in

ყველაფერი და არაფერი ერთდროულად – როგორია Pantone-ის 2026 წლის ფერი

2000 წლიდან მოყოლებული, Pantone-მა წლის ფერის სტატუსი არაერთ განსხვავებულ ტონს მიანიჭა – ამ ხნის განმავლობაში ვიხილეთ ყავისფერისა და ყვითლის სხვადასხვა ვარიაცია, იისფერის, ლურჯისა და ფირუზისფერის რამდენიმე გამა და ნარინჯისფრის ოთხი მკვეთრად განსხვავებული ინტერპრეტაციაც კი. თუმცა წელს, Pantone-ის არჩევანი, პრაქტიკულად, „უფერო ფერზე“ შეჩერდა, რომელსაც ამავდროულად შეგვიძლია ყველა ფერის ერთობლიობაც ვუწოდოთ. გაიცანით Pantone-ის 2026 წლის ფერი – თეთრი, კოდური სახელწოდებით 11-4201, იგივე Cloud Dancer.

Pantone ერთდროულად ტრენდების პროგნოზირებითა და სოციალური ფსიქოლოგიითაა დაკავებული და ამ გადაწყვეტილებას „დიდი კულტურული გადატვირთვის“ საჭიროებით ხსნის. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როცა ყოველდღიურად ყველაფერი იცვლება და ინტერნეტისგან მომდინარე ინფორმაციული ხმაური პიკს აღწევს, Cloud Dancer გვევლინება ერთგვარ გარდამავალ სივრცედ. ეს არის ფერი, რომელიც ფიზიკურ სამყაროსთან გვაბრუნებს – ის უფრო ახლოსაა რეალურ, ხელშესახებ ქაღალდის სითეთრესთან, ვიდრე ეკრანზე მანათობელ, ციფრულ AI პიქსელებთან.

დიზაინის ესთეტიკის კუთხით, Cloud Dancer პრაქტიკულ დატვირთვასაც ატარებს. პრესმანის თქმით, ეს არის დროის მიღმა არსებული, გენდერულად ნეიტრალური ფერი, რომელიც ეფექტურია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ფერებთან კომბინაციაში. ეს არის სპეციფიკური თეთრი, რომელიც თანაბრად აბალანსებს თბილ და ცივ ტონებს (და როგორც პრაქტიკა აჩვენებს, რეალურ ცხოვრებაში უფრო ნათელია, ვიდრე კატალოგის ნიმუშზე). ის წარმოადგენს ნეიტრალურ ფონს, რომელიც გარშემო არსებულ ფერებს ითვისებს და წარმოაჩენს.

დღევანდელ ინტერნეტ-ქაოსში, სადაც ყველა გემოვნება თანაარსებობს და არცერთი ტრენდი დიდხანს არ ცოცხლობს, Cloud Dancer უნივერსალური „გამაერთიანებლის“ ფუნქციას ითავსებს. ის ერთგვარი დუღაბია ფერების ფართო სპექტრისთვის და თანაბრად ორგანულად გამოიყურება როგორც თვალისმომჭრელ სნიკერებზე, ისე მშვიდ საძინებელ ოთახში.

შესაძლოა, ბევრმა ამ არჩევანში „ჩუმი ფუფუნების“ (Quiet Luxury) გამოძახილი დაინახოს – ტენდენციის, რომელმაც პიკს 2023 წელს მიაღწია, როცა ბრენდებმა აქცენტი ნეიტრალურ ტონებზე გააკეთეს. Pantone-შიც ადასტურებენ, რომ გუნდში ამ მსგავსებაზე მსჯელობდნენ, თუმცა განსხვავება განზრახვაშია: თუ „ჩუმი ფუფუნება“ სისადავით სიმდიდრის შენიღბვას ცდილობდა, Cloud Dancer გაურკვევლობის ეპოქაში სრულიად ახალი დასაწყისის, Tabula Rasa-ს სიმბოლოა.

მოდის ჩვენებებზე ეს თეთრი საინტერესოდ გამოიყურება. ჯენიფერ ლოურენსის Dior-ის კაბიდან დაწყებული, როზალიას სტილით დამთავრებული (რაც Charlie XCX-ის „Brat-მწვანეს“ ერთგვარი გამწმენდი პასუხი იყო), თეთრი სადღესასწაულო განაცხადად იქცა. ამას ადასტურებს Moncler-ისა და Jil Sander-ის ახალი კოლაბორაციაც, რომელიც ზამთრის თეთრის სილამაზეს უსვამს ხაზს.

თეთრი, ისევე როგორც შავი, უკვე დიდი ხანია გემოვნებიანობის უტყუარ ინდიკატორად ითვლება – იქნება ეს კლასიკური პერანგი თუ სპორტული ფეხსაცმელი. ამ ტენდენციის კვალდაკვალ, Pantone აანონსებს კოლაბორაციებს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Post-it და Play-Doh. საკულტო ფერადი პროდუქტების Cloud Dancer-ის ტონალობაში ხილვა მოულოდნელად ეფექტური, მოდერნისტული და არქიტექტურულია.

წყარო: Fastcompany

სად არის თბილისში ყველაზე სუფთა ჰაერი?

Apple-მა 2025 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა