როგორც ხედავთ, წლის ფერი Mocha Mousse (PANTONE 17-1230) გახლავთ, რომელსაც რაღაც გემრიელისკენ მივყავართ… კაკაოს, ყავისა და შოკოლადის გემოებს აღვიძებს. PANTONE-ში კი დახვეწილ და უპრეტენზიო ფერად აღწერენ, რომელიც მდიდრულიც შეიძლება იყოს. მათთვის ფერის სენსორული სითბო დახვეწილობისა და კომფორტის სრულყოფილ ნაზავს ქმნის, რაც გლამურს მატებს მას, თუმცა, ამასთან, ყველასთვის ხელმისაწვდომადაც აქცევს.
საინტერესოა, რომ PANTONE-მა არჩევანი ღია ყავისფერზე კულტურული მიდრეკილების გამო შეაჩერა, რომელიც ბუნებასთან დაკავშირებისკენ მიიწევს და კომფორტს ანიჭებს უპირატესობას. შესაბამისად, Mocha Mousse დედამიწის საბაზისო ფერსაც ასახავს და თანამედროვე ცხოვრების სტილის ელემენტებსაც.
PANTONE Color Institute-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამ წლის არჩევანი სრულად ჰარმონიას ეხება, ჩვენს თავებს, ურთიერთობებსა თუ ირგვლივ არსებულ სამყაროს შორის — „ამის გათვალისწინებით, Pantone Color of the Year 2025-ისთვის ვეძებდით ფერს, რომელიც კომფორტისა და კეთილდღეობის ირგვლივ არსებულ ჩვენსავე სურვილებს ასახავდა, მარტივ სიამოვნებებს, რომელთა გაზიარებაც სხვებისთვის შეგვიძლია“.
მართალია, ინდუსტრიაში მთავარი სიტყვა PANTONE-ს ეკუთვნის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მანამდე წლის ფერი Behr-მა გაგვაცნო, რომელიც უნდა ითქვას, რომ არცთუ ისე შორს არის Mocha Mousse-ისგან… შემდგომ კი ინდუსტრიის წამყვანმა კომპანიებმა 2025 წლის ფერად 8 ვარიანტი შემოგვთავაზეს, რომელთა ნახვასაც ამ ლინკზე შეძლებთ.