13
ივნ
2018

პაპუნა შარიქაძე: «რამდენადაც ღრმად შევაბიჯე ჯაზის სამყაროში, საკუთარი თავიც უკეთ გავიცანი»

13 ივნ 2018

15 ივნისს, 21:00-ზე, გუდიაშვილის #18-ში, Art House-ში, “Publica Talks-ის“ ღონისძიებაზე, ახალგაზრდა პიანისტი და ჯაზმენი, პაპუნა შარიქაძე, მეგობრებთან ერთად: ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ბერიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, სოფო ბათილაშვილი, ლაშა აბაშმაძე და გიო კაპანაძე აღნიშნავს 21 წლის იუბილეს. მანამდე კი, გთავაზობთ ინტერვიუს პაპუნა შარიქაძესთან – მის განვლილ გზაზე «ბერკლის» უნივერსიტეტამდე და იმ გარდატეხაზე, რაც JAZZ-ის სამშობლომ მოახდინა მის პიროვნებასა თუ კარიერაში:

M: მოგვიყევი შენს ბავშვობაზე, ფაქტორებზე, რომლებმაც გავლენა იქონია შენი ინტერესის სფეროების, იდენტობის ფორმირებაზე..
ჩემი ბავშვობა 5 წლიდან მუსიკას უკავშირდება. ზუსტად ამ დროს, მამაჩემის დახმარებით, პირველად ვისწავლე რამდენიმე ქართული სიმღერის ორ ხელში დაკვრა და მღერა ფორტეპიანოზე. მალევე, დამოუკიდებლად დავიწყე ახალი სიმღერების აწყობაც. მე და ფორტეპიანო დავმეგობრდით.

ერთი რამ, რამაც, ზუსტად ვიცი, რომ ორმაგად და სამმაგად გამიადვილა ამ ინსტრუმენტისთვის სწრაფად ამეღო ალღო, იყო აბსოლუტური სმენა და იმპროვიზაციის სიყვარული, რომელიც მამაჩემისგან გენეტიკურად გამომყვა.


M: როდის და როგორ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში ჯაზი, რა ადგილი მიუჩინე და როგორ იქცა შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად?
თუ არ ჩავთვლით იმას, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ღრმა ბავშვობიდან გამოვავლინე თავისუფალი იმპროვიზაციის მიმართ სიყვარული და გარშემო მუდმივად მესმოდა ჯაზური ჰანგები, პირველად ჯაზი გამოჩნდა მაშინ, როცა 12 წლის ასაკში სიმღერისგან დროებითი პაუზის აღება დამჭირდა. ანუ, ეს ის პერიოდია, როცა გადავწყვიტე, ჯაზის სწავლა დამეწყო. ჩემი ცხოვრება ოფიციალურად ჯაზს ამ პერიოდში დაუკავშირდა. ჩავაბარე „ნიჭიერთა ათწლედში“ და გავიცანი ზურა რამიშვილი. ზურამ მთელს ჩემს სამომავლო კარიერას, ცხოვრებასა და მუსიკის მიმართ დამოკიდებულებას მისცა მთავარი გეზი და დღესაც ამ გეზით მივდივარ.

M: როგორია შენი გზა «ბერკლის» უნივერსიტეტამდე და რამდენად რთული აღმოჩნდა თავის დამკვიდრება საქართველოსგან შორს?
ამერიკაში, კერძოდ, «ბერკლის» სამუსიკო კოლეჯში წასვლის იდეა, დაახლოებით, 2 წელიწადში გაჩნდა და რა თქმა უნდა, ამ იდეას ყველა ჩემმა მუსიკოსმა მეგობარმა მაშინვე დაუჭირა მხარი. 17 წლის ასაკში წავედი «ბერკლის» საზაფხულო პროგრამაზე და მოვიგე სწავლის სრული დაფინანსება 4 წლით. 18 წლის პაპუნა «ბერკლის» ოფიციალური სტუდენტი გახდა და დღეს უკვე ერთი კურსი დამრჩა დამთავრებამდე. «ბერკლიში» მოხვედრამდე ნამდვილად გრძელი გზა გავიარე, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ რთული.

ჩემს ნიჭსა და შესაძლებლობებს, მაინცდამაინც, ხაზს არ გადავუსვამ, მაგრამ მგონია, რომ ჩემმა იღბლიანობამაც დიდი როლი ითამაშა ამ წარმატების მიღწევაში.

M: რა შეცვალა «ბერკლის» უნივერსიტეტმა, იმ გარემომ, სადაც ხარ, შენს მსოფლმხედველობაში, დამოკიდებულებაში ჯაზზე, ზოგადად, კარიერულ პერსპექტივებში და ა.შ.?
ბერკლიმ გამაცნო მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, მომცა სერიოზული თეორიული განათლება მუსიკალურიც და ზოგადიც, შემახვედრა ჯაზის ნამდვილ ლეგენდებს, დამანახა, ზოგადად, მუსიკის ინდუსტრია განსხვავებული თვალით და მომცა უამრავი სასარგებლო პერსპექტივა. ამ ყველაფერს ტვინში ჯერ კიდევ ვამუშავებ და ვაორგანიზებ, რადგან მთლიანობაში ძალიან დიდი ინფორმაციაა.

M: რა აღმოაჩინე ახალი მუსიკასა თუ საკუთარ თავში? როგორ განვითარდა შენი მუსიკალური გემოვნება?
იმდენად, რამდენადაც ღრმად შევაბიჯე ჯაზის სამყაროში, საკუთარი თავიც უკეთ გავიცანი. ეს ორი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ჯაზი და იმპროვიზაცია საკუთარი თავის გამოხატვაში გეხმარება, ამიტომ საკუთარ თავზე დაკვირვება და ყურადღების მიპყრობა მუდმივად გჭირდება. მე დღეს ასე ვუყურებ, მხოლოდ ვირტუოზობა და გამართული ტექნიკა, დღეს, ჩემთვის ძალიან ცოტას ნიშნავს.M: ვისთან ისურვებდი კოლაბორაციას და უკვე გაქვს, თუ არა სასურველ მუსიკოსთან პარტნიორობის გამოცდილება?
კონკრეტულ მუსიკოსთან ან მომღერალთან კოლაბორაციის ოცნება არ მაქვს. ამ ეტაპზე მირჩევნია, რაც შეიძლება ბევრი მუსიკოსი გავიცნო და მათგან სხვადასხვა სახის გამოცდილებები მივიღო. ისე, სიამოვნებით დავუკრავდი რომელიმე, შედარებით, ძველი თაობის ცნობილ ჯაზმენთან, მაგალითად, ჰერბი ჰენკოკთან დუეტში, ორ როიალზე, ან ბრედ მელდაუსთან ერთად… აქვე გავიხსენებ, რომ 2017 წლის ნოემბერში, თბილისის ჯაზ-ფესტივალზე ედი გომესთან ერთად ჩამოვედი.


ეს არის ლეგენდარული ბასისტი, რომელიც 70-იან წლებში ბილ ევანსის ტრიოს წევრი და მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო. დღეს, უკვე 73 წლისაა, მაგრამ ჯერ ისევ მშვენიერ ფორმაშია. ხშირად ფიზიკურად ერთად ვერ ვართ, მაგრამ მუდმივად ვუკავშირდებით ერთმანეთს და უახლოეს მომავალში კიდევ ვაპირებთ დაკვრას.

M: შენს რამდენიმე ძველ ჩანაწერს მოვუსმინე და თუ შეიცვალა ჯაზის განსაზღვრება, დროთა განმავლობაში? რა არის, დღეს, პაპუნა შარიქაძისთვის ჯაზი?
დღეს, კიდევ უფრო აღარ ვიცი, რა არის ჯაზი. ადრე ვამბობდი, ჯაზი თავისუფლებაა-მეთქი, როგორც ძირითადად, განმარტავენ ხოლმე, მაგრამ დღეს აღარ მყოფნის ეს აღწერა.

მგონია, რომ ჯაზი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ თავისუფლება.

M: 15 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებისგან რას უნდა ველოდოთ ჯაზის მსმენელები?
15 ივნისს, 9 საათზე, „პუბლიკაში“ აღვნიშნავთ ჩემს დაბადების დღეს და ვუკრავ ჩემს ტრიოსთან ერთად, რომელიც ქართველი მუსიკოსებისგან შედგება: ლაშა აბაშმაძე (ბასი) და გიორგი კაპანაძე (დრამი). ასევე, გვეყოლება ბევრი, ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასი მოწვეული სტუმრებიც. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანებისა და მუსიკოსების გარემოცვაში ძალიან მაგარი საღამო გამოგვივა. გელოდებით ყველას!

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: https://tkt.ge/ka/event/papunas-21st-birthday-with-friends-145793



განხილვა