Park Resort Tskaltubo ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც წყალტუბოს ცენტრში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსის მთავარი მიზანი ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა და პროექტის ავტორების შეფასებით ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია რეგიონში, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე წყალტუბოს, როგორც უნიკალური, ბუნებრივი რესურსების მქონე დასასვენებელი კურორტის პოზიციონირებას უწყობს ხელს.
“კომპლექსის სრული რებრენდინგი 2019 წელს განხორციელდა, როცა სასტუმროსა და გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს, რესტორანი “მაგნოლია” დაემატა. Park Resort Tskaltubo-ს სახით გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, სადაც სტუმარი შეძლებდა ერთმანეთისთვის იდეალურად შეეთავსებინა მკურნალობა და დასვენება, ბუნებასთან ახლოს, მშვიდ და სასიამოვნო გარემოში.”
რა სერვისებით სარგებლობაა შესაძლებელი საკურორტო კომპლექსის ფარგლებში და რა პერსპექტივა აქვს ტურიზმის ამ მიმართულებას საქართველოში? მარკეტერმა ამ და სხვა კითხვებით Park Resort Tskaltubo-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერს, გიორგი სანიკიძეს მიმართა.
M: რამდენად პოპულარულია საქართველოში სამედიცინო ტურიზმი?
სამედიცინო ტურიზმი საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, რომელიც თანდათან ჩვენს ქვეყანაშიც პოპულარული ხდება. ეს შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია, რომლის ხელშეწყობაც, ვფიქრობთ, პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველოს ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია და გამორჩეულია უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტებით, რომლებსაც თავის მხრივ, პაციენტებისთვის სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით მომსახურების გაწევა შეუძლიათ.
რაც შეეხება წყალტუბოს, ის ყოველთვის ითვლებოდა მსოფლიო მნიშვნელობის ერთ-ერთ უნიკალურ კურორტად, რომლის შესახებ ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში იყო ცნობილი. წყალტუბო იმ უიშვიათესი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა დაგეგმარება და განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა. აქ ხელოვნურად გააშენეს 150-ზე მეტი განსხვავებული სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული კულტურა, რომელიც წყალტუბოს დღემდე მწვანე ქალაქად აქცევს.
M: მოდით, შევაჯამოთ ყველა ის ბენეფიტი, რასაც დამსვენებელი Park Resort Tskaltubo-ში მიიღებს…
Park Resort Tskaltubo არის ადგილი, სადაც მკურნალობა, გაჯანსაღება და დასვენება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, სადაც დილით სიმშვიდით და 80 ჰექტარზე გადაჭიმული პარკის სიმწვანით დატკბებით, შუადღით ჩვენს სამკურნალო, გამაჯანსაღებელ პროცედურებს ჩაიტარებთ, საღამოებს კი ჩვენს რესტორანში, სასიამოვნო გარემოში გაატარებთ. თუმცა, ამ ადგილის მთავარი საყრდენი ის პროფესიონალი, გამოცდილი სამედიცინო კადრებით დაკომპლექტებული კოლექტივია, რომლებიც სტუმრების ჯანმრთელობაზე მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ზრუნავენ.
M: გამაჯანსაღებელი მიმართულებით, რა სერვისებით არის შესაძლებელი თქვენს ცენტრში სარგებლობა?
Park Resort Tskaltubo-ს შემადგენლობაშია ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი – Be Healthy, სადაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განტვირთვა და სასიამოვნო დასვენება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კომპლექსში, სტუმრებს საშუალება აქვთ პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ იმკურნალონ უნიკალური, თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით, ისარგებლონ უახლესი ფიზიო აპარატურით, მიიღონ კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია და ჩაიტარონ მრავალფეროვანი სარელაქსაციო, სპა პროცედურები.
რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიმართულება ბალნეოლოგიური პროცედურებია, რადგან წყალტუბოს მინერალური წყალი გამორჩეულია თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და მსოფლიოში ძნელად მოეპოვება ანალოგი. მისი ბუნებრივი ტემპერატურა წლის ნებისმიერ დროს 33-35 გრადუსია. რადონულ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და ჯამში 60-მდე დაავადებას კურნავს. განსაკუთრებით ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სამკურნალოდ, გინეკოლოგიური და უროლოგიური პრობლემების, კანის სხვადასხვა დაავადებების დროს. სამკურნალო პროგრამა შეირჩევა ინდივიდუალურად, ჩვენთან მოსული პაციენტი, თავდაპირველად, გადის კონსულტაციას დარგის სპეციალისტთან და უკვე შემდეგ განისაზღვრება კონკრეტული კურსი, მდგომარეობიდან გამომდინარე. საჭიროების მიხედვით, მეტი ეფექტურობისთვის პროცესში ერთვება დამატებით სხვა სამკურნალო პროცედურები, მაგალითად, ხერხემლის ჰორიზონტალური წყალქვეშა დაჭიმვა, შარკოს, ცირკულარული და აღმავალი შხაპები, წყალქვეშა მასაჟი, ტალახის სამკურნალო აპლიკაციები და სხვადასხვა ფიზიო პროცედურები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბი ჰელსიში” შერწყმულია მრავალწლიანი სამეცნიერო სამკურნალო გამოცდილება და მსოფლიოში უახლესი მეთოდებით მკურნალობა ბალნეოთერაპიის მიმართულებით.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ბი ჰელსი” არის ადგილი, სადაც ჩვენი ყველა სტუმარი იპოვის მისთვის სასურველ პროცედურას, იქნება ეს გამაჯანსაღებელი, სახისა და სხეულის მოვლის თუ უბრალოდ სარელაქსაციო, სპა პროცედურები. ასევე, გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს კოსმეტოლოგიურ კაბინეტს, რომელიც მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ცენტრის სტუმრებში და გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის პრეპარატებით.
M: ვისთვის არის განკუთვნილი Park Resort Tskaltubo და რა მოქნილ პაკეტებს სთავაზობთ მომხმარებელს?
როგორც ვისაუბრეთ, ჩვენი მთავარი მიმართულება ბალნეოთერაპიაა, თუმცა, ძალიან გვინდა Park Resort Tskaltubo გავხადოთ ის ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის თუ ინტერესების მქონე ადამიანი მოძებნის მისთვის რაღაც საინტერესოს, დასვენების დღეებს სასარგებლოდ და ამავდროულად სასიამოვნოდ გაატარებს. ხშირად გვაქვს სხვადასხვა შეთავაზებები წყვილებისთვის, მეგობრებისთვის, მათთვის, ვისაც ყოველდღიური დამღლელი რუტინისგან გაქცევა სუფთა ჰაერზე, გამწვანებულ გარემოში სურს. ამ ყველაფერს თუ გამაჯანსაღებელ პროცედურებსაც დავუმატებთ, ვფიქრობ იდეალური ვიქენდის სურათს მივიღებთ. გვაქვს როგორც სამკურნალო (ხერხემლის, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები), ასევე სარელაქსაციო პაკეტები, აქტიურია წონის საკორექციო და დეტოქს პროგრამებიც, რომლებიც კვალიფიციური ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.
M: თქვენ ახსენეთ, რომ კომპლექსში შედის ქართულ-ევროპული რესტორანი…
“მაგნოლიას” ისტორია ჯერ კიდევ 50-იან წლებში იწყება, როცა თბილისში მოღვაწე იტალიელი მშენებლის, კარლო მორეტის ხელმძღვანელობით, წყალტუბოში “კაფე მაგნოლია” დაპროექტდა. ეს იყო ადგილი, რომელიც აერთიანებდა ოჯახურ, მეგობრულ შეკრებებსა თუ უბრალოდ დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს. უფუნქციოდ დარჩენილ შენობას, 2019 წელს, ბ-ნ ბადრი კაკაბაძის და მისი მეუღლის, ქ-ნ ნატა ტურაბელიძის დახმარებით, ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მისი სახით, კიდევ ერთი გამორჩეული ადგილი შეემატა ჩვენს კურორტს.
თანამედროვე დიზაინითა და კლასიკური ელემენტებით გაჯერებული კომპლექსი, დღეს უკვე რესტორანს, ტერასას, სადღესასწაულო დარბაზსა და საკონფერენციო სივრცეს აერთიანებს, ჯამში კი, ერთდროულად, 400-მდე სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. “მაგნოლია” წარსულის ისტორიისა და აწმყოს, ტრადიციის და თანამედროვეობის სინთეზია, შესაბამისად, აქ მოსულ სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს როგორც ტრადიციული ქართული, ასევე ევროპული სამზარეულო, აღმოაჩინოს ახალი გემოები, ისიამოვნოს ცოცხალი მუსიკით, აღნიშნოსგამორჩეული მომენტები ჩვენთან და გახადოს მისი დღე ოდნავ უფრო განსაკუთრებული.
M: რაც შეეხება Park Resort Tskaltubo-ს კომპლექსში შემავალ სასტუმროს…
ესაა Park Hotel Tskaltubo, რომელიც მოხმარებელს სთავაზობს 45 ნომერს, ხედით ცენტრალურ პარკზე, ლობი ბარსა და პატარა ტერასას. გვყავს ძალიან ბევრი მუდმივი პაციენტი, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიან და იტარებენ ჯერ სამკურნალო და შემდეგ უკვე პროფილაქტიკურ კურსს. გვაქვს ადაპტირებული ოთახები, შშმ პირებისთვის, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი მათი კომფორტისა და საჭიროებისთვის.
სამკურნალო, ფიზიო პროცედურების ჩატარება სტუმრებს სასტუმროშიც შეუძლიათ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ განკარგულებაშია ჩვენი ბალნეოლოგიური ცენტრი, სადაც ჩვენს სტუმრებს ექსკლუზიური ფასები აქვთ. ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმულია, როცა ვხედავთ, რა მდგომარეობაში ჩამოდის პაციენტი და როგორი შედეგებით ბრუნდება უკან. წყალტუბოში სამედიცინო ყავარჯნებისა და ხელჯოხების უნიკალური მუზეუმი არსებობს, სადაც მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, ბევრი პაციენტი ტოვებდა თავის დამხმარე საშუალებებს. მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია ადგილები, სადაც მსგავსი თვისებების თერმული წყლებია, ფასები კი ჩვენთან გაცილებით დაბალია – ეს არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში, ჩვენთან ჩამოდიან.
M: რა გამოწვევები დგას დღეს სამედიცინო ტურიზმის წინაშე საქართველოში? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მიმართულების განვითარება?
სამკურნალო ტურიზმის განვითარებას აფერხებს არასაკმარისად განვითარებული ინფრასტრუქტურა, მაგალითად, მაღალმთიან რაიონებში, სადაც ძირითადად კლიმატური კურორტებია განლაგებული. ასევე, საყურადღებოა ტრანსპორტის მხრივ არსებული პრობლემები. საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალის შესახებ არ არსებობს სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა. ნაკლებია ცნობადობა და წვდომა იმ სერვისებზე, რისი მიღებაც მომხმარებლებს აღნიშნულ კურორტებზე შეუძლიათ. ასევე, ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს ნაკლებად სთავაზობს.
სწორი პოზიციონირების პირობებში, სამედიცინო ტურიზმს საკმაოდ დიდი რაოდენობით როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტის მოზიდვა და ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. მსგავსი პროექტების განვითარება კი, თავის მხრივ, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და დადებითად აისახება ზოგადად რეგიონალური ტურიზმის განვითარებაზე.
[R]