in

პარალიზებულ ადამიანებს წარმოსახვითი ხელწერით საუბარი შეუძლიათ

მამაკაცმა წუთში 90 სიმბოლოს აკრეფა შეძლო

ექსპერიმენტულმა მოწყობილობამ, რომელიც ფიქრებს ტექსტად აქცევს, უბედური შემთხვევის შედეგად პარალიზებულ მამაკაცს საშუალება მისცა, საკუთარი აზრები გამოეთქვა. მან ტექსტის კომპიუტერზე აკრეფა 95% სიზუსტით შეძლო და ამისათვის მხოლოდ იმის წარმოდგენა დასჭირდა, რომ ფურცელზე სასურველ ტექსტს წერდა.

“ჩვენდა გასაოცრად, მას წუთში 90 სიმბოლოს აკრეფა შეუძლია” – ამბობს კრიშნა შენოი სტენფორდის უნივერსიტეტიდან. მოწყობილობა ყველაზე სასარგებლო მათთვის იქნება, ვინც ვერ მოძრაობს და საუბრობს. ასევე, დოქტორი ჯეიმი ჰენდერსონის, სტენფორდის ნეიროქირურგისა და კვლევის თანაავტორის, თქმით, მოწყობილობას გარკვეული დაზიანებების მქონე კომპიუტერული პროგრამისტებიც გამოიყენებენ, რათა სრულფასოვნად დაუბრუნდნენ სამუშაოს.

მამაკაცი, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა, რამდენიმე წლის წინ გახდა პარალიზებული. იგი, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, დათანხმდა, მონაწილეობა მიეღო ექსპერიმენტული სისტემის შესწავლაში, სახელწოდებით, BrainGate2.

სისტემა ელექტროდებს ეყრდნობა – ისინი ქირურგიულად უერთდება ტვინის იმ ნაწილს, რომელიც მოძრაობას აკონტროლებს. წინა კვლევებში მონაწილეებმა წარმოდგენის საფუძველზე კომპიუტერის კურსორისა თუ რობოტული მკლავის მოძრაობა ისწავლეს.

ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეცნიერებმა მამაკაცს წერილის წერის ვიზუალიზაცია დაავალეს. კომპიუტერი კი, მის ტვინში ელექტროენერგიის აქტივობას აკონტროლებდა. საბოლოოდ, კომპიუტერმა აქტივობის მკაფიო ნიმუშის დეკოდირება ისწავლა, რომელიც ანბანის ყველა ასოსა და რამდენიმე სიმბოლოსთან ასოცირდება.

“ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომელი ასოს დაწერა სურს ადამიანს – ა, ბ თუ გ. შემდეგ ის ეკრანზე გამოჩნდება და შედეგად, ერთიანი წინადადებები იქმნება” – ამბობს შენოი. საგულისხმოა, რომ წინა ექსპერიმენტებში ეს ტექნიკური მხარე სხვაგვარად იყო გადაწყვეტილი – მონაწილეებს შემოთავაზებული ასოებიდან უნდა აერჩიათ, რომელი მათგანი უნდა აკრეფილიყო… თუმცა ეს მიდგომა გაცილებით ნელა მუშაობდა, ვიდრე წარმოსახვითი წერა.

ამასთან ერთად, პარალიზებულ მამაკაცს დაუყოვნებლივ შეეძლო დასმულ კითხვებზე რეაგირება, ყველაფერი მხოლოდ მისი გონების სისწრაფეზე იყო დამოკიდებული. “ის ამით საკმაოდ აღფრთოვანებული იყო”. 

აღსანიშნავია, რომ გუნდის წარმატება – წარმოსახვითი ხელნაწერის გაშიფვრა უახლეს წინსვლას წარმოადგენს კომპიუტერების ადამიანის ტვინთან დაკავშირების ასპექტში. “ამ კონცეფციას 10 წლის წინ გავეცანი და ვფიქრობდი, ეს ძალიან დიდი სამეცნიერო ფანტასტიკა იყო. დაახლოებით 5 წლის შემდეგ კი, ცხადი გახდა, რომ ეს სულაც არ ყოფილა ფანტასტიკის სფერო. ამიტომ, პროგრესი სახეზეა” – ამბობს ჯონ ნგაი, National Institutes of Health’s BRAIN Initiative-ის ხელმძღვანელი, რომელმაც კვლევის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

Tesla-ს მანქანების ბიტკოინით შეძენას ვეღარ შეძლებთ!

ქართველი ინტერიერის დიზაინერები პლატფორმაზე – Livo.ge