10
Dec
2018

“ბონბონერებისა და „დუხის“ ეპოქა დამთავრდა!” – ონლაინ მაღაზია Panta.ge

10 Dec 2018

Startauperi
Startauperi


“რა ვაჩუქო?” ის კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს უწევს. დიდი არჩევანის მიუხედავად, საჩუქრის შერჩევა კვლავაც არაა მარტივი პროცესი – ზოგს დრო არ ჰყოფნის მაღაზიებში წასასვლელად, ზოგსაც კონკრეტულ ადამიანზე მორგებული ნივთის შეძენა უნდა და ა.შ. Panta.ge საჩუქრების შერჩევის გასამარტივებლად შეიქმნა. ესაა ონლაინ პლატფორმა, სადაც სასურველი წარწერისა და ვიზუალის შერჩევითაა შესაძლებელი სასურველი პროდუქტის შეკვეთა, ონლაინ ანგარიშსწორება და საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიღება. სერვისის მთავარ უპირატესობად, დამფუძნებლებს მისი ავტომატიზებული სისტემა მიაჩნიათ. “პანტა” ლევან სუმბაძემ და გიორგი დოლიძემ საკუთარი ცოდნითა და რესურსებით შექმნეს. კომპანიის პროდუქტზე, მომსახურების თავისებურებასა და გეგმებზე, მარკეტერის კითხვებს ლევან სუმბაძემ უპასუხა.

M: როგორ დაიბადა “პანტა”?

„პანტას“ დაბადების მოწმობა ამბობს, რომ კომპანია 2016 წლის გაზაფხულზე გაჩნდა. “პანტას” დაბადების იდეა კი, ჩვენსავე სარეკლამო კომპანია „ბრენდჰენდი“ მუშაობის დროს გაჩნდა, სადაც კორპორატიული კლიენტების გარდა, ხშირად გვწერდნენ რიგითი მოქალქეები და ითხოვდნენ  ბრენდირებულ პროდუქტს ცალობით. თავდაპირველად, საცალო გაყიდვებზე უარს ვამბობდით, თუმცა მოგვიანებით, როცა მეტი ცოდნა, გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობა გაგვიჩნდა, მივხვდით, რომ ოცამდე სახეობის პროდუქტი შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საცალო ბაზრისთვის. პროდუქტები, რომლებზეც შესაძლებელი იქნებოდა 24 საათში ცალობით სასურველი გამოსახულების გაკეთება.

მთავარი გამოწვევის – ადამიანური და მატერიალური რესურსის ოპტიმიზაციის საპასუხოდ, გამოსავალი ვნახეთ განსხვავებულ და კრეატიულ მიდგომაში, რაც გამოიხატა ონლაინ პლატფორმის შექმნით, სადაც მომხმარებელი თავად ქმნის სასურველი დიზაინის პროდუქტს, ყიდულობს ონლაინ და იღებს საჩუქარს საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

საიტი ჩვენივე ცოდნით შევქმენით და 2016 წლის გაზაფხულზე საცალო გაყიდვებს შევუდექით; რამდენიმეთვიანი წარმატებული სატესტო რეჟიმით მუშაობის შემდეგ, საიტი უფრო დაიხვეწა და აქტიური მარკეტინგი დავიწყეთ. დღეისათვის, კომპანია 50-მდე პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს და რამდენიმე კვირაში პროდუქტთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

M: კონკრეტულად, რა სერვისები გაქვთ?

პანტას მთავარი სერვისი საცალო ბაზრისთვის მრავალფეროვანი სასაჩუქრე პროდუქციის შეთავაზებაა, რომელზეც მას შეუძლია ნებისმიერი სასურველი გამოსახულების დატანა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად და საჩუქრის მიღება თუ გაგზავნა საქართველოს ნებისმიერ წერტილში. სულ მალე, საიტს დაემატება მზა დიზაინის გამოყენების ფუქციაც, რომლის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ექნება წინასწარ შექმნილი დიზაინის გამოყენება და სურვილისამებრ რედაქტირება.  

M: რა საბაზრო საჭიროებამ გადაგაწყვეტინათ ამ მიმართულების მომსახურების შექმნა?

ჩვენი აზრით, დამთავრდა ბონბონერებისა და „დუხის“ ჩუქების ეპოქა და მომხმარებელს განსხვავებული და ინდივიდუალური საჩუქარი უნდა, რომელიც არ ჰგავს სხვას, არის ერთადერთი დაა უნიკალური. ჩვენთან შესაძლებელია 5-დან 100 ლარამდე თანხად მომხმარებელმა შექმნას ინდივიდუალური საჩუქარი და გაუგზავნოთ მეგობარს მაგალითად ქუთაისში, როცა ის თბილისში თუ ბერლინში იმყოფება.

M: რა სირთულეებს აწყდებიან მომხმარებლები მსგავსი პროდუქციის სხვაგან შეძენისას და რა ალტერნატივას სთავაზობთ თქვენ?

პანტას უპირატესობა პროდუქციის მრავალფეროვნებაში და უნიკალურობაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პროდუქციის 80% სხვაგან ფიზიკურად არ იყიდება, ან თუ იყიდება ღირს უფრო ძვირი, ვიდრე ჩვენთან და საჭიროებს მომხმარებლის ფიზიკურ ინტერაქციას კომპანიასთან. ჩვენ გვაქვს ევროპული სტანდარტის ეკო-პროდუქცია, რომელიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მხოლოდ ჩვენთან იყიდება.

