აღჭურვილი უბნის მშენებლობა დაიწყო.
მარიამ აფაქიძე, „პანორამა წავკისის” გაყიდვების და მარკეტინგის აღმასრულებელი:
„ჩვენი კომპანიის მიზანია, ადამიანებს შეუქმნას იდეალური საცხოვრებელი გარემო. ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ 2007 წლიდან დავიწყეთ და ამას ადასტურებს „წავკისის ველის“ წარმატებულად განხორციელებული პროექტიც, რომელიც ვფიქრობ, რომ თანამედროვე ტენდენციის ჩამოყალიბების ინსპირაციაც იყო. გვაქვს ამბიცია, კერძო საცხოვრებელი უბნების კუთხით საუკეთესო პროექტები შევთავაზოთ მომავალ მობინადრეებს და ასევე, გვეკავოს მოწინავე ადგილი ამ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებს შორის. თითოეული პროექტის დაგეგმარებისას ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დღესდღეობით ეკოლოგიურად სუფთა გარემო მომავალი თაობებისთვის.
ჩვენ თავიდანვე გვსურდა, რომ პროექტი, თავისი არსით, ყოფილიყო ჯანსაღი და მოეხდინა დადებითი გავლენა მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე. როდესაც არქიტექტურა ჰარმონიაშია ბუნებასთან და დაგეგმარებისას გათვალისწინებულია სოციალიზაციის მნიშვნელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს პოზიტიურად აისახება საზოგადოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
სწორედ ამიტომ, „წავკისი პანორამას“ განაშენიანების გეგმაზე მუშაობისას, ჩვენი მთავარი მიზანი რეკრეაციული სივრცის შენარჩუნება იყო. ასევე, ბუნებასთან ინტეგრირება და ჰარმონიული საცხოვრებელი გარემოს შექმნა. პროექტის უდიდესი ნაწილი მწვანე სივრცეებსა და ეკომეგობრულ ინფრასტრუქტურას დაეთმო. „წავკისი პანორამას“ ტერიტორია 13 ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს 98 ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთს, რომელიც ყველა კომუნიკაციით არის უზრუნველყოფილი. ასევე, 15 000 კვ.მ სარეკრეაციო ზონას, ჩოგბურთის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნებს, სკეიტპარკს და ველობილიკს. აქვე დაგხვდებათ ერთკილომეტრიანი სასეირნო ხეივანიც, ასაკობრივად დაყოფილი ბავშვთა გასართობი სივრცეები, ქვიშის მოედნები და სასრიალოები.“
„წავკისი პანორამას“ პროექტზე მუშაობისას გააზრებულ იქნა სამეზობლო კონცეფციაც. გუნდს კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალიზაცია და ადამიანური ურთიერთობები. ამისთვის ჩვენს ტერიტორიაზე მოეწყო მობინადრეთა შეკრების ადგილები და სოციალური სივრცეები, რაც ასევე კარგად არის ასახული „პარალელის” მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში. აქ ნათლად ჩანს, თუ როგორი სტუმართმოყვარე გარემოა ახალ უბანში, როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან მეზობლები, როგორ თამაშობენ კალათბურთს ბავშვები და როგორი სასიამოვნო, მშვიდი გარემო სუფევს მთლიანად საცხოვრებელ ტერიტორიაზე. ეს ის ადგილია, სადაც ნებისმიერ დროს თავისუფლად შეიძლება სეირნობა, სადაც თავს მუდამ უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობთ, შეძლებთ დაკავდეთ ჯანსაღი აქტივობებით და იცხოვროთ სივრცეში, რომელიც ყოველთვის სუფთა, მოვლილი და მოწესრიგებული იქნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს თავად კომპანია უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ვიდეორგოლს, ის სინემატიკური მეთოდითაა მომზადებული, რაც კინოინდუსტრიაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებას გულისხმობს.
ირაკლი დარჩია, „პარალელის” დამფუძნებელი:
„მეთოდი, თავისი არსით, თითქმის იდენტურია თანამედროვე კინოინდუსტრიაში არსებული ტექნოლოგიებისა, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს ფოტოგრამეტრიას, დრონის რეალურ კადრებში ინტეგრაციას, ე.წ. მწვანე ეკრანის საშუალებით მიღებული მასალის დამუშავებას და ა.შ. შედეგად, მიიღება ამ მეთოდის მთავარი ბენეფიტი, ფოტორეალისტურობა და CG მოდელების ორგანულობა.
პროექტზე მუშაობისას ყველაზე ხშირად გვჭირდებოდა სტუდიური სამუშაოსა და საპროექტო ტერიტორიაზე გადაღებების კომბინაცია. ადგილზე გატარებული დიდი დრო დაგვეხმარა მობინადრეთა თვალით წარმოგვედგინა კომპლექსი, რაც საბოლოოდ ანიმაციაშიც აისახა. ჩვენ ვთვლით, რომ გრაფიკული კონტენტისთვის ინფორმაციულობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის ემოციები, რომელიც უნდა განიცადოს მომხმარებელმა. ამ პროექტისთვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი ბუნებასთან სიახლოვეა, რაც არა მარტო გამოსახულებით, არამედ ხმოვანი ეფექტებითაც შევეცადეთ გადმოგვეცა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომავალ მცხოვრებლებამდე მიგვეტანა პროექტის სხვა გამორჩეული მხარეები, როგორიცაა დაცულობა, ულამაზესი ხედები და ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი გარემო”.
ეს პროექტი სტუდია „პარალელისთვის” პირველი ნამდვილად არ არის. კომპანია 2019 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს ფოტორეალისტურ არქიტექტურულ ვიზუალიზაციას. თავდაპირველად მისი ძირითადი საქმიანობა ფოტო რენდერებს მოიცავდა, თუმცა სტუდიის ზრდასთან ერთად, გაფართოვდა მისი სერვისებიც და დღეს ისეთ პროექტებზეც მუშაობს, როგორიცაა სინემატიკური არქიტექტურული ანიმაცია, ანუ ზუსტად ისეთი, როგორიც კომპანია „წავკისი პანორამასთვის” შეიქმნა. სტუდიას სამომავლოდაც დიდი გეგმები აქვს, მათ შორისაა რამდენიმე საერთაშორისო პროექტი, რომლის შესახებაც, როგორც ირაკლი დარჩიამ გვითხრა, მალე გახდება ცნობილი.
მანამდე კი, თუ ქალაქის სიახლოვეს, ბუნებაში კომფორტულ სახლს ეძებთ, რომელიც თქვენი მუდმივი საცხოვრებელი უნდა გახდეს, „წავკისი პანორამას” უბანში ჯერ კიდევ დაგხვდებათ სათქვენო ადგილი.
[R]