in ,

Paprika – ნატურალური ქართული პროდუქტის ბრენდირებული მაღაზია

Startauperi
Startauperi

paprikaპაპრიკა” ნატურალური ქართული პროდუქტების ახალი, ბრენდირებული მაღაზიაა, რომელიც  7 ოქტომბერს გაიხსნა. მაღაზიაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილი, გლეხებისა და ფერმერების მიერ დამზადებული ნატურალური პროდუქცია იყიდება. მაღაზიის შესახებ უფრო დეტალურად „პაპრიკას“ დამფუძნებლის, სალომე სიმონიას ინტერვიუდან შეიტყობთ.

M: მოგვიყევით “პაპრიკას” შესახებ, რა პროდუქციას სთავაზობთ კლიენტებს?

ჩვენს მაღაზიაში მოსულ მყიდველს თაროებზე ხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ჩამოტანილი ნატურალური პროდუქცია, ზოგისთვის ბავშვობის მონატრებული გემო, ზოგისთვის კი, სასიამოვნო აღმოჩენა. პარალელურად, კლიენტებს ვთავაზობთ ქართულ ნახევარფაბრიკატებს. ჩვენ, როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით მწარმოებლებს მათი საქმიანობის პოპულარიზაციაში. მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი ქართულ პროდუქციაზე გვაქვს, უარი არც ისეთ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე გვითქვამს, რომელთა წარმოებაც საქართველოში აქტიურად არ ხდება, მაგალითად, ბრინჯი და წიწიბურა.

ეს ყველაფერი მაქსიმალურად სუფთა, მყუდრო, ლამაზ და სასიამოვნო სივრცეშია თავმოყრილი, სადაც ნებისმიერს შეუძლია თავი კომფორტულად იგრძნოს. რაც მთავარია, ჩვენ ვართ გულწრფელები და კლიენტებს ვთავაზობთ მხოლოდ იმას, რასაც მე თვითონ, უყოყმანოდ ვიყიდდი ჩემი ოჯახისთვის.

paprika

M: როგორ შეირჩევა მაღაზიაში განთავსებული პროდუქცია?

პროდუქტები მზადდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებ ოჯახებში, ფერმებში, ან საწარმოებში და თითოეული მათგანი ირჩევა იმის მიხედვით, თუ რამდენად ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა, დაწყებული შემადგენლობით, დამთავრებული გემოთი.

M: როგორ გაჩნდა მსგავსი მაღაზიის გაკეთების იდეა?

ერთი წლის წინ გაჩნდა იდეა, რომ ქალაქში ყოფილიყო გამორჩეული მაღაზია, სადაც გაიყიდებოდა მაქსიმალურად ხარისხიანი, გემრიელი პროდუქტები; სადაც იქნებოდა დიდი ასორტიმენტი და შემოსულ კლიენტს შეეძლებოდა ერთ სივრცეში ეყიდა მისთვის საჭირო ყველა პროდუქტი.

ამ საქმეში მთელი ძალა და შემართებაა ჩადებული. ვფიქრობ, კეთილი და სასარგებლო საქმეა, როგორც მწარმოებლისთვის, ასევე მომხმარებლისთვისაც. ჩვენ ვუფასებთ გლეხს შრომას და მოსახლეობას ვაძლევთ საშუალებას, სასიამოვნო გარემოში, დიდ ასორტიმენტში, თავისი გემოვნების მიხედვით აარჩიოს პროდუქტი, რომელიც თანაბრად გემრიელი და სასარგებლოა.

paprika

M: რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?

ჩვენი კონკურენტებიც კარგ საქმეს ემსახურებიან და ამდენად, ჩვენ მათდამი პატივისცემით ვართ განწყობილები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოვირჩევით კონცეფციით, – თანაბრად ვახეიროთ გლეხიც და მომხმარებელიც; ხარისხით, – გვქონდეს მხოლოდ საუკეთესო; გარემოთი, რომელიც მაქსიმალურად თბილია და მომსახურებით, რომელიც ორიენტირებულია გულწრფელობაზე და ჩვენი კლიენტების ბედნიერებაზე.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

ამ ეტაპზე, პირველი და მთავარი გეგმა, მაღაზიაში ასორტიმენტის მაქსიმალური ზრდაა. უახლოეს მომავალში კი, იგეგმება მეორე მაღაზიის გახსნა, ქსელის გაკეთება და მიტანის სერვისის დამატება. ასევე, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოვიძიოთ უფრო და უფრო მეტი ექსკლუზიური პროდუქცია გლეხებისგან.

ლიდერობის განვითარების 5 მთავარი ელემენტი

„სიკვდილის ანა-ბანა“ Volvo–ს მისტიკურ ვიდეორგოლში