in

“პირველი არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდია საქართველოში” – Paralel • პარალელ

დღესდღეობით ჩვენ ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში გვიწევს ცხოვრება და ამ სამყაროში არაფერია ისე მნიშვნელოვანი, როგორც თანამედროვე გამოწვევებთან ფეხის აწყობა. რასაკვირველია, ეს ეხება არქიტექტურულ იდეებსაც, რომლებსაც კარგი/მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია სჭირდება. ამგვარი ვიზუალიზაცია ეხმარება როგორც იდეის ავტორს – მიიღოს რელევანტური ფიდბექი, ისე კლიენტს – ზუსტად იცოდეს, თუ რა დახვდება გარკვეული პერიოდის შემდეგ თხრილის ადგილას. არქიტექტურული ვიზუალიზაციის ქართული სტუდია პარალელი სწორედ ამ საქმიანობას ეწევა. პროექტის ვიზუალიზაციის მნიშვნელობაზე, ზოგადად საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Paralel-ის დამფუძნებლებს, ირაკლი დარჩიასა და გიორგი ბეკურაშვილს გავესაუბრეთ.

BOG
BOG

M: მოგვიყევით სტუდია „პარალელის“ შესახებ – დეტალურად აღგვიწერეთ, რას საქმიანობს ეს სტუდია..

პარალელი პირველი ქართული არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდიაა, რომელმაც თავისი ინოვატორული მიდგომიდან გამომდინარე, შექმნა ახალი განხრის სამუშაო ადგილები, გააერთიანა გაფანტული ნიჭიერი ახალგაზრდები და ვიზუალიზაციის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება დაიწყო. კომპანია ჩამოყალიბებულია ვიზუალიზაციის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორების მიერ. ჩვენს გუნდს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ვიზუალიზაციის შექმნა: არქიტექტურული ანიმაცია, 360 გრადუსიანი პანორამული რენდერები, ინტერაქტიული VR ინტერიერები და სხვა.

M: საიდან გაჩნდა ამ სტუდიის შექმნის იდეა?

 ჩვენ ვართ 3D ვიზუალიზაციის სპეციალისტები, “რენდერმენები” – ასე ვეძახით საკუთარ თავს. ამ სფეროსადმი ინტერესი ორივეს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, დაახლოებით 9-10 წლის წინ გაგვიჩნდა. ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიაში თითქმის ერთდროულად დავიწყეთ მუშაობა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩვენი პროფესიული თანამშრომლობა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფრილანსერობის სახით მიმდინარეობდა, გასულ წელს კი, ერთ-ერთი დიდი პროექტის შესრულების შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა კომპანია “პარალელი”.

M: როგორ ფიქრობთ, რა საკითხების გამარტივებაზე ზრუნავს ეს სტუდია? რომელ პრობლემებს ჭრის? და რა სარგებელი მოაქვს როგორც არქიტექტორისთვის, ისე – კლიენტისთვისაც?

არქიტექტურული პროექტების უმრავლესობის განხორციელებას წლები სჭირდება, არქიტექტორისთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, მიიღოს დროული ფიდბექი თავის ნამუშევართან დაკავშირებით, ხოლო ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა დახვდება მათ სამშენებლო თხრილის ნაცვლად წლების შემდეგ. აუდიტორიას პირველი შეხება კონცეფციასთან აქვს ჩვენი ნამუშევრების საშუალებით, რაც  დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას სწორი მოლოდინი შევუქმნათ. სწორედ ამის საშუალებას იძლევა მაღალი დონის არქიტექტურული ვიზუალიზაცია.

M: როგორ ფიქრობთ, რა ვითარებაა დღეს პროექტების ვიზუალიზაციის კუთხით ბაზარზე და ზოგადად რატომაა საჭირო კარგი, მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია?

საქართველოში ეს სფერო ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. მოთხოვნა თანდათან იზრდება და ჩვენი სტუდიაც აქტიურად თანამშრომლობს იმ კომპანიებთან, რომელთაც სურთ, მიიღონ პროფესიონალური არქიტექტურული ვიზუალიზაციის მომსახურება.

თუ დავაკვირდებით საერთაშორისო პრაქტიკას, ვნახავთ, რომ მსოფლიოს უდიდესი და ცნობილი არქიტექტურული კომპანიები მაგ: Gensler, Chipperfield arcitects, UN Studio, Foster და უამრავი სხვა, რენდერებს მუდმივად ისეთ მაღალი დონის არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდიებს უკვეთავენ, როგორებიცაა: tomorrow, mir.no. რა თქმა უნდა, “პარალელის” მიზანია, მალე კომპანიის სახელი ამ გლობალური მოთამაშეების გვერდით ვიხილოთ.

M: რა ეტაპზეა ამჟამად სტუდია „პარალელი“?

არც ისე დიდი ხანია, რაც ბაზარზე ვოპირირებთ, უკვე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ორგანიზაციულად გამართვის შემდეგ, რამდენიმე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური მიმართულების დანერგვა მიმდინარეობს კომპანიაში, რომლებიც ახლო მომავალში რეალიზდება.

პარალელის ბოლოს შესრულებული და გამორჩეული პროექტია მზიურის ხიდის ვიზუალიზაცია, რომლის არქიტექტურის ავტორია NS STUDIO. აღნიშნული ხიდი, მზიურის პარკს და საბურთალოს აკავშირებს ერთმანეთთან.

 M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით ახალი სტანდარტის დამყარებას ვცდილობთ და, ვფიქრობთ, რომ მალევე ქვეყნის ფარგლებსაც გაცდება კომპანიის მუშაობა, რისთვისაც შესაბამისი რესურსი არსებობს. სტუდია გააგრძელებს განვითარებას, რათა ვაკმაყოფილებდეთ არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარსაც.


პარალელის გუნდი: ირაკლი შუბაშიკელი, გიორგი ჩახვაშვილი, ნიკა ყიფშიძე, ანდრეი გრიცენკო, გიორგი ბეკურაშვილი, ირაკლი დარჩია.

 

[R]

ბრილიანტის სამკაულის ქართული ბრენდი “ლიმერენსი”, რომლის ბრენდინგზე სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა

ელექტრიფიცირებული თავგადასავალი – Mongoose-ის რეკლამა