„GIPA-ში პიარის ლექციიდან მიღებულმა შთაბეჭდილებამ, სადაც სტარტაპერები გვიყვებოდნენ თავიანთ იდეებზე, გვიბიძგა, ფიქრი დაგვეწყო რაიმე ღირებულისა და რაც მთავარია, საერთოს შექმნისკენ, რადგან ბავშვობიდან ვუზიარებდით ერთმანეთს ყველა ბრწყინვალე მომენტსა თუ წარმატებას და სულ გვინდოდა, მეგობრობის გარდა, საქმიანი ურთიერთობაც გვქონოდა. სწორედ ეს გახდა იდეის გაჩენისა და განხორციელების მთავარი მოტივი და 2017 წლის ზაფხულში, სადიპლომო ნამუშევრის ჩაბარების დღე დასრულდა ფერადი სანდლების ისტორიის დასაწყისით“ – ფეხსაცმელების ქართული ბრენდის, „პარკერის“ ავტორები 22 წლის კატო ალანია და მარიამ მეტრეველი არიან, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებული სტიპენდიით დაწყებული სტრატაპის გამართლებას მიაწერენ ერთმანეთის აზრების მუდმივად გათვალისწინებასა და თითოეულის წარმატების საერთო სიხარულს. როგორია Parker Georgia-სთან დაკავშირებული წარსული, ამჟამინდელი და სამომავლო გამოწვევები? – ამას კატოსა და მარიამთან ინტერვიუდან შეიტყობთ:
„მხოლოდ დიდი სურვილი გახდა საფუძველი იმისა, რომ გავმხდარიყავით სტარტაპერები. დასაწყისში არ გვიფიქრია სანდლების გარდა სხვა რაღაცის კეთებაზე, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ მომხმარებელს შეაყვარა თავი პარკერებმა, მივხვდით, მეტის გაგეკეთებაც შეგვეძლო“.
M: როგორი იყო ბრენდინგზე მუშაობის პროცესი?
როდესაც მოულოდნელად გაჟღერდა „პარკერი“, სხვაზე აღარც გვიფიქრია, თანაც სახელი ყველასათვის საყვარელი ცნობილი მსახიობის, სარა ჯესიკა პარკერის გვარია და ამ ქალს თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და ფეხსაცმელების განსაკუთრებულ მოყვარულად მიიჩნევენ. მას თავისი, თუმცა ჩვენგან სრულიად განსხვავებული სტილის, ფეხსაცმელების ბრენდიც აქვს.Parker Georgia კი, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, მომავალში საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გამოჩენა ძალიან კარგი იქნება აღნიშნული ფორმულირებით. ბრენდინგზე, ისევე როგორც თითქმის ყველაფერზე, ჩვენ ვმუშაობდით და მთავარი კონცეფციაც სიმარტივესა და სისადავეშია, რაც ვფიქრობთ, ლოგოტიპითაც სწორად გამოვხატეთ.
M: როგორ, რა მასალით იკერება „პარკერის“ ფეხსაცმელები?
ფეხსაცმელები ძალიან გამოცდილი მკერავების მიერ ხელით მზადდება 100% ნატურალური მასალისაგან, რაშიც იგულისხმება ის, რომ ნებისმიერი ფეხსაცმელი იკერება ტყავის ზედაპირისა და სარჩულისაგან, ასევე ფეხსაცმლის ძირისთვის ვიყენებთ ისეთი ტყავის მასალას, „პადოშს“, რომელიც მთლიანად ცვლის ფეხსაცმლის ხარისხს.
M: რა არის ბრენდის მთავარი უპირატესობა?
ჩვენი უპირატესობა ხარისხი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე სრული ორიენტირებაა. ჩვენთვის მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია და კომპანიის ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯის უკან სწორედ მომხმარებელი დგას. დასაწყისში, ყველას ვაფრთხილებდით, რომ რაიმე ხარვეზის შემთხვევაში დაგვკავშირებოდნენ, რაც ძალიან სწორი მიდგომა აღმოჩნდა.
M: ვინ წარმოადგენს Parker-ის სამიზნე სეგმენტს?
სამიზნე სეგმენტი თავიდან განსაზღვრული გვქონდა იმ თეორიული ცოდნის საფუძველზე, რომელიც უნივერსიტეტში მივიღეთ. ვფიქრობდით, ჩვენი პროდუქცია საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის იყო გათვლილი და ასაკისა და ლოკაციის მიხედვით ვაკეთებდით ფეისბუკისა და ინსტაგრამის “ბუსთებს”. თუმცა, მალევე გაქრა ყველანაირი ზღვარი, რადგან ბავშვების, მოზარდებისა და უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან თითქმის ერთნაირი მოთხოვნაა ჩვენს პროდუქციაზე. დღეს, ჩვენი სამიზნე აუდიტორია გახდა ყველა, ვისაც უბრალოდ, ფერადი და ლამაზი ფეხსაცმელი მოსწონს.M: დღეს, რა გამოწვევების წინაშე დგას Parker Georgia?
ალბათ, ყველა სტარტაპერი დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე, მათ შორის, ჩვენც. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი გამოწვევა პროდუქციის ერთფეროვნებაა, რასაც, ვფიქრობთ, ძალიან მალე გამოვასწორებთ. ამასთან, ჩვენი მიზანია „პარკერის“ პროდუქციის საზღვარგარეთაც რეალიზება. დღეს, ხშირად ვდგავართ ფინანსური გამოწვევების წინაშეც, სწორედ ამიტომ, ვაპირებთ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას ცნობადობის გაზრდისა და მატერიალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად.