23
Oct
2019

პარიზის ოლიმპიური თამაშების ახალი ლოგო და ასოციაციები

23 Oct 2019

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის შექმნილ ლოგოს, სოციალურ მედიაში, არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა – კრიტიკაც და ქებაც დაიმსახურა. ლოგო, შინაარსობრივად, სიმბოლოებითაა დატვირთული, რომელიც ვიზუალურად, ოლიმპიური ცეცხლით, ოქროს მედლითა და მარიანას თმითა და ტუჩებით – საფრანგეთის ეროვნული სიმბოლოთია გამოხატული.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ახალ ვიზუალურ იდენტობაში გაერთიანებულია როგორც საფრანგეთის, ისე ოლიმპიური თამაშების საკულტო სიმბოლოები, რომელიც ღირებულებებისა და ისტორიის ვიზუალური წარმოჩენაა.

მაგალითად, 1900 წელს, ოლიმპიურ თამაშებში ქალებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა, მარიანა კი, თავის მხრივ, მათს პატივისაცემადაც აღმოჩნდა ლოგოზე.

გარდა ამისა, 1924 წელს, პარიზისთვის ბოლო წელი იყო, როცა ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა და სწორედ ის შრიფტია გამოყენებული ამჟამინდელ ლოგოზე, რომელიც იმ დროს იყო პოპულარული.

ლოგოს, რომელსაც პირველად გამოიყენებენ როგორც ოლიმპიური, ისე პარაოლიმპიური თამაშებისთვის – შესაქმნელად წელიწად-ნახევარი დასჭირდა.

საზოგადოების რეაქციები:
საერთაშორისო გამოხმაურებებიდან, ყველაზე ხშირად, ლოგო გაცნობის აპლიკაცია Tinder-სა და

თმის სალონს შეადარეს: „2024 წელს, პარიზში ახალი თმის სალონი გაიხსნება“, – წერენ მომხმარებლები.

ჩვენი მხრივ, აზრი გრაფიკულ დიზაინერ ლაშა გიორგაძეს მოვკითხეთ: „იდეაში, ცუდად შესრულებული არ არის, მაგრამ ოლიმპიადასთან ასოციაციას, მაინცდამაინც, ვერ იწვევს. შრიფტი განსხვავებული და საოლიმპიადეა, თან ისეთი, რომ  გამახსოვრდება. ზოგჯერ არის, რომ ლოგო იდეურად, ტექნიკურად სწორად არის შესრულებული, მაგრამ ხედავ და არ მოგწონს. ასე რომ, მხოლოდ სიმბოლოების ჩადება საკმარისი არ არის და ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ვიზუალი თემატურად ცოტათი ცდება საკუთარ არსს“.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის შექმნილი ლოგო პირველი არაა, რომელმაც მასშტაბური კრიტიკა დაიმსახურა. ლონდონის 2012 წლის დიზაინისაც არანაკლები შეფასება ხვდა წილად.

განხილვა