პანტას მომხმარებელს არ უწევს შეკვეთის განსათავსებლად სახლიდან თუ ოფისიდან გასვლა და შეუძლია საჩუქარი ოჯახის წევრს თუ მეგობარს გაუგზავნოს სხვა ქალაქში. ჩვენი სერვისი მოთხოვნადია ემიგრანტებშიც, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სარგებლობენ ჩვენი საიტით და მათ წილ ემოციას უზიარებენ ახლობლებს.

ასევე უნდა აღინიშნოს ოპერატიულობა და მოქნილობა პროდუქტის მიწოდების მხრივ, მომხმარებელს აქვს საშუალება რომ თბილისის მაშტაბით საჩუქარი მიიღოს 36-48 საათში, რეგიონში 2-3 დღეში ან თავად აიღონ საჩუქრი 24 საათის განმავლობაში – სახელოსნოდან ან ჩვენი ფიზიკური სტენდიდან რომელიც გლდანი მოლში მდებარეობს.

ფიზიკური სტენდის შექმნა და ისევ ბაზრის მოთხოვნამ განაპირობა; მომხმარებელს ხშირად სურს ფიზიკურად ნახოს ისეთი პროდუქცია რომელიც მაინც ახალია ბაზრისთვის და იქვე აქვთ საშუალება განათავსონ შეკვეთა.

M: ვინ წარმოადგენს თქვენს სამიზნე სეგმენტს?

ინდივიდუალური საჩუქრების მაძიებლები, რომლებსაც სურთ განსხვავებული და უნიკალური საჩუქრის შექმნა და შეძენა სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად.

M: როგორც ახსენეთ, თქვენი სერვისებით სარგებლობა ფიზიკურ პირებს შეუძლიათ. კორპორატიულ შეკვეთებს როგორ ღებულობთ?

ფიზიკური პირიების მოთხოვნები და კორპორატიული პირების შორის სხვაობა შეუძლებელს ხდის ერთი სერვისითა და პლატფორმით სერვისის გაწევას. როგორც წესი, კორპორატიული შეკვეთები მოცულობითია, რაც საკმაოდ განსხვავებულ განფასებასა და სამუშაო პროცესებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, კორპორატიულ შეკვეთებს ემსახურება ჩვენი თავდაპირველი სარეკლამო კომპანია brandhand.ge, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და წელიწადში 800 კომპანიას ემსახურება და რომელიც ორმა ახალგაზრდა და ამ სფეროში სრულიად გამოუცდელმა მეგობარმა შევქმენით 350 ლარიანი ინვესტიციით.

M: ვინ დააფუძნა კომპანია? “პანტა” თქვენს პროფესიულ არჩევანს უკავშირდება?

„პანტა“ არის კახურ-გურული ტანდემი, კომპანიის დამფუძნებლები ვართ მე, ლევან სუმბაძე და გიორგი დოლიძე. გიორგის გურულმა წარმოშობამ მისცა შთაგონება კომპანიას რქმეოდა – “პანტა”. პანტა ვაშლი მისთვის სიუხვესთან, სიხალისესთან და გართობასთან ასოცირდება და აქედან დაიბადა იდეის სახელოწოდებაც.  მანვე შექმნა ონლაინ პლატფორმა საკუთარი რესურსებით www.panta.ge  ბიზნესის ოპერირებას, დანადგარებს, წარმოების პროცესს, მომწოდებლებს სათავეში კი მე ჩავუდექი. პროფესიულ განათლებაზე მეტად, გუნდის წარმატება შთაგონებამ, ერთად მუშაობის გამოცდილებამ და გუნდის ორგანიზებულმა შრომამ განაპირობა.

M: “პანტას” შექმნამდე რას საქმიანობდით?

2007 წლიდან, ჩვენი ერთად მუშაობის გამოცდილება დაიწყო საქართევლოში ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ახალგაზრული ორგანიზაცია „აისეკი“ შექმნით საქართველოში; რომელიც დღეს წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას. ამის შემდგომ, 2011 წელს, ჩვენ შევქმენით ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა, რომელიც ასევე წარმატებული არაფორმალური განათლების გამავრცელებელი ორგანიზაციაა. საგანმანათლებლო ორგანიზაციებში განვითარების პროცესში მივიღეთ საერთაშორისო გამოცდილება ოცამდე ქვეყანაში და შედეგად, 2012 წლიდან შევუდექით სამეწარმეო საქმიანობას და განვახორციელეთ პირველი წარმატებული სტარტაპი სარეკლამო კომპანია – “ბრენდჰენდი”.

M: სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ…

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას ასამდე, ხოლო მომდევნო წელს 200 პროდუქტამდე, რას უპრეცედნტო იქნება არამარტო ქართული, არამედ საერთოაშორისო ბაზრისთვისაც. ელექტორნულ გაყიდვებთან ერთად, ფიზიკური გაყიდვების სივრცეებზეც არის მოთხოვნა და შესაბამისად, ვგეგმავთ ფიზიკური სტენდების განთავსებას ქალაქის სავაჭრო ცენტებში; 2019 წლის გაზაფხულის მიწურულს ალბათ ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია ვიქნებით, რომელსაც ექნება ელექტრონული გაყიდვები მთელი კავკასიის მასშტაბით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. პროდუქციის წარმოება, მიწოდება და მენეჯმენტი საქართველოდან მოხდება.

განხილვა