in

„პარაშუტი“ – შემეცნებითი გადაცემა, რომელსაც სტუდენტები ახალგაზრდებისთვის ქმნიან

„გონება პარაშუტივითაა, თუ არ გახსნი, არ მუშაობს“ – ამბობდა მე-20 საუკუნის, ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი ფრენკ ზაპა. პარაშუტის გახსნას, დიდი გამბედაობა სჭირდება, გამბედაობა კი ყველაზე რთული მაშინ უნდა იყოს, როცა გონების ამუშავებაზეა საუბარი. ზაპას ეს სიტყვები სტუდენტური გადაცემა „პარაშუტის“ შემქმნელებისთვის კარგი ინსპირაცია აღმოჩნდა – გაჩნდა იდეა, სახელი და საქმე, რომელსაც 1 თვეზე მეტია, ქმნიან.

„გადაცემა „პარაშუტი“ არის ადამიანებისთვის, ვისთვისაც დინების საპირისპიროდ ცურვა გამოწვევაა, ვინც გაბედა და გაფრინდა ან გაფრინდება, ვინც არის განსხვავებული რაკურსის ძიებაში, ვისაც ერთხელ მაინც დაუყენებია ეჭვქვეშ სამყაროს კლასიკური მოცემულობა, ვინც სვამს კითხვებს, ბევრ კითხვას და რაც მთავარია არ ეშინია პასუხების, ახალ კითხვებს რომ აჩენენ. სახელის ინსპირაცია მოგვცა ფრენკ ზაპამ, ლოგოს ინსპირაცია კი და ვინჩის პარაშუტის ესკიზი გახდა“, – ამბობს გადაცემის პროდიუსერი ქეთი მიქანაძე.

„პარაშუტი“-ს ლოგო და მთავარი გზავნილი, გრაფიტი თბილისში, by George Gamez

„პარაშუტი“ თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის ბაზაზე, მათი სტუდენტებისთვის შეიქმნა, რომ სწავლის პარალელურად, პრაქტიკული საქმიანობის საშუალება ჰქონდეთ. გადაცემა რამდენიმე, სხვადასხვა თემატიკის რუბრიკისგან შედგება.

ქეთი მიქანაძე: „პარაშუტი“ თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. კოლეჯი უკვე 32 წელია, არსებობს და მედიის მიმართულებით პროფესიონალებს ამზადებს. მისი პირველი კურსდამთავრებულები არიან: სალომე დადუნაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ვასიკო ოდიშვილი, ეკა ტოგონიძე და სხვები. კოლეჯი, წლების განმავლობაში, ამზადებდა სტუდენტურ სატელევიზიო გადაცემას „ზუმი“, რომელიც ახლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადიოდა. სატელევიზიო ფორმატის გადაცემა კოლეჯის სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლისა და პროფესიაში დახელოვნების საუკეთესო საშუალებაა. „პარაშუტზე“ მუშაობა, დაახლოებით, 1 წლის წინ დავიწყეთ. ბევრი მსჯელობისა და კამათის შემდეგ, ჩამოვყალიბდით დღევანდელ ფორმატზე. გვინდოდა, თანამედროვე ტენდენციებზე მაქსიმალურად მორგებული და რაც მთავარია, შემეცნებითი ყოფილიყო. ციფრულ სამყაროში, სადაც ყველაფერი დინამიკურია, გადავწყვიტეთ, გადაცემა პატარ-პატარა რუბრიკებზე აგვეწყო, რომლებიც შეიძლება, „სმარტფონშიც“ ნახოთ, თუნდაც, სახლიდან სამსახურში მიმავალმა.

უფრო მეტი მოგვიყევით „პარაშუტის“ შესახებ . . .

ეს არის ყოველკვირეული გადაცემა, რომელიც ყოველ კვირას, 21:30 წუთზე გადის პირდაპირ ეთერში,  „პარაშუტის“ Facebook გვერდზე. გადაცემა უკვე 12 რეგიონული ტელევიზიის ეთერში გადის. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორი რამ – ერთი ის, რომ რეგიონული ტელევიზიის მაყურებლების ახალგაზრდული სეგმენტი მოვიყვანოთ ტელეეკრანთან და შევთავაზოთ, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესო სატელევიზიო პროდუქტი და მეორე – რეგიონებში ახალგაზრდებმა გაიგონ, რომ კოლეჯში სწავლის შემთხვევაში მათ ექნებათ გადაცემა  „პარაშუტის“ მომზადებაში ჩართვის შესაძლებლობა. „პარაშუტის“ მომზადებაში ჩართული არიან არა მხოლოდ ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები, არამედ საოპერატორო, სარეჟისორო, ვიდეო მონტაჟისა და გრაფიკის პროგრამის სტუდენტებიც.

რას აძლევს „პარაშუტი“ თქვენი კოლეჯის სტუდენტებს, მაყურებელს? 

ეს მათთვის უნიკალური შანსია, სწავლის პარალელურად, შეიქმნან მდიდარი  პორტფოლიო და მიიღონ გამოცდილება. გარდა ამისა, გადაცემა მთლიანად არის შემეცნებითი, საგანმანათლებლო და ემსახურება ახალგაზრდებში ზოგადი თუ პროფესიული განათლების დონის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

გადაცემა „პარაშუტი“ ახალი სეზონიდან ეთერში უფრო მრავალფეროვანი რუბრიკებითა და საინტერესო თემებით გავა. გეგმაშია რამდენიმე პროექტის დამატებაც.

 

დაგველოდე, სადაც არ უნდა იყო – Mymarket-ის ახალი დაპირება

რას შესთავაზებენ ქართულ ბაზარს „სილქნეტი“ და SAS-ი – მსოფლიო ლიდერი მომხმარებლის მონაცემთა ანალიტიკის სფეროში