in

Pantone-მა დამწყები დიზაინერებისთვის ფერთა ბიუჯეტური გზამკვლევი გამოუშვა

თუ აქამდე Pantone-ის ფერთა პროფესიონალური გზამკვლევები მოდისა და ინტერიერის დიზაინერებისთვის რამდენიმე ასეულ, ან სულაც ათასობით დოლართან იყო დაკავშირებული, კომპანიამ თამაშის წესების შეცვლა გადაწყვიტა. ბრენდმა წარმოადგინა ახალი პროდუქტი – Pantone Capsule: Signature Edition, რომელიც დამწყებებისთვისაა განკუთვნილი და მისი ფასი სულ რაღაც $99-ია. ეს არის კომპაქტური, ერთიანი ნაკრები „მარაოს პრინციპით“, რომელიც 600-ზე მეტ ფერს აერთიანებს. პროდუქტი მოთავსებულია ცილინდრულ, საკოლექციო შეფუთვაში. გზამკვლევი „Pantone-ის ანბანს“ წარმოადგენს, და აერთიანებს ფერებს ბრენდის 60-წლიანი ისტორიიდან.

BOG
BOG

კოლექციაში ფერები შემთხვევით არ მოხვედრილა – ისინი პრაქტიკული გამოყენებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შეარჩიეს. აქ შეხვდებით როგორც უახლეს ტონებს, მაგალითად, საფირონისფერ ლურჯს – Pantone 6104 C, ისე ნოსტალგიურ ფერებსაც – მკვეთრ ყვითელსა – Pantone 102 C – და იასამნისფერ-ვარდისფერს – Pantone 238, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარული 80-იან და 90-იან წლებში იყო.

ეს Pantone-ისთვის გარკვეულწილად უჩვეულო სვლაა, რადგან ტრადიციულად კომპანია არსებულ სტანდარტულ ფორმულებს აახლებს ხოლმე და არა ახალ, შეზღუდულ კოლექციებს ქმნის. იდეა მომხმარებელთა „მოსმენის ინიციატივის“ ფარგლებში დაიბადა. ოქტომბერში, Adobe Max-ზე გამართულ პრეზენტაციაზე დიზაინერების მხრიდან გამოხატულმა ენთუზიაზმმა კი დაადასტურა, რომ მსგავსი პროდუქტის საჭიროება ნამდვილად არსებობდა.

კომპანია ახალ გზამკვლევს მოიაზრებს სასწავლო რესურსად სტუდენტებისა და კონტენტ კრეატორებისთვის, ასევე პორტატიულ დამხმარე საშუალებას ფრილანსერებისთვის, რომლებსაც კლიენტებთან შეხვედრებზე სიარული ხშირად უწევთ.

მართალია, Pantone-ის მთავარი ბიზნესი ფერების ვერიფიკაციაა, მაგრამ „წლის ფერის“ კამპანიამ და ცნობილ ბრენდებთან კოლაბორაციებმა ის პოპ-კულტურის ნაწილად აქცია. ეს ხელმისაწვდომი, მობილური და ესთეტიკური ნაკრები კი ბრენდის ფილოსოფიის ფიზიკური გამოვლინებაა – გახადოს პროფესიონალური ფერთა პალიტრა ყველასთვის ხელმისაწვდომი.

წყარო: Pantone

რა ხდება, როცა გუნდში სტრატეგია და აღსრულება ერთმანეთს ვერ ემთხვევა

„ბენე ექსკლუზივის” ორგანიზებით, 30 იანვარს „სტამბას რუფტოპი” Benefit Talks-ის დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს