in

Pantone-ის ფერთა სისტემას 224 ახალი ტონი შეემატა

Pantone-მა თავის ფერთა სისტემას 224 ახალი ფერი დაამატა. ეს კომპანიის პირველი დიდი განახლებაა 2022 წლის შემდეგ და, Pantone-ის მიხედვით, დიზაინში მიმდინარე უფრო ფართო ცვლილებას ასახავს: ნეიტრალური და ჩახშობილი ტონების ადგილს თანდათან უფრო გაჯერებული ფერები, მაღალი კონტრასტი და უჩვეულო კომბინაციები იკავებს.

BOG
BOG

Pantone Matching System-ს დღეს დიზაინერები, მბეჭდავები და მწარმოებლები იყენებენ იმისთვის, რომ სხვადასხვა მასალასა და წარმოების პროცესში ერთი და იგივე ფერი ზუსტად გაიმეორონ. ახალი დამატებების შემდეგ სისტემაში უკვე თითქმის 9000 ფერია.

წინა განახლების დროს Pantone-ის ყურადღება თბილ ნაცრისფერებსა და მუქ ნეიტრალურ ტონებზე იყო გამახვილებული. 2026 წლის დამატებები სრულიად განსხვავებულ განწყობას აჩვენებს. Pantone Color Institute-ის გუნდმა ახალი ფერები გლობალურ ვიზუალურ ტენდენციებზე დაკვირვების საფუძველზე შეარჩია და ცვლილებას მინიმალიზმიდან უფრო გააზრებული მაქსიმალიზმისკენ მოძრაობას უკავშირებს.

ამ ცვლილებაში განსაკუთრებით დიდი გავლენა Gen Z-ს აქვს. Pantone Color Institute-ის ვიცე-პრეზიდენტის, ლორი პრესმანის თქმით, ინტერნეტკულტურის დიდ ნაწილს სწორედ ეს თაობა განსაზღვრავს და ფერს მილენიალებისგან განსხვავებულად იყენებს. „ისინი ნეიტრალურ პალიტრებს უფრო ძლიერი ფერებით ცვლიან, რომლებიც ერთფეროვან გარემოში გამოყოფის საშუალებას აძლევს“, – ამბობს პრესმანი.

ბოლო წლებში ვიზუალურ კულტურაში ფართოდ გავრცელებული იყო კრემისფერი, შავი, ნაცრისფერი და სხვა მშვიდი ტონები. ეს ესთეტიკა განსაკუთრებით ე.წ. quiet luxury-სთან, თავშეკავებულ დიზაინთან და უსაფრთხო კომერციულ არჩევანთან ასოცირდებოდა. Pantone-ის დაკვირვებით, მათი დომინანტური პოზიცია თანდათან სუსტდება და ბრენდები თუ დიზაინერები უფრო უცნაურ ფერთა კომბინაციებსა და ძლიერ კონტრასტებს მიმართავენ.

ამ ცვლილებას ციფრული გარემოც აძლიერებს. ეკრანზე უამრავი ერთმანეთის მსგავსი ვიზუალის პირობებში ფერი ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალება გახდა. Pantone-ის ახალი ტონებიც ნაწილობრივ სწორედ იმ საჭიროებას პასუხობს, რომ დიზაინი სოციალურ ქსელებსა და სხვა ციფრულ არხებში უფრო შესამჩნევი იყოს.

ახალი ფერების შესაძლებლობების საჩვენებლად Pantone-მა ოთხი პალიტრაც შექმნა. Desire for Pleasure ტკბილეულსა და ხილს მოგვაგონებს და კაშკაშა ვარდისფერს, ნარინჯისფერს, წყლისფერ ლურჯსა და ფისტასფერს აერთიანებს. Desire for the Exquisite ღია ვარდისფერს მუქ წითელთან, ნაცრისფერსა და შოკოლადისფერ ტონებთან აერთიანებს. Oxygenating მცენარეული ფერებით არის აგებული და რამდენიმე მწვანე ტონს ყვითელთან აკავშირებს. Beyond Boundaries კი რეტროფუტურისტულ მიმართულებას მიჰყვება: წყლისფერი და იისფერი კომბინაციები 1980-იანი და 1990-იანი წლების პოპულარულ ვიზუალურ ენას ეხმიანება.

Pantone-ისთვის ეს ცვლილება მხოლოდ დეკორატიულ არჩევანს აღარ ეხება. პრესმანის თქმით, ფერს დღეს უფრო ხშირად იყენებენ როგორც ვიზუალური იდენტობისა და კომუნიკაციის ინსტრუმენტს. „დღეს ფერის გამოყენება დამოკიდებულებას გამოხატავს. ადამიანებს კარგად ესმით თითოეულ ფერთან დაკავშირებული სიმბოლიკა და ისიც, რომ ყველა ფერს თავისი გზავნილი და მნიშვნელობა აქვს“.

ამიტომ Pantone-ის 224 ახალი ფერი შეიძლება ერთგვარ ინდიკატორადაც მივიჩნიოთ. რამდენიმე წლის განმავლობაში დიზაინში გაბატონებული სიმშვიდისა და თავშეკავების შემდეგ ფერი ისევ უფრო ხმამაღალი ხდება. ვიზუალური ენა კი სულ უფრო ხშირად ეფუძნება პრინციპს, რომ ზოგჯერ მეტი ნამდვილად მეტია.

კვლევა: სამსახურებრივი სტრესი მხოლოდ გადატვირთულ გრაფიკს არ უკავშირდება

„არ გადაყარო, ჩააბარე“ – „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა