in

„პარალელის“ ნამუშევარი, Vwartclub-ის 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესოთა ათეულში მოხვდა

ინტერვიუ სტუდიის დამფუძნებლებთან 2-წლიან ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე

არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდია „პარალელი“ 2 წლის გახდა. ამ თარიღს კომპანია დიდი წარმატებით შეხვდა – მისი ნამუშევარი, საერთაშორისო ვიზუალიზაციის პლატფორმა Vwartclub-ის 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. ამ წარმატებაზე, განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე სტუდიის დამფუძნებლებს ირაკლი დარჩიას და გიორგი ბეკურაშვილს ვესაუბროთ. ამბობენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი – დამკვეთების დიდი ნდობა მოიპოვეს. ასევე, ჩამოაყალიბეს ძლიერი, ეფექტური, და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.

პარალელი“ სულ ახალი შექმნილი იყო, როცა ირაკლი დარჩია და გიორგი ბეკურაშვილი ამბობდნენ, რომ ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში, უმნიშვნელოვანესია თანამედროვე გამოწვევებისთვის ფეხის აწყობა და მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია არქიტექტურულ იდეებისთვის. მათი ეს დამოკიდებულება დღესაც უცვლელია.

„მიზანი, რომელიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორი იყო და იქნება, ვთვლით, რომ უდავოდ შევასრულეთ. ამას, „პარალელის“ სერვისებზე სწრაფად მზარდი მოთხოვნაც ადასტურებს“. 

სამაგიეროდ, შეიცვალა თავად სფერო და პრიორიტეტები ინდუსტრიაში.

ირაკლი დარჩია: თუმცა, იმის გამო, რომ გლობალურად ვიზუალიზაციის სფერო უკვე ახალი აღარ არის, რადიკალური ცვლილებები მცირეა. მაგრამ, მაინც, ბოლო წლებში, აქტიურად ვითარდება მაღალტექნოლოგიური პროდუქტები: AR და VR ინტერაქციული ვიზუალიზაცია. პარალელშიც“ მაქსიმალურად ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ განვითარებას და საქართველოშიც დავნერგოთ ეს სერვისები.

მოდით, პირველ რიგში, „პარალელის“ წარმატებაზე ვისაუბროთ, თქვენი სტუდიის ნამუშევარი საერთაშორისო ვიზუალიზაციის პლატფორმა Vwartclub-ის 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესოთა ათეულში მოხვდა . . .

გიორგი ბეკურაშვილი: დიახ, ასეა. ეს ჯილდო ჩვენმა ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო ნამუშევარმა მიიღო, რომელიc Laboratory of Architecture#3-ის პროექტისთვის შევასრულეთ. vwartclub, არქიტექტურული ვიზუალიზაციის სფეროში, მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი რეპუტაციის მქონე პლატფორმაა. 2021 წლის განმავლობაში, ამ პლატფორმაზე მსოფლიოს საუკეთესო 3D ვიზუალიზატორთა 10000-ზე მეტი რენდერი გამოქვეყნდა. VisualWander2021 წლის მთავარი,შემაჯამებელი, ნომინაცია იყო და შესაბამისად ამ სიის TOP 10-ში მოხვედრა, ჩვენთვის, ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა. ეს, თავისთავად, ნიშნავს, რომ პარალელის ნამუშევრების ხარისხი, კომპანიის დაარსებიდან დღემდე, მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკვე საერთაშორისო საზოგადოების დიდი ყურადღებაც მიიპყრო.

ახლა იმ პროექტებზე გვიამბეთ, რომლებზეც ამ 2 წლის განმავლობაში მუშაობდით

ერთ-ერთი „მზიურის“ ხიდია, რომლის ავტორიც არის ჩვენი მეგობარი არქიტექტურული კომპანია NS STUDIO.

გარდა ამისა, ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს მსოფლიოში ცნობილ, იტალიური სანათების მწარმოებელ კომპანიასთან NEMO. ამჟამად, რამდენიმე ძალიან მასშტაბურ პროექტზე ვმუშაობთ, რომლებსაც უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას.

ამ პროექტებზე მუშაობამ, საშუალება მოგვცა, ქართულ ბაზარზე წამყვანი პოზიცია დაგვეკავებინა. დღესაც, ისევე როგორც კომპანიის გახსნის მომენტში, მომხმარებელს უპირობოდ მაღალი ხარისხის სერვისს და მათი ყველაზე ამბიციური იდეების საინტერესო ციფრულ გამოსახულებებად გარდაქმნას ვთავაზობთ.

ამ გზაზე, ალბათ, იყო ბევრი სირთულეც. როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა? 

„პარალელის“ დაარსების მომენტში, საქართველოში არც ერთი არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდია არ ოპერირებდა. მაგალითსაც კი ვერავისგან ავიღებდით. 

ჩვენი გზა სიბნელეში ხელების ცეცებას ჰგავდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები კი, ჩვენივე შეცდომები იყო, რომლებიც გამოვასწორეთ და ძვირფას გაკვეთილებად ვაქციეთ.

გარდა ამისა „პარალელის“ შექმნა COVID პანდემიის დაწყებას დაემთხვა, რომელმაც როგორც ყველას, ისე ჩვენც, მნიშვნელოვანი სირთულეები შეგვიქმნა.

რა სირთულეები იყო ძირითადად და ამ შემთხვევაში როგორ მოახერხეთ ადაპტაცია?

ირაკლი დარჩია: დასაწყისში, ყველაზე დიდი სირთულე „ლოქდაუნი“ და დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა იყო, რასაც დაკვეთების მნიშვნელოვანი კლება მოჰყვა. თუმცა, ჩვენი კომპანია არ ითვლის ათეულობით თანამშრომელს, ამიტომაც საშუალება მოგვეცა, მარტივი და მოქნილი გადაწყვეტილებები მიგვეღო. სისტემებისა და მეთოდების ნაწილს, რომლებიც „ლოქდაუნისას“ დავნერგეთ, დღემდე წარმატებულად ვიყენებთ.

ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია კომენდანტის საათის შემოღებამ ქვეყანაში. იმ პერიოდში, დამეთანხმებით, თითქმის, შეუძლებელი იყო, საკუთარი თავისთვის დროის დათმობა. ეს სირთულეც შესაძლებლობად ვაქციეთ. მართალია, კომენდანტის საათი უკვე დიდი ხნის გაუქმებულია, მაგრამ ჩვენთან, სამუშაო დღე, დღემდე დილის 08:00 საათზე იწყება და მხოლოდ 17:00 საათამდე გრძელდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ 2 წლის განმავლობაში ვისწავლეთ, ალბათ, იმის გააზრება იყო, რომ გამოწვევებისა და სირთულეების არ უნდა გვეშინოდეს. იყო ისეთი მომენტები როცა, ერთი შეხედვით, გადაულახავი წინაღობების წინ ვიდექით, მაგრამ ჩვენივე გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითქმის არ არსებობს დაუძლეველი სირთულე.

ახლა რა ვითარებაა ბაზარზე? „პარალელს“ რა უპირატესობები აქვს? 

გამიჭირდება, გითხრათ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ქართულ ბაზარზე  კონკურენტები არ გვყავს. გლობალური მასშტაბით კი, რა თქმა უნდა, კონკურენტი ბევრია, მაგრამ ესეც, ჩვენთვის გამოწვევაა, რომელსაც დიდი აზარტითა და ინტერესით მივიღებთ.

მოდით, ახლა „პარალელის“ გუნდზე ვისაუბროთ, რომლის ძირითადი ნაწილი საქართველოშია, მაგრამ აქტიურად თანამშრომლობთ უცხოელ სპეციალისტებთან . . .

გიორგი ბეკურაშვილი: მართალია, ჩვენს გუნდს უცხოელი სპეციალისტებიც ავსებენ, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან, როგორც უკვე ვახსენეთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უცხოელი კოლეგების გამოცდილებას.

„პარალელი“ რომ შეიქმნა, მაშინ ამბობდით, რომ ბევრ რამეს შეცვლიდით ბაზარზე, დამკვეთებისთვის. დღევანდელი გადასახედიდან როგორ უყურებთ, რა შეიცვალა? 

პირველ რიგში, ერთგვარ სტანდარტად აქცია მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური ვიზუალიზაცია.

ჩვენმა პროდუქტმა, არქიტექტურულ კომპანიებს საშუალება მისცა, თავიანთი იდეები მაქსიმალური სიზუსტით გადაეცათ მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის. სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს კი, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, გაეზარდათ გაყიდვების ტემპი.

სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენ შექმნილ კონტენტს ყველა სოციალური მედიის ალგორითმი ზემოთ სწევს და ერთ-ერთ მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ირაკლი დარჩია: „პარალელი“ უკვე აქტიურადაა ორიენტირებული საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებაზე, რაც დღეს, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. პარალელურად, ვმუშაობთ ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ვამუშავებთ რამდენიმე ძალიან საინტერესო სიახლეს, რომლებსაც უახლოეს მომავალში გავაცნობთ ფართო აუდიტორიას.

[R]

კერნელი — პლატფორმა ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციების გაციფრულებისთვის

რა მიაჩნიათ Dunkin’-ის წარმატების საიდუმლოდ?